BREAKING

ინტერვიუ

რა უნდა ვნახოთ იტალიაში აუცილებლად? – მაკო გოჩაშვილის რჩევები

33 წლის მაკო გოჩაშვილი იტალიურის მასწავლებელია. მას ბავშვობიდან იტაცებდა იტალიური კულტურა და დღეს ამ ქვეყნის თითქმის ყველა მხარე აქვს ნანახი. მაკო გვიზიარებს რჩევებს თუ რა არის ის ადგილები , რაც აუცილებლად უნდა ვნახოთ იტალიაში, როგორ ვიმოგზაუროთ ბიუჯეტურად, ის ასევე რჩევებს აძლევს ზღვისა და მთის მოყვარებულებს.
,,აპრიორი ტივი” გთავაზობთ მაკოსთან ინტერვიუს.

– მაკო, შენი გამოცდილებით, რომელია ის ადგილები, რომლებსაც აუცილებელად უნდა ესტუმრო იტალიაში და რატომ?

– იტალია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ აუცილებელად სანახავი ადგილების სიის შექმნა უბრალოდ შეუძლებელია. აქ ყველაფერი ქალაქიდან ქალაქში, რეგიონიდან რეგიონში იცვლება. აქ ყველანაირი ტიპის დასვენებაა შესაძლებელი. აქაურობა სავსეა კამკამა ზღვებით, მუდან დათოვლილი მთებით, კრიალა ტბებით, მთებზე შემოკიდებული სოფლებით, მიძინებული და აქტიური ვულკანებით, პატარა და დიდი კუნძულებით, ქალაქ-მუზეუმებით, ქვაში ნაძერწი დასახლებებით, დაცული ტერიტორიებით, კულტურული მემკვიდრეობებით, არქიტექტურული სილამაზეებით, გასტრონომიული მრავალფეროვნებით, მშვიდი დაბებით და აურზაურიანი ადგილებით. აქ ყველაფერი უნდა ნახო, პიემონტედან სიცილიამდე, ვენეტოდან პულიამდე, ტოსკანადან კამპანიამდე… იტალიელებს სილამაზის იმდენად განსაკუთრებული საზომები აქვთ, რომ სადაც არ უნდა მოხვდე, სულ რომ ერთი საათი გაატარო, თავის კუთვნილ ნაკვალევს აუცილებლად დაგიტოვებს გულში. მე ძალიან მიყვარს იტალია ამ სილამაზისთვის, ამ სითბოსთვის, აქაურების აჟიტირებულობისთვის და იმისთვის, რომ ყოველ ჩასვლაზე სიხარულით მეგებება და უთვალავ დაუვიწყარ ემოციას მჩუქნის. შესაბამისად, ჩემთვის უზომოდ რთულია აუცილებლად სანახავი ადგილების გამოყოფა, მაგრამ თუ მაინცდამაიც ერთ ადგილზე უნდა დავკონკრეტდე, ეს აუცილებლად მარადიული რომი იქნება. ქალაქი, რომელიც არ არის უბრალოდ ქალაქი. ქალაქი, სადაც ნებისმიერ ქუჩაზე ისტორიას ტკეპნი. ქალაქი, სადაც სულ მაღლა უნდა იყურო მისი უნიკალური სილამაზეებით დასატკბობად. ქალაქი, სადაც მზესაც კი სულ სხვა ფერი აქვს და ქალაქი, სადაც რამდენ ხანსაც არ უნდა გავჩერდე, არასოდეს დავიღლები და ვერასოდეს ამოვწურავ საინტერესო და იდუმალი ადგილების აღმოჩენას.

ზღვის მოყვარებულებს რას ურჩევდი, რა ადგილებს ესტუმრონ?

– მიუხედავად იმისა, რომ იტალიას სამი მხრიდან ზღვა აკრავს და ბევრი საზღვაო კურორტია ლიგურიის, ტოსკანის, ემილია რომანიის თუ მარკეს რეგიონებში, მე ყოველთვის იტალიის სამხრეთ ნაწილს და კუნძულებს ვანიჭებ უპირატესობას. მიზეზი კი აქაური კამკამა ზღვა და ადგილობრივების მეტი ავთენტურობაა. სამხრეთში კი კამპანიის, პულიის, სიცილიის ტერიტორიებს ვგულისხმობ. ბევრი მიზეზის გამო სამხრეთის ჩემი საყვარელი ადგილი კუნძული სიცილიაა, ცხელი მზის, ლამაზი ზღვისა და უკიდეგანო ქაოსის სამყარო. აქაურ სანაპიროებს ყველა ფერი აქვთ რაც კი ზღვის ფერთა გამაში არსებობს. აქაურ ქალაქებში ზაფხულში უდიდესი ნეტარება ზეიმობს. ადგილობრივები თუ ტურისტები ხმელთაშუა ზღვის მარილებით გაჟღენთილი კანითა და კმაყოფილებისგან აციმციმებული თვალებით დადიან. ცხოვრება მარტივი და ხალისიანი, ფერადი და საინტერესოა. თუმცა სიცილიის პლაჟზე ყოფნა მარტივი არ გეგონოთ. გახვალ სანაპიროზე იმ იმედით, რომ წამოკოტრიალდები და ცოტას ინეტარებ. ხოდა ზუსტად იმ დროს, კამკამა წყლის ნაპირზე შენს პატარა სივრცეს რომ მოიწყობ და გაიშოტები, გამოვა სიცილიელი ოჯახების მთელი დინასტია: ბებოები, ბაბუები, შვილები, შვილიშვილები, ძმები, დები, დეიდები, მამიდები, ბიძიები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ნათლიები, ნათლიის შვილები, ნათლიის შვილიშვილები და ა.შ. მოძრავი მაცივრებით მოაქვთ სასმელ-საჭმელი, თეფშები, კოვზები, ჩანგლები. ხსნიან ჩაციებულ ლუდებს და იწყებენ ტერიტორიების მოწყობას. ბავშვებისთვის გასაბერი აუზები, ნიანგები, საზამთროები, გედები, ფლამინგოები, დელფინები, კვატები, საწუწაო თოფები აქვთ. დიდებისთვის დასაკეცი სკამები, მაგიდები, ქოლგები და კარვებიც კი. სკამებს სანაპიროზე კი არა, შუა ზღვაში შლიან. წრეს შეკრავენ და ისე გემრიელად ჩაჭორავდებიან რაღაც მომენტში არ არსებობს არ მოგინდეს ამ წრის ნაწილად ყოფნა. იწყებენ კარტის ან ბინგოს თამაშს. ხორხოცებენ, კამათობენ, მღერიან, ცეკვავენ. მუსიკისთვის დიდი დინამიკები აქვთ. რთავენ ყველაზე დიდ თრეშს რაც კი შეუქმნია ამ ყველაზე ნიჭიერ მაგრამ თანამედროვე მუსიკაში გარღვევების მქონე ერს. იშვიათად ნახავთ მშვიდად მყოფ სიცილიელს სანაპიროზე. მართალია იშვიათად, მაგრამ ასეთებიც არსებობენ, აფრიანი ან მოტორიანი ნავებით აჭრელებულ ჰორიზონტს რომ გაჰყურებენ და ღმერთმა იცის რაზე ფიქრობენ. სიცილიელების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა შორიდან ლაპარაკი როა ალბათ უკვე იცით. შეუძლიათ პლაჟის ერთი ბოლოდან მეორეში ნაცნობებს, მეზობლებს, თანამშრომლებს გასძახონ და ახალი ამბები მოუყვნენ. მერე რა რომ შენ და შენნაირი ათასი არასიცილიელი იქვე წევხართ და არ გაინტერესებთ მატეოს, ჯოვანას, ფრანკოსა და პაოლას ამბები. რომც გაინტერესებდეს მაინც ვერ გაიგებ, იმიტომ რომ სიცილიურ დიალექტი არ იცი. სანაპიროზე წოლისას ამ აურზაურს უკვე მივეჩვიე. ისე მივეჩვიე, რომ შემიძლია წიგნი ვიკითხო და ხანდახან წავუძინო კიდეც. ამ ნეტარებას ძირითადად ორი რაღაც მაწყვეტინებს ხოლმე. ერთი როცა მარკოს ეძახიან და მეორე მარიკას. ხუმრობა იქით იყოს და მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვისაც ზღვისპირა ძალიან ბევრი ქალაქია. ტაორმინადან ჩეფალუმდე, მარძამემიდან ტრაპანიმდე, სირაკუზადან აგრიჯენტომდე. იტალიელებს ძალიან უყვართ ზღვა და მასთან სიახლოვე. “როდესაც ფიქრები შეგაწუხებენ ზღვის სანაპიროზე გადი, ჰორიზონტს გახედე, ღრმად ჩაისუნთქე, ტალღებს მოუსმინე, მიეცი ზღვას საშუალება რომ სხეულზე შეგეხოს და ყველაფერი მაშინვე თავის ადგილს დაუბრუნდება” – აი, რას ამბობენ ხოლმე სამხრეთელები და ძალიან მართლებიც არიან.

– რაც შეეხება მთისა და სიგრილის მოყვარულებს, რას ურჩევდი?

– რა თქმა უნდა ტრენტინო-ალტო ადიჯეს, ალპებისა და დოლომიტების სამფლობელოს. ხშირად გული მწყდება შვეიცარიის ალპებს რომ ახსენებენ ხოლმე იმიტომ, რომ იტალიის მთიანი ტერიტორია და ალპური ზონა იგივე სილამაზეს მქონეა და მეც აქაურ მთებზე და აქაურ ფერებზე უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო. ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონი სამწუხაროდ არ არის პოპულარული ქართველი ტურისტებისთვის მარტივი მიზეზის გამო. აქ დასვენება იმდენად ძვირია, რომ თვითონ იტალიელების დიდი ნაწილიც კი ვერ ჩადის ხოლმე. აქაურობას განსაკუთრებულს და განსხვავებულს ის ხდის, რომ მთლიანი რეგიონი სამხრეთ ტიროლის ტერიტორიაა, რომელიც სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ ავტრიის მფლობელობაში იყო. ამიტომაცაა, რომ აქაურ ქალაქებში იტალიელებისთვის უჩვეულო წესრიგი და სისუფთავეა და ადგილობრივები როგორც იტალიურ, ისე გერმანულ ენაზე საუბრობენ. დღეები საკმაოდ წყნარი და ღამეები უსაშველოდ მშვიდია. ირგვლივ ყველგან მთაა. გრილა და დიდი რაოოდენობით იგრძნობა სხვა ქალაქებისთვის სანატრელი სუფთა და სასიამოვნო ჰაერი. მთებს მაგიური ძალა აქვსო, ტრენტინოში ამბობენ ხოლმე. ტრენტინოში იმასაც კი ამბობენ, მთების ამ მაგიურმა ძალამ ცოტა მიჯაჭვულობა იცის და მთებზე და ლაშქრობებზე დამოკიდებულს გაგხდისო და მართალიცაა. აქაურების ძირითადი გასართობი ყველა ის სპორტია, რაც მთებთან და კლდეებთან ასოცირდება. გარდა მთებისა, ეს რეგიონი პატარა სოფლების, მწვანე მდელოების, ტყეებს შორის მოასფალტებული გაკრიალებული გზების, ჩანჩქერების, ყვავილებით გალამაზებული აივნების, ათასნაირი ფორმის მთა-გორების, ცაზე აქა-იქ მოფარფატე თეთრი ღრუბლების და ულამაზესი ტბების სამფლობელოცაა. იტალიურ-ავსტირული სილამაზის ასეთი ნაზავი ძალიან მიმზიდველს და გამორჩეულს ხდის იტალიის ამ მხარეს. აქ მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დავივიწყოთ დაღლილობა თუ მგზავრობის გრძელვადიანი მონაკვეთები და ვნახოთ გარდას, ლედროს, ბრაიესის, ლევიკოს, ტენოს, მოლვენოს, ტოველის ტბები. თხილამურებით სრიალისას, ლაშქორობებისას თუ სეირნობებისას კი მთებში ჩადგმულ ოჯახის ტიპის პატარა რესტორნებში გავჩერდეთ და ერთმანეთს ან საკუთარ თავებს ვკითხოთ, რანაირადაა ეს სამყარო ასეთი ლამაზი და რანაირად ვართ ჩვენ ამ სამყაროს ნაწილები.

შენი გადმოსახედიდან, რა გამოირჩევს იტალიას სხვა ქვეყნებისგან?

– იტალია უნიკალურია თავისი ათასწლოვანი ისტორიით. ეს ქვეყანა ბერძნებმა, არაბებმა, ნორმანებმა, რომაელებმა, ეტრუსკებმა, ბიზანტიელებმა და კიდევ უამრავმა ხალხმა ააგო. ამ ყველა დამპყრობელმა თავისი კვალი დატოვა პირველ რიგში ენაში და შემდეგ არქიტექტურაში, კულინარიაში, ხელოვნებაში, კულტურაში, ყოველდღიურ ყოფაში. როგორც უკვე ვთქვი. აქ ყველაფერი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, რეგიონიდან რეგიონში იცვლება. იმას რასაც ნახავ და გასინჯავ ქვეყნის სამხრეთში, ვერ ნახავ და ვერ გასინჯავ ქვეყნის ჩრდილოეთში და პირიქით. იმ ენას და იმ აქცენტს რომელსაც მოისმენ ქვეყნის ჩრდილოეთში, ვერასოდეს მოისმენ ქვეყნის სამხრეთში და პირიქით. იტალია ხელოვნების სამეფოა. მხატვრობა, მუსიკა, ოპერა, ბალეტი, კინო, ლიტერატურა, ფოტოგრაფია, ქორეოგრაფია, არქიტექტურა, სკულპტურა, დეკორატიული ხელოვნება, მოდა, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა განვითარებული. ხელოვნების ყველა დარგის საუკეთესო ნიმუშები იტალიას და იტალიელებს ეკუთვნით და ამიტომაცაა, რომ ხანდახან უბრალოდ ქუჩაში სიარული კმარა ამ ყველაფრის შესასრუტად. ეს ყველაფერი ხომ იტალიელი ხალხის ყოველდღიურობაში იგრძნობა. ამ ხალხის ყველაზე შესაშური ნიჭი ყველაზე ბანალურის ყველაზე საინტერესოდ წამოჩენაა. იტალია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში პირველ ადგილს იკავებს. ჩემი გამოცდილებით ძალიან იშვიათი და ისევ ჩემი გამოცდილებით, შეუძლებელიც კია აღმოაჩინო ქვეყანა, რომელიც ამხელა საგანძურს ინახავს საკუთარი განვლილი ცხოვრების სახით. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ქაოტურ ცხოვრებას და აჟიტირებულ, მხიარულ, ბედნიერ ერად ყოფნას ამჯობინებს. თუ ქაოსია ქაოსი იყოსო, ხშირად ამბობენ ხოლმე აქაურები. ალბათ სწორედ ეს ქაოსი ხდის ჯადოსნურს, მაგიურს, თავბრუდამხვევს და სხვებისგან გამორჩეულს. და აქვე ვიტყვი, რომ იტალიას რაღაც ჯადო აქვს. ერთხელ ჩამოსულს სულ აქ დაბრუნდება მოგინდება.

მაკო, შენი აზრით, ყველაზე ბიუჯეტურად იტალიის რომელ მხარეში დაისვენებ?

– იტალია ქართველი ტურისტებისთვის ნამდვილად არ არის ბიუჯეტური ქვეყანა, განსაკუთებით მაღალ სეზონზე, თუმცა ვფიქრობ, მაინც შეიძლება ნაკლები ბიუჯეტით მოგზაურობა შესაბამისი გესთჰაუსებისა და ადგილობრივი რესტორნების სწორად შერჩევით. ხშირ შემთხვევაში მოგზაურობის მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ამ უბრალოების პოვნა და შეგრძნებაა. ზოგადად სამხრეთ იტალიაში ფასები უფრო დაბალია ჩრდილოეთთან შედარებით. ტრანსპორტიც უფრო ნაკლები ღირს და რესტორნებში ულუფებიც უფრო უხვია. რა თქმა უნდა, აქაც არის ადგილები, სადაც მაღალი ბიუჯეტია საჭირო კარგად დასვენებისთვის, მაგრამ თუ ძალიან განვაზოგადებთ და დეტალებს არ ჩავეძიებით, სამხრეთში უფრო შეგვიძლია დაბალი ბიუჯეტით მეტი სიამოვნების მიღება.

სტატია მოამზადა ნინო ბოლაშვილმა

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts