BREAKING

საქართველო

ცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე

17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს.

17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს სხდომა და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და სწორედ ზემოთხსენებული საჭიროებების გათვალისწინებით ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა; რის თაობაზეც, კანონმდებლობის სრული დაცვით, მოსალოდნელი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობათ შესაბამის თანამშრომლებს.

მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ზუსტი ინფორმირება ამ პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი არ იქნას ინტერპრეტირებული და მიკერძოებულად დაკავშირებული გათავისუფლებული თანამშრომლების რაიმე შეხედულებებთან.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეორგანიზაციას საფუძვლად უდევს ინსტიტუციური საჭიროებები. ცენტრალური საარჩევნო კომისია თითოეული თანამშრომლის დასაქმების პროცესში, ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური კადრების კომპეტენციებითა და პროფესიონალიზმის ხარისხით, რაც დასტურდება მრავალი ათეული წლის მანძილზე მომუშავე თანამშრომელთა დიდი გუნდის არსებობით ადმინისტრაციაში, თუმცა, უდავოა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია განახლება და ადაპტაცია იმ გამოწვევების დაძლევის მიზნით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველი არჩევნების წინ და შემდგომ აქვს.

ცალსახაა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც საჯარო ინსტიტუცია მყარად და გეგმაზომიერად მიყვება განვითარების გზას და ითვალისწინებს ყველა თანამედროვე ტენდენციას თუ ინსტრუმენტებს (იქნება ეს საინფორმაციო თუ საარჩევნო ტექნოლოგიები, ელექტრონული სერვისები, თუ ამომრჩევლის მომსახურების გაუმჯობესებისთვის ახალი მექანიზმები). უშუალოდ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების დღე კი სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, მათ შორის ეუთო/ოდირის წინასწარი განცხადებით კარგად იყო ადმინისტრირებული.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა შეეცადონ ეს საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სწორად და ობიექტურად ინფორმირების მიზნით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ზემოაღნიშნულ სავარაუდო ტენდენციებს, რომელიც ამახინჯებს ინსტიტუციური რეორგანიზაციის ნამდვილ მიზანს, ნუ გამოიყენებენ საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის შელახვის მიზნით.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts