BREAKING

გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი

,,სამართლის სიყვარულით იტალიამდე” – ლინდა ბოლქვაძე რუბრიკაში ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი”

24 წლის ლინდა ბოლქვაძის ემიგრანტული გზა მისი თანატოლი ემიგრანტების უმრავლესობის ისტორიისგან განსხვავდება. მისი ოცნების ქვეყანას: იტალიას, ის სამართალმცოდნეობის სიყვარულით დაუკავშირდა, ის აქ სასწავლებლად ჩამოვიდა. ლინდა ერთ-ერთი ის ახალგაზრდაა, ვინც გამოწვევებს არ შეუშინდა და ცხოვრება ოჯახისგან და ახლობლებისგან შორს , უცხო ქვეყანაში დაიწყო.

ლინდამ საქართველოში წარჩინებით დაამთავრა ბაკალავრიატი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში , ხოლო მაგისტრატურაზე სწავლა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში კერძო სამართლის მიმართულებით დაიწყო. ახალგაზრდა ემიგრანტი ყოველთვის ცდილობდა გარკვეულ სასწავლო ჩარჩოებში არ მოქცეულიყო , მისი ინტერესები თეორიულ ცოდნას ცდებოდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი ჩართული იყო საერთაშორისო პროექტებსა და ადგილობრივ ინიციატივებში და მონაწილეობდა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. ,,ეს გამოცდილებები არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებაში მეხმარებოდა, არამედ თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარებაშიც.თვითგანვითარება ჩემთვის მხოლოდ პროფესიული აუცილებლობა კი არა, ცხოვრების სტილია”

კერძო სამართალი ლინდასთვის დაკავშირებულია ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ეს სფერო მისი გაგებით, ზრუნავს სამართლიანობაზე და სოციალურისტაბილურობის შექმნაზე, რის გამოც მან არჩევანი სწორედ ამ მიმართულებაზე შეაჩერა. ,,ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობა, რომ სამართალი ემსახურებოდეს არა მხოლოდ კონფლიქტების გადაწყვეტას, არამედ ურთიერთობების გამყარებასა და სამართლიანი წესების დამკვიდრებას. სწორედ ამაში ვხედავ პროფესიულ კმაყოფილებას და მოტივაციას — ვიყო არა მხოლოდ პრობლემის გადამწყვეტი, არამედ სოციალური სამართლიანობის ხელშემწყობი პრაქტიკაში”

რაც შეეხება იტალიაში სწავლის გაგრძელებას, ყველაფერი აღმოსავლეთ უნივერსიტეტში დაიწყო, როდესაც ლინდამ იქ მოქმედი შესაძლებლობა გამოიყენა. უფრო კონკრეტულად კი, ამ სასწავლებელს პარტნიორული შეთანხმება აქვს ტუშას უნივერსიტეტთან, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მაგისტრატურა ორ ქვეყანაში გაიარონ და აიღონ ორმაგი დიპლომი. ,,პროგრამაზე მხოლოდ 8 ადგილი იყო გამოყოფილი, ამიტომ ძალიან რთული კონკურენციის პირობებში დიდი მონდომებით და მუდმივი მუშაობით შევძელი აქ მოხვედრა.”

ახალგაზრდა ემიგრანტი ამჟამად უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ფაკულტეტზე სწავლობს, სადაც მისი მთავარი სპეციალიზაცია მიგრაციის საკითხებია. ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამომავლო პროფესიული გეგმები პირდაპირ არ არის დაკავშირებული მიგრაციასთან, საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე უსაფრთხოების მდგომარეობის ცვლილებების ფონზე, მიგრაციის საკითხები საქართველოში განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩევა.ამიტომ, მიგრაციის სფეროში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც საშუალებას მომცემს უფრო ეფექტურად ჩავერთო ამ საკითხებთან დაკავშირებულ პროცესებში”

ემიგრაციის პირველი თვეები, განსაკუთრებით კი ოჯახისგან და საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა, ლინდასთვის რთული აღმოჩნდა, ეს იყო მისთვის ახალი ცხოვრებისეული გამოწვევა, რაც მან დროთა განმავლობაში ნელ-ნელა დაძლია. ,,ჩემი ყოველდღიურობა ახალი წესების მიხედვით ავაწყვე და ნელ-ნელა ეს უცხო სივრცე „ჩემად“ ვაქციე. ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ამ პერიოდში მიღებული გამოცდილება ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გაკვეთილად იქცა — მასწავლა მოთმინება, სიმტკიცე და ის, რომ წინსვლა მხოლოდ შინაგანი ძალის მობილიზებით არის შესაძლებელი.”

ამის გარდა, პირველ თვეებში, ახალგაზრდა ემიგრანტისთვის ყველაზე რთული იტალიურ ბიოროკრატიულ პროცედურებთან გამკლავება იყო, განსაკუთრებით როცა ეს სხვადასხვა ინსტიტუციასთან ურთიერთობას, დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და ოფიციალური პროცესების გავლას ეხებოდა. ,,დღეს უკვე ამ სირთულეს გამოცდილებად ვხედავ — გამოცდილებად, რომელმაც განმივითარა პასუხისმგებლობა, თვითდამოუკიდებლობა და ცხოვრების ახალ რეალობასთან ადაპტაციის უნარი.”

ლინდა დღეს უცხო მიწაზე მყარად და ძლიერად დგას,იმის მიუხედავად, რომ მასაც სხვებივით შინაგანი მარტოობის განცდა ხშირად ჰქონდა. ,,ოჯახის და საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა განსაკუთრებით დღესასწაულებსა და სიჩუმით სავსე საღამოებზე ხდებოდა აუტანლად მძაფრი.”

განსხვავებული კულტურის,ცხოვრების სტილის და ბიუროკრატიული სირთულეების მიუხედავად, იტალიას როგორც მასპინძელ ქვეყანას, ახალგაზრდა ემიგრანტი, დადებითად აფასებს. ,,იტალიელების თბილი დამოკიდებულება, ურთიერთობების ღიაობა და მათი ცხოვრებისადმი პოზიტიური განწყობა ბევრს ნიშნავს უცხოელისთვის.ეს ქვეყანა გმასპინძლობს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც — გაძლევს სივრცეს გაიზარდო, განვითარდე და იპოვო შენი ადგილი ახალ გარემოში”

ხოლო, როგორც სტუდენტს, იტალია მას მაღალხარიხიანი განათლების მიღებისა და მრავალფეროვანი საერთაშორისო აკადემიური გარემოს ათვისების საშუალებას აძლევს.,,კონტაქტი სხვადასხვა კულტურისა და ცოდნის მქონე ადამიანებთან აუმჯობესებს ჩემს კომუნიკაციურ და პროფესიულ უნარებს

რა განასხვავებს იტალიის და საქართველოს სასწავლო სისტემებს? როგორია სტუდენტური ცხოვრება იტალიაში? ლინდა გვპასუხობს, რომ მაშინ როდესაც ქართული განათლების სისტემა უფრო თეორიულ ცოდნაზეა დამყარებული , იტალიური სისტემა უფრო მეტად პრაქტიკულ გამოცდილებაზეა ორიენტირებული. იტალია , ასევე განსაკუთრებით გამოირჩევა საერთაშორისო სტუდენტების სიმდიდრით, რაც მათ ინკლუზიურ გარემოს უქმნის. ,,სტუდენტური ცხოვრება იტალიაში მეტად მრავალფეროვანი და დინამიკურია. აქ სტუდენტებს აქვთ შანსი ჩაერთონ სხვადასხვა კულტურულ, სოციალურ და აკადემიურ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ პიროვნულ განვითარებასაც.”

მათ ვინც ახლა ფიქრობს იტალიაში სწავლის დაწყებას, ახალგაზრდა ემიგრანტი მათ ურჩევს, რომ პირველ რიგში, იტალიური ენა ისწავლონ, რათა თავიდანვე უფრო რეალიზებულები გახდნენ. ,,ენის ცოდნის გარეშე ადაპტაცია და წარმატება ბევრად რთულია.”

ლინდა მის თავს სამომავლოდსაქართველოში ხედავს და ამბობს, რომ მისი დიდი სურვილია მიღებული ცოდნა სწორედ მშობლიურ ქვეყანაში გამოიყენოს. ,,ვგრძნობ პასუხისმგებლობას დავეხმარო ქართულ საზოგადოებას და განათლების სისტემას, ახალი იდეებითა და შესაძლებლობებით.”

ლინდა უკვე ერთი წელია დანიშნულია. მისი რჩეული მეზღვაურია — რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირი განშორება მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ,,ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებულია ღრმა ნდობაზე და ურთიერთგაგებაზე. როცა ერთმანეთს ვშორდებით, ვხვდებით, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ერთიანობა არის ის, რაც მუდმივად გვაძლიერებს. ეს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიყვარული და ნდობა იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე

ახალგაზრდა ემიგრანტს თავისუფალ დროს, გემრიელი კერძების მომზადება მოსწონს. ,,ეს ჩემი თერაპიაა, განტვირთვა და ენერგიის მიცემა ჩემივე თავისთვის.”

რას ეტყოდა საკუთარ თავს იმ დღეს, როცა პირველად აეროპორტში იდგა? – ,,დარწმუნებული იყავი საკუთარ შესაძლებლობებში. ეს ნაბიჯი ახალი გამოცდილებისა და შესაძლებლობების დასაწყისია. მიუხედავად გაურკვევლობისა და გამოწვევებისა, შენი სიძლიერე, მოთმინება და მიზანდასახულობა დაგეხმარება წინსვლაში. გაიხსენე, რომ მანძილი ვერ არღვევს ნამდვილ სიყვარულს. გამბედავად გადადგი ეს ნაბიჯი – წინ ბედნიერება და განვითარებაა.”

AprioriTV -ს რუბრიკის ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი” ავტორია ჟურნალისტი ნინო ბოლაშვილი. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ინტერგაციაში და მეტი მოტივაცია მივცეთ.

AprioriTV-ს რუბრიკის „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ ოფიციალური სპონსორია ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყველა სახის საემიგრაციო მომსახურებას სთავაზობს. Geo House-ის მხარდაჭერით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდა ემიგრანტების ისტორიების გაცნობას, რათა მათ გამოცდილება, წარმატებები და გამოწვევები ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts