ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ქართული ცეკვა იტალიაში ჩაიტანა

ემიგრანტი

ეკა ბერიკაშვილი – ქართველი ემიგრანტი, რომელიც უკვე ექვსი წელია იტალიაში, სიცილიაში ცხოვრობს. ბავშვობიდან ცეკვავდა და 13 წლიდან ასწავლიდა ცეკვას იმავე ანსამბლში, სადაც ცეკვავდა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბანკში მუშაობდა, ცეკვას არასდროს მოშორებია. ახლა კი, იტალიაში სამედიცინო უნივერსიტეტს ამთავრებს, სპეციალობით მანუალური თერაპია და კინეზიოლოგია. მუშაობს კლინიკაში, მაგრამ მისი დიდი სურვილი – ქართულ ქორეოგრაფიულ ცეკვის სტუდიის გახსნა, უკვე რეალობად აქცია. ის ასწავლის პატარა ემიგრანტ ქართველებს ქართულ ცეკვებს რეჯო კალაბრიის საკვირაო სკოლაში. როგორია ემიგრანტის ცხოვრება, როგორ გაიკვალა გზა იტალიაში და რატომ არის ქართული ცეკვა მნიშვნელოვანი ემიგრანტი ბავშვებისთვის – ამის შესახებ ეკა თავად გვესაუბრება.

– როდის და როგორ დაინტერესდით ცეკვით?

6 წლის ვიყავი, როცა დედამ გადაწყვიტა, რომ ცეკვაზე მივეყვანე. დედა თავად იყო მოცეკვავე, ამიტომ აქტივობად ცეკვა აირჩია, რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.

– როგორი იყო თქვენი პირველი მოგონება ქართულ ცეკვასთან დაკავშირებით?

თავიდან არც ისე კარგი მოსწავლე ვიყავი – სმენა არ მქონდა და პედაგოგი ყრუს მეძახდა. თუმცა, პირველი კონცერტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა – ჩემი წარმატება დაიწყო და ყოველთვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი ვიყავი.

– როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლაზე?

დედა 15 წელზე მეტია ემიგრაციაშია, ამიტომ ეს ნაბიჯი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა წასვლაზე თავს ვიკავებდი. ემიგრანტობა მარტივი არ არის. ჩემი მთავარი მიზანი, როგორც ყველა ემიგრანტის, ჩემი და ჩემი შვილისთვის უკეთესი მომავლის შექმნა იყო.

– როგორ შეეწყეთ ახალ გარემოს და რამდენად რთული იყო ადაპტაცია?

ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია აქ არიან, ამიტომ ადაპტაცია არ გამჭირვებია. თუმცა, ემიგრანტი ყოველთვის უცხოელია უცხო მიწაზე და ეს მარტივი არ არის.

– როგორი არის სიცილიაში ცხოვრება – რა მოგწონთ და რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოდან?

ცხოვრება აქ საკმაოდ აქტიურია – დედას მეუღლესთან ერთად მრავალპროფილიანი კლინიკა აქვს, სადაც მთელი ოჯახი ვართ ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ თავს სახლში ვგრძნობ, საქართველო და ჩვენი ნამდვილი ურთიერთობები ყოველთვის მენატრება.

– როდის დაიწყეთ ქართული ცეკვების სწავლება ემიგრანტი ბავშვებისთვის?

13 წლიდან ვმუშაობდი იმავე ანსამბლში, სადაც ვცეკვავდი. 6 წელია ემიგრაციაში ვარ და ცეკვაზე ფიქრი არასდროს შემიწყვეტია. 5 თვის წინ გადავწყვიტე სტუდიის გახსნა და ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

– რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ამ საქმის წამოსაწყებად?

ჩემი 8 წლის შვილი. მინდოდა, რომ მას ესწავლა ის, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს. ყველა ქართველმა უნდა შეიგრძნოს ქართული ცეკვის ძალა.

– როგორ იღებენ ქართველი ემიგრანტი ბავშვები ქართულ ცეკვებს?

საუკეთესო თაობა გვყავს – ბავშვები, რომლებმაც არასდროს უცეკვიათ, პირველივე გაკვეთილიდან შეიგრძნეს ქართული ცეკვის არსი. მათ თვალებში ბედნიერება და მუხტი მაძლევს უდიდეს მოტივაციას.

– თქვენს მოსწავლეებს შორის არიან ისეთი ბავშვები, ვინც საქართველოში არასოდეს ყოფილა?

კი, მაგრამ მათი მშობლების დამსახურებით იციან, ვისი გორისანი არიან. ქართული კულტურა მათთვის სისხლშია გამჯდარი.

– ემიგრანტი მშობლების რეაქცია როგორია? მხარს გიჭერენ?

თუ ამ მშობლების მხარდაჭერა არ მექნებოდა, ალბათ ვერ შევძლებდი ამდენის გაკეთებას. ისინი უზარმაზარ მოტივაციას მაძლევენ.

– რატომ გადაწყვიტეთ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა?

დედას და მისი მეუღლის გავლენით დავინტერესდი ამ სფეროთი. ჩვენი კლინიკაში სარეაბილიტაციო ცენტრი გვქონდა და საჭირო იყო პერსონალი. ასე დავიწყე ეს საქმე და გადავაქციე მთავარ სპეციალობად.

– რას მოიცავს თქვენი სპეციალობა – მანუალური თერაპია და კინეზიოლოგია?

მანუალური თერაპია მოიცავს ხერხემლის ყველა პათოლოგიაზე მუშაობას – სქოლიოზი, თიაქარი, სტენოზი და ა.შ. ასევე სარეაბილიტაციო მასაჟებსა და ვარჯიშებს.

– როგორია თქვენი ყოველდღიურობა კლინიკაში?

ძალიან დატვირთული – ყოველდღე 30-ზე მეტ პაციენტთან ვმუშაობ, ვუსმენ, ვუხსნი მათ პრობლემებსა და თერაპიის არსს. თუმცა, აქ არასდროს უგრძნობინებიათ, რომ უცხოელი ვარ.

– როგორ შეაფასებდით ქართული ცეკვის მნიშვნელობას ემიგრანტი ბავშვებისთვის?

ქართული ცეკვა ჰაერივით სჭირდებათ ემიგრანტ შვილებს. ეს ფიზიკური დატვირთვა არ არის მხოლოდ – ეს მათი სულიერი განვითარებაა, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. ყველა ემიგრანტი ბავშვი უნდა ეზიაროს ქართულ ცეკვას.

ეკა ბერიკაშვილის ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ემიგრაციაში ქართული კულტურის შენარჩუნება შესაძლებელია, თუ სურვილი და მონდომება არსებობს. მისმა ძალისხმევამ არა მხოლოდ ქართულ ცეკვასთან დააკავშირა ბავშვები, არამედ ქართველ ემიგრანტ მშობლებსაც მისცა შესაძლებლობა, დაინახონ თავიანთი შვილები ქართული ტრადიციების ნაწილად.

AprioriTV კვლავ შესთავაზებს მკითხველს ემიგრანტების შთამბეჭდავ ისტორიებს, რომლებიც გვაჩვენებენ, როგორ ინარჩუნებენ ქართველები თავიანთ ფესვებს უცხოეთში.

Exit mobile version