ტურინთან ახლოს, ჩივასესეს ტერიტორიაზე, სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინეს ორწლინახევრის გოგონა, სახელად ნიკოლი, რომელიც 2023 წლის 20 ივნისს თბილისშია დაბადებული. ბავშვი იმყოფებოდა 55 წლის მამაკაცთან ერთად, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი ბიოლოგიური მამა იყო. თუმცა პროკურატურის გადაწყვეტილებით ჩატარებულმა დნმ-ის ექსპერტიზამ ეს ფაქტი არ დაადასტურა.
გამოძიების ინფორმაციით, ბავშვის დედამ, რომელიც ყაზახეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ საქართველოში იმშობიარა, რის შემდეგაც საელჩოში დატოვა დოკუმენტი, სადაც აცხადებდა, რომ ბავშვის დატოვება სურდა. ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია და სამართალდამცველებმა მისი მოძიება ვერ შეძლეს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება სამოქალაქო სტატუსის გაყალბების ბრალდებით. მამაკაცი, რომელმაც ბავშვი იტალიაში ჩამოიყვანა, სასამართლოს წინაშე წარდგება. გამოძიება ასევე არ გამორიცხავს მძიმე ეჭვს, რომ ბავშვი შესაძლოა უკანონოდ ყოფილიყო გადაცემული ან გაყიდული, თუმცა აღნიშნული ვერსია ამ ეტაპზე საბოლოოდ დადასტურებული არ არის.
მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ბავშვის დედა მან კვიპროსში გაიცნო, მათ შორის ურთიერთობა არსებობდა და მოგვიანებით დედამ ბავშვი მას ჩააბარა. თუმცა ამ ისტორიის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიძებნა — მათ შორის არც ავიაბილეთები, რომლებიც მითითებულ პერიოდში მოგზაურობას დაადასტურებდა.
ამჟამად ნიკოლი არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაწყვეტილებით აყვანის მოლოდინში იმყოფება. უკვე შერჩეულია ოჯახი, რომელიც მზად არის ბავშვი აღსაზრდელად მიიღოს და უზრუნველყოს მისთვის სტაბილური საცხოვრებელი გარემო.
საქმე კვლავ ძიებაშია, ხოლო გამოძიება სწავლობს შესაძლო კავშირს არასრულწლოვანთა უკანონო გადაადგილებისა და არარეგულარული შვილად აყვანის ფაქტებთან.
წყარო: https://www.lastampa.it/
📣 AprioriTV-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია Loro degli Argonauti.
✈️ ავიაბილეთების დასაჯავშნად დაუკავშირდით პროფესიონალ ოპერატორს
WhatsApp +39 377 373 0045 და მიიღეთ თქვენზე მორგებული მომსახურება.










