31 წლის მარი ბაზმანი ქალაქ ბარიში ცხოვრობს. იგი იტალიაში, ძმასთან ერთად, 2011 წელს ჩამოვიდა. დედა, ემიგრანტი მათზე ადრე გახდა და შვილები საბუთების პროცედურების მოგვარებისთანავე ჩამოიყვანა. ,,სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა იტალიაში წამოსვლა, დედასთან ახლოს ყოფნა და აქ სწავლა. შესაბამისად, არ ყოფილა რთული ჩემთვის ქვეყნის დატოვება. ზოგადად, ბავშვობიდანვე მიყვარდა უცხო ენები და ალბათ დამოუკიდებლად მაინც წავიდოდი რომელიმე ქვეყანაში სკოლის დამთავრების შემდეგ. ვისაც უყვარს უცხო ენები და ჩემი პროფესიის ადამიანია, მარტივად გამიგებს.”
ახალგაზრდა ემიგრანტი ენის ბარიერის გადალახვის მიზნით, თავდაპირველად იტალიურს დღეში 8-9 საათი მეცადინეობდა. მარის თქმით, იმ დროს არ არსებობდა ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი მასალები, რის გამოც ენას ინგლისურის დახმარებით მეცადინეობდა. ,,არცერთი სიტყვა არ ვიცოდი იტალიურად, თუმცა იმდენად მინდოდა იტალიაში განათლების მიღება, ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაფერს ვიზამდი ამ ბარიერის გადასალახად.”
მარის მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და იგი ორი წლით მაღალ საფეხურზე დასვეს. მან ერთ-ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლინგვისტური ლიცეუმი ,,მარკო პოლო” წარმატებით დაამთავრა და დიპლომიც აიღო. გოგონას თავის დამკვიდრება და მეგობრების გაჩენა არ გასჭირვებია. ,,ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით იყვნენ ჩემი კლასელები ჩემს მიმართ. დიდი მნიშნელობა აქვს სკოლას და სკოლის მიმართულებას. უცხო ენებზე ყოველთვის ისეთი ბავშვები სწავლობენ, ვისაც მართლა უყვარს სწავლა და ამაზე არიან ორიენტირებულნი, თანაც როცა შენ სხვა ენებს კარგად ფლობ, დიდი პატივისცემით გიყურებენ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც. ვიცი, რომ ტექნიკური მიმართულების სასწავლებლებში თავის დამკვიდრება უფრო რთულია, რადგან სხვანაირი გარემოა. ამაში ნამდვილად გამიმართლა.”
კოლეჯის დასრულების შემდეგ, მარი ბარის ,,ალდო მოროს ” უნივერსიტეტში , უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ახალგარზრდა ემიგრანტი სტუდენტობის წლებს ტკბილად იხსენებს. ,,ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს დავარქმევდი სტუდენტობის წლებს. ეს იყო ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა. უამრავი მეგობარი გავიჩინე და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან ვაფასებ იტალიური სწავლის მეთოდს. მთელი ეს პროცესი იყო უზომოდ სასიამოვნო და ბევრის მომცემი.”
2014 წელს მარიმ დაასრულა უნივერსიტეტი და ე.წ. ,,dottoressa” -ს სტატუსი მიიღო. სწავლის პერიოდში მან რამოდენიმე კურსიც გაიარა, მაგალითად ,,,ევროკავშირის სისტემა და კანონები”, ,,საერთაშორისო სამართალი”, ,,დევნილთა მიღება ევროკავშირის ტერიტორიაზე” და ა.შ. ,,ეს კურსები ლექციების პარალელურად მიმდინარეობდა. ასე ეხმარებიან სტუდენტებს, რომ იპოვონ საკუთარი გზა სწავლის დასრულების შემდეგ.”
ახალგაზრდა ემიგრანტმა უკრაინის საკონსულოში სამთიანი სტაჟირების პორგრამაც გაიარა. ,,საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც უცხო ენების სწავლება და თარგმანი ავარჩიე მომავალ პროფესიად”
უნივერსიტეტის და კურსების დასრულების შემდეგ, მარი ოთხი წლის განმვალობაში ბარის ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში მიმღების ზედამხედველად მუშაობდა. ,,პირველი კარი, რომელიც უცხო ენების ცოდნამ გამიღო, იყო ტურიზმის სფერო. სამსახურის პოვნა არ გამჭირვებია უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ.”
ახალგაზრდა ემიგრანტი ამჟამად დისტანციურ თარგმანზე და დისტანციურ კონფერენციებზე მუშაობს და იგი თანამემამულეებს იტალიურ ენას ასწავლის. მარის ავტორობით, 6 წიგნი გამოიცა. ექვსივე წიგნი იტალიური ენის შესწავლის თემაზეა, საწყისიდან უმაღლეს დონემდე, როგორც გრამატიკა, ასევე ლექსიკა.,, წარმატებულ პროექტებად მიმაჩნია, რადგან ბევრი ადამიანის დახმარება შევძელი ჩემი წიგნების საშუალებით. სულ ვიხსენებ იმას, თუ როგორ ვიწვალე მე იტალიური ენის შესწავლისას და ბედნიერი ვარ, რომ ახალ ჩამოსულებს არ უწევთ ასეთივე წვალება ენის შესასწავლად.მაქვს შემოთავაზებები იტალიელებისგან ენის პროექტებზე, თუმცა ჯერ არაფერი გადამიწყვეტია და არ ვიცი, რა იქნება.”
მარი სოციალურ მედიაში საკმაოდ აქტიურია, ,,300 ზე მეტი უფასო ვიდეო-გაკვეთილი მაქვს ჩემს იუთუბ არხზე და ხშირად ვდებ ჩემს ფეისბუქ გვერდზე ახალ, მოკლე გაკვეთილებს და სხვადასხვა სახის უფასო მასალას”
ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, მისი მთავარი მიღწევა თანამემამულეების მადლიერება და სიყვარულია. ,,თავდაუზოგავად ვმუშაობ იმისთვის, რომ სულ მცირედით მაინც შევუმსუბუქო მათ იტალიაში ყოფნა”
რაც შეეხევა პირად ცხოვრებას, მარი უკვე 7 წელია გათხოვილია. მას ერთი წლის წინ პატარა სანდროც შეეძინა. ოჯახის შექმნის შემდეგ, გოგონას ერთი წელი საქართველოში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე, ბექა იქ მუშაობდა. ,,ერთი წლის შემდეგ, იტალიაში ერთად ჩამოვედით, რადგან ძალიან გამიჭირდა ოჯახისა და მეგობრების გარეშე ყოფნა. ბექა პროფესიით მსახიობია, მან დათმო მისი საქმე და წამოვიდა ჩემთან ერთად ახალი ცხოვრების დასაწყებად. ძალიან მადლიერი ვარ მისი ამის გამო. არ იყო იოლი მისთვის ამხელა ცვლილება, ბევრი სირთულე გადავლახეთ ერთად”
მარის თქმით საქართველოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა იქაურობა ძალიან ენატრება. საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე სამშობლოში ხშირად ვერ ჩადის. ,,ყველაზე მეტად ქართული სტუმართმოყვარეობა, ჩემი ნათესავები და ახლობლები და ქართული სამზარეულო მენატრება. სამუდამოდ წასვლაზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რადგან ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. აქ მყავს ოჯახი, ფაქტიურად აქ გავიზარდე, აქ მყავს მეგობრები.”
რა მთავარი განსხვავებაა ქართველ და იტალიელ ახალგაზრდებს შორის? ახალგაზდა ემიგრანტის თქმით, იტალიელები ფუფუნებას არიან მიჩვეულები. ,,ქართველმა ახალგაზრდებმა კი ორმაგად, სამმაგად უნდა იშრომონ, იმისთვის, რომ რამეს მიაღწიონ. გული მტკივა ამაზე და ვგულშემატკივრობ ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს. ღმერთმა ყველას მოუმართოს ხელი და დასახული მიზნებისთვის მიაღწევინოს.”
მარი თანატოლებს სწავლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს რომ თუ ისინი მიზანს დაისახავენ, ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ, მიუხედავად იმისა რომ უცხო ქვეყანაში ემიგრანტები არიან. ,, კარგად აარჩიეთ მომავალი პროფესია და ერთ მიმართულებას მიჰყევით. სხვებზე მეტი შრომა და წვალება მოგიწევთ, თუმცა თუ მიზანს დაისახავთ, აუცილებლად მიაღწევთ. არავინ უკან არ დაგხევთ იმის გამო, რომ არ ხართ იტალიელი. ეს სტერეოტიპი არსებობს სამწუხაროდ და ხშირად აშინებენ ახლგაზრდებს. დამიჯერეთ, არაა ასე, მოინდომეთ, ისწავლეთ და არასდროს არ დაგაფასებენ იტალიელებზე ნაკლებად. წარმატებებს გისურვებთ ყველას, ყველას გესახელებინოთ ჩვენი ქვეყანა უცხო მიწაზე.”
,,აპრიორი ტივი” ახალგაზრდა ემიგრანტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.
სტატიის და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი