იტალიის პოლიციის სამმართველომ, უდინეს პროკურატურის ხელმძღვანელობით, საქართველოს 19 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ოჯახში მომვლელებად მუშაობდნენ.
იტალიური მედიის ცნობით, გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
გამოძიება უდინეს შემოსავლების სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაციების საფუძველზე დაიწყო, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ქალთა, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეების, დიდი რაოდენობით შემოსვლა ფიქსირდებოდა. ისინი წარმოადგენდნენ ყალბ დოკუმენტებს, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნების (სლოვაკეთის, პოლონეთის და ლიტვის) სახელით. ყალბი დოკუმენტების საშუალებით, ქალებს იტალიის საგადასახადო კოდი ენიჭებოდათ, რის საფუძველზეც მომვლელების დასაქმების სააგენტოში ფიქსირდებოდნენ და სარგებლობდნენ იმ სამართლებრივი, საგადასახადო და ჯანმრთელობის სერვისებით, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.
ოპერაცია იტალიის რამდენიმე პროვინციაში ჩატარდა, მათ შორის უდინეში, პორდენონეში, ბოლცანოში, ვენეციაში, ფლორენციაში და ტურინში. ოპერაციის შედეგად ამოღებული იქნა 36 ყალბი დოკუმენტი. დაკავებულთაგან 19 ქალი დაპატიმრებული იქნა ყალბი დოკუმენტების წარმოებისა და გამოყენების ფაქტზე, ხოლო 17 პირი გათავისუფლდა, მაგრამ მათ წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება.
გამოძიების მიხედვით, სავარაუდოა, რომ არსებობს საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც ყალბ დოკუმენტებს უცხოეთში ამზადებდა და რამდენიმე დღეში იტალიაში ანაწილებდა 600 ევროს საფასურად. ეს დოკუმენტები ქალებს საშუალებას აძლევდა, გადაელახათ იმიგრაციის კანონები და დასაქმებულიყვნენ ან უკანონოდ მიეღოთ ეროვნული ჯანმრთელობის სერვისები.
ხელისუფლება ამჟამად ამოწმებს ოპერაციაში ჩართული პირების საცხოვრებელი სტატუსის ლეგალურობას და, თუ დარღვევა დაფიქსირდება, მათ დეპორტაციას მოახდენს. პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს დოკუმენტების დამზადებისა და განაწილების ორგანიზატორები.
უდინეში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს, 41 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2018 წელს ჩადენილი სახლის ქურდობისთვის ორ წლიან სასჯელს იხდიდა.