ისრაელში, საქართველოს საელჩოში, საჰაერო დარტყმებისას, საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.
“ამ ეტაპზე, საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”, – განუცხადეს “კურიერს” საგარეო უწყებაში.
საელჩო დამატებითი ინფორმაციის ოფიციალური წყაროებით გადამოწმებას აგრძელებს.
ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა – საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვით ძალები ავრცელებს.
ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც შეერთებული შტატები ისრაელს სამხედრო დახმარებას ჰპირდება. თავის მხრივ, თელ-ავივი აცხადებს, რომ თეირანის თავდასხმას ისრაელის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
ყველაფერი კი ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაციით დაიწყო, რომელიც ირანის პროქსი ძალების ჰეზბოლას წინააღმდეგ არის მიმართული.
სახმელეთო ოპერაციამდე, ისრაელმა ჰეზბოლას მეთაურები გაანადგურა, მათ შორის ჰასან ნასრალა, რასაც ირანის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. დღეს თეირანი აცხადებს, რომ ისრაელს უკვე გასცა სათანადო პასუხი.
განცხადება გაავრცელა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა” კორპუსმაც, სადაც ნათქვამია, რომ, ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.