BREAKING

ინტერვიუ

ბარიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თვითნასწავლი მხატვრისა და სტილისტის ისტორია

მანჩო პატაშური ქალაქ ბარიში მცხოვრები თვითნასწავლი მხატვარია და სტილისტი, რომელიც საოცარი შრომითა და ნიჭით გამოირჩევა.

გარდა მხატვრობისა, ის ასევე სტილისტის საქმიანობას ეწევა და ამ ორ უნარს ერთმანეთს ჰარმონიულად უთავსებს.

მისი შემოქმედება და საქმიანობა ემიგრანტებისთვის შთაგონების წყაროა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარება. მანჩოს ისტორია მოწმობს, რომ თავდაუზოგავი შრომით შესაძლებელია საკუთარი ოცნებების განხორციელება.

AprioriTV მანჩო პატაშურთან ინტერვიუს გთავაზობთ: დავიბადე ქ.მცხეთაში, 1959 წლის 1ივლისს. ერთ ლამაზ სიყვარულისფერ ოჯახში. მამა განსაკუთრებულად მიყვარდა, უდედოდ ყოფნა კი მარტოდ დარჩენაა ამ ქვეყანაზე.

მამა კარგად მღეროდა და შესანიშნავი მოკაფიავე იყო. დედა გარმონზე და ჩონგურზე უკრავდა. ამ ხელოვნების სიყვარულმა ჩემს გულში დაიბუდა და წლების მერე ჩემში დაგროვილმა ემოციამ იფეთქა და ფურცლებზე მიმოიფანტა. დედამ ოთხი შვილის აღზრდა თავის თავზე აიღო და თავისი ოცნებები ჩვენს აღზრდაში ჩააქსოვა. დედა შვილებთან მეგობრული იყო, თუმცა სათანადოდ მკაცრიც. ერთი დიდი ზეიმი იყო როცა ერთად ვიკრიბებოდით, დედა უკრავდა, მამა მღეროდა და ვცეკვავდით

მე მთის ქალაი ვარ, ფასანაურიდან, სოფელ ხევშადან. იქ დამრჩა ულამაზესი ბავშვობა და ლამაზი მოგონებები. ეს პატარა ადგილი სამოთხეს ჰგავს, ზრაპრული ფერებით მოხატული. ჩემი მუზა, ჩემი ინსპირაციის წყარო ბიძაჩემი იყო, მხატვარი ილია პატაშური. მისი შედევრები ჩემს თვალწინ იქმნებოდა და ბატონი ილია მეგონა ღმერთი, რომელიც სასწაულებს ქმნიდა. ხატვაზე ოცნებაც იქიდან დაიწყო და მთელი ცხოვრება მომყვება ამ ულამაზესი კუთხის სიყვარული.

მიუხედავად ხატვის დიდი სიყვარულისა, ყალამი დროებით გვერდზე გადავდე და დავეუფლე სტილისტის პროფესიას, რომელიც ხელოვნებამდე ავიყვანე და ხატვის სიყვარული, თმის ხელოვნებაში ჩავაქსოვე. სტილისტის ხელოვნებას მოსკოვში დავეუფლე, უდიდეს მაესტროსთან, ვაჟა ხითარიანთან, შემდეგ გავაგრძელე თბილისში და დღემდე ვეუფლები სტილისტის ხელოვნებას, უკვე 25წელია.

როდის დაიწყეთ ხატვა?

ჩემი ცხოვრება ნაცრისფერმა ფერმა გადაფარა და თავი დავკარგე (არ მინდა ჩემს ტკივილზე საუბარი) ჩემი თავი რომ გადამერჩინა, ერთ საღამოს ავიღე ფანქარი და ფურცელი. ჩემში რაღაც მოხდა, ჩემი სულის სიმი შეირხა და რაღაცამ გამახარა. რამდენიმე დღე ვხატავდი შეუჩერებლად.

თუმცა დაგროვილმა ემოციამ, მონატრებამ, სიყვარულმა ვეღარ გაუძლო და ფურცლებზე, ტილოებზე მიმოიფანტა ფერებად და აღარც გავჩერებულვარ. ვხატავ იმას, რაც იმ წუთში მახარებს, ან შინაგანად მტკივა. ხშირად პორტრეტებს ვხატავ, რადგან ჩემი განწყობა, ემოცია, დარდი, ტკივილი, მათ თვალებში ჩანს. თითქმის ყველა ნახატი მე მგავს, სევდისფერია, იქ ჩემი სულია, ასე ინება გაბგებამ. თუმცა ახლა მინდა სტილი შევცვალო და მინდა ჩემი ნახატები სიყვარულისფერი იყოს, იმედისფერი. მიუხედავად იმისა ჩემი სამყარო სიმუქემ გადაფარა, მე მაინც შევქმენი სამყარო, სიყვარული, ღია ფერები.

როდის გადაწყვიტეთ იტალიაში წამოსვლა?

იტალიაში წამოსვლა უცებ გადავწყვიტე, როგორც აღვნიშნე ჩემი დედმამიშვილი ჩემი სამყაროა, მათი სახით იმედს გჩუქნის სამყარო, მათი სახით შენს სამყაროში არის მზე, რომელიც მუდამ ანათებს და გათბობს. ჩემი დედმამიშვილის გარეშე უფერული იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ერთმანეთის ხიდი ვართ და იმედი, სწორედ მაგან გადამაწყვეტინა იტალიაში წამოსვლა რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი და დავხმარებოდი ან იმედი ვყოფილიყავი (არ დავკონკრეტდები)

პროფესიული საქმიანობა და გამოწვევები

როგორც აღვნიშნე იტალიაში ვარ, ჩემი ოცნების ქალაქში. როცა დრო მაქვს ვათვალიერებ ქალაქებს. საოცარი ემოცია მქონდა ვატიკანის სამყაროში რომ მოვხვდი, აღარ მინდოდა იქიდან გამოსვლა. აქაური სილამაზე ცალკე სასაუბრო თემაა.

ვმუშაობ ქალაქის ცენტრში, სილამაზის სალონში. აქაც გამიმართლა, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები. დიდი ბედნიერებაა როცა ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ წმ.ნიკოლოზის მადლს.

სალონში მეგობრული ატმოსფეროა, ვართ ქართველები და პაკისტანელები.

– რა სირთულეები შეგექმნათ იტალიაში, როცა თქვენს აქაური კარიერის გაკეთება გადაწყვიტეთ?

აქ, უცხო ქვეყანაში, პირველი პრობლემა ენობრივი ბარიერია, შეძლებისდაგვარად ეს პრობლემა მოვაგვარე წმ.ნიკოლოზი იმიტომ ვახსენე, რომ სულ თან დამყვება მისი მადლი. აქ ამ უცხო ქვეყანაში ნამდვილად არ გამჭირვებია კარიერის აწყობა, მართლაც საიდან ამდენი მადლიერი კლიენტი, თუ არა მადლი. მყავს ბევრი იტალიელი მომხმარებელიც. ძალიან მოსწონთ ჩვენი სტილი, ფასები, ურთიერთობა. შეძლებისდაგვარად ვუყვები საქართველოზე. ძალიან კარგები არიან, რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში, თუმცა მაქვს მონატრება სამშობლოსი. მენატრება ჩემი მეგობრები, რომლებიც ერთი დიდი სამყაროა, იქ მუდამ სიყვარულია. მენატრება ყველა და ყველაფერი.

როგორია თქვენი პერსონალური სტილი და მომავლის ხედვა?

ჩემი სტილი ასიმეტრიული კარეა, ვიაიდან ამ სტილი, უფრო ბავშვურობას მმატებს, მერე რა თუ წლები მემატება, კი “არ ვბერდები უბრალოდ დრო გადის”. რაც შეეხება მომავლის ხედვას, ჩემი ნაცრისფერი სამყარო რომ გავაფერადო და ჩემი სულიც დავაპურო, გადავწყვიტე ჩანთების სერია დავიწყო. ჩემი ნახატებით დავაპრინტერე, რამდენად საინტერესოა, თქვენთვის მომინდვია.

გაქვთ თუ არა განსაკუთრებული სიუჟეტი ან შემთხვევა, რომელიც კლიენტთან მუშაობისას დაგამახსოვრდათ?

საოცრად შთამვეჭდავი იყო და ემოციური, როდესაც კარი გაიღო და ჩემი თბილისელი კლიენტი შემოვიდა და საქორწილო ვარცხნილობის გაკეთება მთხოვა. ვიტირე. წმ.ნიკოლოზის ტაძარში დაიწერა ჯვარი.

სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ყველა მენატრება. მინდა მშვიდობა იყოს და ყველას უყვარდეს ერთმანეთი.

ასეთი ლამაზი ცა, ვარსკვლავები, მზე, ყვავილები არსად, არსად არ არის. მე სულ ვლოცულობ რომ არ შევეჩვიო აქაურობას. მე დავვრუნდები ჩვენ დავბრუნდებით მიყვარხართ.

საემიგრაციო მედია Aprioritv

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts