იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ლეილა გაგნიძემ, საკუთარი ძალით გადალახა დიაგნოზი, რომელსაც ხშირად ადამიანებს იმედს უკარგავს. მის წერილში გულწრფელად გადმოცემულ ცხოვრებისა და ბრძოლის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი რწმენა, შინაგანი სიმტკიცე და სიცოცხლის სიყვარულია.
“თუ გინდა გჯეროდეს – უნდა დაიჯერო” ხშირად მეკითხებიან – პირველად რომ გავიგე კიბო რომ მქონდა — რა თქმა უნდა თავზე დამემხო სამყარო იმ წუთებში და ეს გაგრძელდა მხოლოდ რამდენიმე დღე.
პირველად რომ გავიგე—კიბო რომ მქონდა და ცდილობდა ჩემს ყველა ორგანოს და არა მარტო ორგანოს დაჰპატრონებოდა—არ მივიღე… ჰო აი ესე უბრალოდ ბოდიში მოვუხადე ამ დაუპატიჟებელ სტუმარს და არა მეთქი—მტკიცედ ვუთხარი უარი! როგორ, რანაირად მეც არ ვიცი, მაგრამ გამოვიმუშავე და მე გამოვიგონე მიუღებლობის, დაუჯერებლობის სინდრომი… მართლა გეუბნევით არ მივიღე, ვერ გავითავისე რომ მე კიბოს და საკმაოდ აგრესიული ფორმის დიაგნოზის მატარებელი უნდა ვყოფილიყავი.
ვინც მიცნობს იცის რომ საკმაოდ ხელგაშლილი მასპინძელი ვარ, მაგრამ კიბოს უარი ვუთხარი მასპინძლობაზე და ჩავუკეტე ტვინიდან შეგნებულად ყველა ორგანოს კარი. მთელი ჩემი ცხოვრება დამჯერი ადამიანი ვარ, მაგრამ კიბოს გავუჯიუტდი.
პირველად რომ ბიოფსიის პასუხი გადმომცეს, კი ამიხსნეს რა ეწერა დასკვნაში, რა სახის დაუპატიჟებელი სტუმარი მეწვია და რომ ვერ მიმახვედრეს—იცით როგორ მითხრეს? ( ვინც არ იცის იტალიაში ვარ და მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი, რა თქმა უნდა ენის ბარიერი მქონდა) — ჭურჭლის სარეცხი გასაპნული ღრუბელი რომ მაგიდაზე დაახეთქო რა მოუვაო? შხეფებს ხომ გაყრის ყველგანო და აი ეგრეთი გაფანტული სიმსივნის დიაგნოზი გააქვსო… მაშინაც არ შევიმჩნიე სახეზე, რადგან მათი შეშფოთება მინდოდა ჩემი დამშვიდებული სახით გ ა დ ა მ ე ფ ა რ ა.
დიაგნოზის დასმის წუთიდან დავიწყე ფიქრი იმაზე და ჩემი თავი დავაჯერე რომ მქონდა სურდო ანუ გრიპი გართულებული ფორმით და მთელი ცხოვრება სურდოიანი ხომ არ ვივლიდი— როდისღაც გამივლიდა.
დავიდე წინ დიაგნოზი და დავიწყე ასო ასო გუგლში სათარგმნად ჩაწერა— მაგრამ როგორც კი მივედი სიტყვაზე რაც “ავთვისებიანს” ნიშნავდა იქვე შევწყვიტე გუგლში ძრომიალი.
ბევრმა იცით რომ 9 ქიმიოთერაპია მაქვს გაკეთებული ოპერაციამდე. ოპერაციაზე შესვლის წინ ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი რომ ბრმანაწლავის ოპერაციას ვიკეთებდი და გავიკეთებდი თუ არა დასრულდებოდა ყველაფერი…
არ ვატყუებდი ჩემს თავს- ნამდვილად ვიყავი დარწმუნებული რომ გრიპი მქონდა და ბრმანაწლავი ამოსაჭრელი- რატომ ამოვიჩემე ეს ორი რამე – არ ვიცი, გრიპიც იშვიათად მხვდება და ბრმანაწლავიც ადგილზე მაქვს.
ოპერაციის შემდეგ იყო რთული დღეები— მაგრამ ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა – აბა სულ ხომ არ მეტკიებოდა ნაკერები და სულ ლოგინს ხომ არ მივეჯაჭვებოდი.
ჰო და ეგრე აგიხდეთ ყველას კეთილი ჩანაფიქრი როგორც მე, 2016 წლიდან, უკვე ცხრა წელია რაც ჩემს თავს ვირთობ კეთილი ფიქრებით, გვირილასაც თუ გავეთამაშები მისი ქათქათა ფურცლებიდანაც კი — კის ვიღებ პასუხს. არ მიმაქვს არც გონებამდე და არც გულამდე უარყოფითი ფიქრი ჩემს ჯანმრთელობაზე. მე ჯანმრთელი და ლამაზი, სახეღიმილიანი ვჭირდები ჩემს შვილებს და შვილიშვილებს.
არ ვაძლევ თავს მოდუნების საშუალებას— რითიც შემიძლია ვკავდები… ვცდილობ არ ვიყო მარტო… მიუხედავად იმისა ეხლა სადაც ვმუშაობ უკვე ორი წელია სრულიად მარტო ვარ, მაგრამ სულ დასაქმებული ვარ ჩემთვის სასიამოვნო საქმის კეთებით.
არ მეზარება თუნდაც ერთი ფოტოსთვის გამოვიპრანჭო ისე, თითქოს წვეულებაზე მივდიოდე. ხშირად ვმღერივარ და ადგილზე დამჯდარიც ავცეკვებულვარ კარგი მუსიკის გაგონებაზე. ჩემს თავს მე ვირთობ, თუ რამეს ახალს ვიყიდი იცით როგორ ვლოცავ ჩემს თავს? და იცით რეებს ვუსურვებ?
მომბაძეთ მეგობრებო, მომბაძეთ, აი ვისაც გაინტერესებთ რამ გადამარჩინა—რწმენამ და ჩემმა ხალასმა ხასიათმა, ესაა მთავარი ჩვენთვის-ონკოპაციენტებისთვის.
ყველას ჯანმრთელობას, იღბალს წელთა სიმრავლეს და გაზაფხულს გისურვებთ ფერად-ფერად ყვავილებიანს სულში და გულში.
ხვალ ოპერაციის გაკეთებიდან და ჩემი მეორედ დაბადებიდან საიუბილეო თარიღი მაქვს და კიდევ ბევრი იუბილეს იმედი მაქვს უფლის ნებით.
“თუ გინდა გჯეროდეს-უნდა დაიჯერო” დაიჯერეთ მეგობრებო დ ა ი ჯ ე რ ე თ!
დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ტურებისა და ავია ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ
