BREAKING

ინტერვიუ

სამართალი, მედიაცია და ემიგრანტების მხარდაჭერა – წარმატებული იურისტის პროფესიული გზა

მალხაზ რაშოიანი: სამართლის სამსახურში

მალხაზ რაშოიანი წარმატებული იურისტია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საგადასახადო, სამშენებლო და სააღსრულებო სამართალში. მან პროფესიული გზა ბავშვობიდან დაისახა, როცა დეტექტიური ჟანრის ფილმების ყურება და სასამართლო პროცესებისადმი ინტერესი საბოლოოდ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლით დააგვირგვინა. დღეს ის ხელმძღვანელობს საკუთარ იურიდიულ ოფისს, სამართლებრივ მომსახურებას უწევს წამყვან კომპანიებს და აქტიურად ეხმარება ემიგრანტებს სხვადასხვა იურიდიულ საკითხებში.

საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV გამოცდილ იურისტთან ინტერვიუს გთავაზობთ.

„ბავშვობიდან დიდი ინტერესით ვუყურებდი დეტექტიური ჟანრის ფილმებს, მომწონდა გამოძიების პროცესი, სასამართლო განხილვები და სამართლებრივი დებატები. უცხო ქვეყნების სასამართლო პროცესების ყურებამ განსაკუთრებით დამაინტერესა და საბოლოოდ გადავწყვიტე, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა“. – აღნიშნა ჩვენთან საუბარში მალხაზ რაშოიანმა.

ჩემი ყოველდღიური საქმიანობა „მალხაზ რაშოიანის იურიდიულ ოფისში“ დილის 10:00 საათზე თათბირით იწყება. განვიხილავთ მიმდინარე საქმეებს, ვანაწილებთ დავალებებს თანამშრომლებს შორის და ვამუშავებთ სასამართლო პროცესებისთვის საჭირო სტრატეგიებს. დღის განმავლობაში ასევე ვგეგმავთ შეხვედრებს მხარეებთან და ვემზადებით სასამართლო სხდომებისთვის.

სამართლებრივ მხარდაჭერას ვუწევ სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, მათ შორის „ლამიკოს“ (ავეჯის მწარმოებელი), „ზახარს“ (სადისტრიბუციო კომპანია), „ოკუტ ფაშას“ (ბლოკის საწარმო) და სხვ. თითოეული კომპანია თავის სპეციფიკას მოითხოვს, რაც ახალ გამოწვევებთან გამკლავებას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, კომპანიების საქმიანობა სამართლებრივად დაცული იყოს.

მალხაზის თქმით, “ემიგრანტებთან მუშაობა სპეციფიკური და ხშირად ემოციურად დატვირთულია. ყველაზე გავრცელებული საკითხებია მემკვიდრეობასთან, განქორწინებასთან, უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებასთან და არასრულწლოვნის საზღვარგარეთ წაყვანასთან დაკავშირებული დავებია“.

ყველაზე დიდი გამოცდილება საგადასახადო, სამშენებლო და სააღსრულებო სამართალში მაქვს. ამ მიმართულებით 9-10 წელია აქტიურად ვმუშაობ, რაც მძლავრ პრაქტიკულ ცოდნას მაძლევს.

2023 წლის საუკეთესო იურისტის ტიტული შესაბამისი გამოკითხვის საფუძველზე მივიღე. როგორც მოგვიანებით გავიგე, კომისიამ არჩევანი ჩემზე გააკეთა სწორედ სააღსრულებო წარმოებაში ხანგრძლივი პრაქტიკული გამოცდილების გამო.

მალხაზ რაშოიანი ასევე გახლავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი, რომელსაც თავად იურისტი ახალ და მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს. მედიატორის როლი დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან სწორედ მედიატორის პროფესიონალიზმი განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებენ მხარეები დავის მოგვარებას სასამართლოს გარეშე. ეს, მხარეებს დროს, ენერგიასა და ფინანსურ რესურსს უზოგავს.

როგორც მალხამა ჩვენთან ინტერვიუში განმარტა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი საქართველოში შედარებით ახალია და ყოველდღიურად იხვეწება. ამჟამად ვარ იურიდიული კომიტეტის წევრი და დამატებით ორ კომპანიას ვუწევ სამართლებრივ მხარდაჭერას პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. ეს გულისხმობს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ კონფიდენციალურობასა და მესამე პირებისთვის გადაცემის პრევენციას“.

მედიაცია სასამართლო პროცესთან შედარებით ბევრ უპირატესობას იძლევა. დავის გადაწყვეტა უფრო სწრაფად და მოქნილ გარემოში ხდება, მხარეები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ხოლო კონფიდენციალურობა მაქსიმალურად არის დაცული. ეს პროცესი ხელს უწყობს ეფექტურ კომუნიკაციას და შეთანხმების მიღწევას ნაკლები დანახარჯებით.

მალხაზ რაშოიანი: სამართლებრივი დავების გადაწყვეტისას ჩემთვის პრიორიტეტია, რომ მარწმუნებელს ავუხსნა სამართლებრივი რისკები და შესაძლო შედეგები. მნიშვნელოვანია, რომ სრულად გავიგო მისი რეალური მიზნები და შევთავაზო ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი კონკრეტული სიტუაციიდან.

სამომავლოდ ვგეგმავ იურიდიული ოფისების გახსნას სხვადასხვა ქალაქში, კომპანიის გაფართოებას და კვალიფიციური იურისტების გუნდით გაძლიერებას, რათა უფრო მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს გავუწიოთ პროფესიონალური მომსახურება.

პროფესიული განვითარების შემდეგ ეტაპზე ვგეგმავ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას, ცოდნის გაღრმავებას და სამართლებრივი გამოცდილების გაფართოებას საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გერმანიაში სწავლით.

ინტერვიუ მოამზადა ხათუნა შარაძემ

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts