BREAKING

საზოგადოება

ისტორია, რომელიც 20 ლარით დაიწყო

ნინო ქარელი — ქალი, რომელმაც საყვარელი საქმე, ფანტაზია და შრომა ერთ ტკბილ ისტორიად აქცია. სამი შვილის დედა, მეწარმე და „კიკისის“ დამფუძნებელი — შემოქმედი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ორგანიზებული ქალი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას მართავს.

— ნინო, რამდენიმე სიტყვით თქვენს შესახებ რომ გვიამბოთ?

მხოლოდ რამდენიმე სიტყვით?!
კი ბატონო — სამი შვილის დედა.

— და ცოტა ვრცლად?

უნდა განვმეორდე ,ისევ სამი შვილის დედა — ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ისტორიაა. ამის შემდეგ მოდის ოჯახი, სამი სამსახური და საკუთარი ბიზნესი. ეს კომბინაცია ბევრისთვის შეიძლება შეუძლებლად ჟღერდეს, მაგრამ ეს ჩემი ყოველდღიურობაა.

— ნინო, როგორ დაიწყო „კიკისის“ ისტორია?

ჩვენს ბავშვობაში, ხომ ტკბილეული ყველა ბავშვის ოცნება იყო, ჩვენ კი დედა მამალოებით ყველა დღე გვანებივრებდა.მერე მეც დავიწყე კეთება,”მამამლოს” დამზადების ტექნიკა ფაქტიურად ბავშვობიდან მომყვება.მოგვიანებით ,პირველად ჩემი შვილებისთვის ვცადე,ყოველ დღე ახალ ახალი იდეები მოდიოდა,ისე უხაროდათ ბავშვებს,ვიფიქრე ,რომ ეს მხოლოდ ჩვენი ისტორია არ უნდა ყოფილიყო და ასე გაჩნდა „კიკისი“.

— რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი ტკბილეული?

ჩემთვის ეს უბრალოდ ტკბილეული არ არის. თითოეულ ლოლიპოპში დევს ჩემი დრო, შრომა, ფიქრი და რაც მთავარია — გული. მთავარი ინგრედიენტი სიყვარული და სიფრთხილეა.
როცა შეკვეთას ვამზადებ, მასში ჩემი ემოციები გადადის, ამიტომ ვფიქრობ, ჩემი ლოლიპოპები მარტო ტკბილი კი არა — თბილიც არის. თითოეული უნიკალურია ვიზუალით, ვაფორმებ მარციპანის პატარა ფიგურებითა და საბავშვო წამახალისებელი სტიკერებით.
მინდა, ვინც ჩემს ლოლიპოპებს გასინჯავს, ცოტათი მაინც გაეღიმოს. ჩემთვის ღიმილი მნიშვნელოვანია,როცა ბავშვს თვალები სინათლით ევსება ჩემი ლოლიპოპის დანახვაზე ,ვგრძნობ სწორ გზაზე ვარ,ემოციებით ვივსები და  ისევ მემატება ენერგია ახალი იდეებისთვის.

— როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა ლოლიპოპები სხვებმა დააგემოვნეს?

როცა პირველი შეკვეთა გავუშვი მომხმარებელთან, სიმართლე გითხრათ, ძალიან ვინერვიულე. მთელი დღე ემოციურ სტრესში ვიყავი. ჩემთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა — როცა ადამიანს საკუთარ პროდუქტს სთავაზობ და თანხას გიხდიან, არ გაქვს უფლება უკმაყოფილო დარჩეს. მთელი დღე ველოდებოდი, როდის გამიზიარებდა შთაბეჭდილებებს.
საბედნიეროდ, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. პირველივე ჯერზე ეს იყო ემოცია, რისთვისაც შრომა ღირდა. შემდეგ ნელ-ნელა უფრო მეტი დადებითი შეფასება მოდიოდა და ეს აღიარება ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია გახდა.

— როგორ ახერხებთ სამი შვილის, სამსახურისა და ბიზნესის ერთად მართვას?

ეს მეც მაინტერესებს (იცინის). მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა რაღაც გიყვარს, დრო თავისით ჩნდება.
ვმუშაობ ერთ-ერთ სამშობიარო კლინიკაში, დისტანციურად — სოციალური მედიის და აღრიცხვების მენეჯერად ერთ-ერთ კომპანიაში. ამასთან ერთად აქტიურად ვარ ჩართული ჩემი მეუღლის კერძო ბიზნესში, სადაც ყველა ოფიციალური და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება ჩემი პასუხისმგებლობაა.
“ჩვენ ერთი გუნდი ვართ“.ვეხმარები რომ ყველაფერი სწორად და მოწესრიგებულად იყოს.
პარალელურად ვზრუნავ ჩემს შვილებზე და „კიკისიზე“.ჩემი შვილები ჩემი მოტივაციაა,ჩემი საქმე კი- ჩემი განტვირთვა და ბედნიერება

— რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივაცია?

ჩემი შვილები. ისინი ჩემთვის ყველაფერია. მათთვის დავიწყე ყველაფერი და დღემდე მათგან ვიღებ შთაგონებას. როცა ვხედავ, როგორ ამაყობენ დედით, ეს ყველაზე დიდი ძალაა.
ისინი სულ ჩემს გვერდით არიან, მეხმარებიან და იდეებს მაწვდიან. როცა ტკბილეულის გაფორმებას ვიწყებ, მათ ბავშვურ გემოვნებას ვენდობი — ისინი არასდროს ცდებიან. პირველ რიგში მათ ჩემზე უკეთ იციან, რა მოსწონთ ბავშვებს.

— რას ურჩევდით დედებს, რომლებსაც საკუთარი საქმის დაწყება სურთ?

ვეტყოდი რომ არასდროს დაელოდონ იდეალურ დროს-უბრალოდ დაიწყონ!არ აქვს მნიშვნელობა რამდენად პატარაა ნაბიჯი,მთავარია გულით გადადგა .თუ შენი საქმე სიყვარულით და გულწრფელობით კეთდება,ადრე თუ გვიან ყველა შეამჩნევს შენს შრომას.და არის კიდევ რაღაც-მთავარი,არ შეგეშინდეს შეცდომების,ისინი გამოცდილების ნაწილია.

— როგორც ვიცით, ბიზნესი მინიმალური თანხით დაიწყეთ…

დიახ (იცინის). ეს ძალიან სასაცილო და თითქმის დაუჯერებელი დეტალია. საფულეში მხოლოდ ერთი ქაღალდის 20-ლარიანი მქონდა. დილით ავდექი, ჩავედი მაღაზიაში, ვიყიდე ელემენტარული საჭირო ინგრედიენტები და ხურდაც კი დამრჩა (იცინის). ასე დავიწყე ბიზნესი.
იცით რას მივხვდი ? — სიყვარული და შრომა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ფინანსური შესაძლებლობა.

— რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

თუ გინდა რომ საქმე გამოგივიდეს,უნდა აკეთო ყველაფერი შენი ხელით,სიყვარულით უნდა აკეთო. ჩემს წარმატებებს ცხოვრებაში იღბალს ვერ დავაბრალებ,იღბლიანი საერთოდ არ ვარ.ასეც რომ იყოს იღბალი ერთხელ მოვა ,ორჯერ ,სამჯერ,სულ ხომ არ ივლის ,ერთხელაც დაგტოვებს. მთავრია შრომისმოყვარეობა და სუფთა გული. შრომისმოყვარე ან ხარ ან არა,გულზეც იგივე შემიძლია ვთქვა.
„თუ გინდა რომ რაღაც გამოგივიდეს საუკეთესოდ,ყველაფერი შენი ხელით უნდა აკეთო,შენ უნდა აკეთო რადგან ის რაც შენია, შენი შექმნილია ,იმას სხვა ისე ვერ შეიყვარებს როგორც შენ- აი ესეც ფორმულა

— ყოველთვის ასეთი პოზიტიური ხართ?

დიახ, ყოველთვის,რატომაც არა,ასე ბევრად უკეთესია.ადამიანები ჩემს ირგვლივ ასე უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს

— ნინო სად შეიძლება თქვენი ტკბილეულის შეძენა და რა გეგმები გაქვთ?

ამ ეტაპზე „კიკისი“ ონლაინ მაღაზიის ფორმატში მუშაობს. ტკბილეული მზადდება შეკვეთის მიღებიდან 2–3 დღეში და მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამომავლოდ მინდა პატარა სივრცე შევქმნა, სადაც ბავშვები თავად ნახავენ, როგორ იქმნება ეს ტკბილეული — სიყვარულით, ზუსტად ისე, როგორც სახლში. მინდა, რომ ჩემი ლოლიპოპები ადამიანებს არა მხოლოდ გემოთი, არამედ ემოციითაც დაამახსოვრდეთ.

გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაეცანით „კიკისის“ გემრიელობებს

https://www.facebook.com/profile.php?id=61559143409773&mibextid=wwXIfr&rdid=q6XZ7GR7o59dcjxg&share_url=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshare%2F1C1ButxRxM%2F%3Fmibextid%3DwwXIfr#

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts