BREAKING

ემიგრაცია

„მინდა რომ მაგალითი ვიყო იმ ემიგრანტებისთვის ვინც ფიქრობს, რომ ემიგრაციაში მომვლელის და დამლაგებლის იქით შესაძლებელი არ არის მუშაობა“ – ემიგრანტის გზა

როდესაც Apriori TV დამფუძნებელი ქალბატონი ხათუნა შარაძე, დამიკავშირდა და მითხრა, ჩემი ისტორია დამეწერა, ვფიქრობდი უბრალოდ დავწერ მეთქი, მაგრამ ემოციების გარეშე არ შემიძლია გადმოვცე რას ვგრძნობ. მინდა რომ მაგალითი ვიყო იმ ემიგრანტებისთვის ვინც ფიქრობს, რომ ემიგრაციაში მომვლელის და დამლაგებლის იქით შესაძლებელი არ არის მუშაობა. ყველაფერი შეგიძლიათ! მოინდომეთ და ღიად თქვით რა გსურთ.

მე ვარ ლელა შარიქაძე, ემიგრანტი საქართველოდან. ვცხოვრობ და ვმუშაობ რომში. ერთ-ერთ კომპანიაში, პროფესიონალი მკერავის პოზიციაზე. როგორ მოვედი აქამდე? გიამბობთ და ბევრ მადლობას ვიტყვი, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემ თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯში. უფლის წყალობით და ჩემი შრომისუნარიანობით, ყველაფერი გამოვიდა. ჩემი ცხოვრება, კარიერას და სწავლას დავუთმე. არც ვნანობ ამას. ჩვენს მეტმა არავინ იცის, ემიგრაციაში ვინ რა მიზეზით და ვინ რა ფსიქიკით ჩამოვდივართ. ზოგჯერ გაამხელ და ზოგჯერ დადუმდები, მაგრამ ეს ის დროა როცა მეთქმის.

იტალიაში ეკონომიკური კრიზისი გამო არ ჩამოვსულვარ და არც იმიტომ, რომ მშიოდა. იმის მიუხედავად რომ ჩემს პროფესიაში საკმაოდ წარმატებულად ვმუშაობდი, იყო ბევრი მიზეზი, რის გამოც, დავტოვე საქართველო. ოთხი წლის წინ რომ გეკითხათ (და არავის გიკითხავთ) მე რას ვგრძნობდი, გიპასუხებდით, რომ სიცოცხლე არ მინდოდა! მიზეზი? არაჯანსაღი გარემო (ოჯახს არ ვგულისხმობ) არ ვიყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი და თავს დაკარგულად ვგრძნობდი. რაღაც ისე არ იყო და ვერ ვახერხებდი საკუთარი თავის და შესაძლობების სწორად რეალიზებას. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, შემეცვალა ჩემი ცხოვრება. ეხლა რომ ვფიქრობ, ძალიან მრცხვენია იმ სუიციდური ფიქრების, იმდენად დამიწიეს თვითშეფასება, არასწორ გარემოში, რომ არც კი მჯეროდა თუ შემეძლო ჩემი ჩანაფიქრის შესრულება. მაგრამ ამ ყველაფერმა გაიარა. წარსულში დარჩა.

19 წლის წინ, დედას სამკერვალო ფაბრიკაში წავყევი, კერვის შესასწავლად და სამუშაოდ. იმის შემდეგ, მუდმივად ვსწავლობ და ვმუშაობ.

დედაც მკერავია და ბევრი რამ მისგან ვისწავლე, ბავშვობიდან ვკერავდი. როცა ამბობენ წარმატების შემდეგ ავიწყდებათ საიდან დაიწყესო, მეც დავფიქრდები ხოლმე, გეტყვით კიდეც საიდან დავიწყე და იმ დასაწყისის დამსახურებაა ეს შედეგიც. რაც უფრო უცნაურია, ახალი დაწყებული მქონდა სწავლა მხოლოდ 18 წლის ვიყავი, პატარა სამკერვალო რომ ჩამაბარეს და მითხრეს, “აქ უფროსი შენ ხარ ლელა”. არც კი დავეჭვებულვარ შემეძლო თუ არა, რადგან ეს იყო ჩემი, საყვარელი საქმიანობა. შემდეგ, უფრო დიდი ფაბრიკის ხელმძღვანელის თანაშემწე გავხდი. ამის შემდეგ გადავედი, ფაბრიკის ხელმძღვანელი და დიზაინერის პოზიციაზე ისევ სხვა ფაბრიკაში. შემდეგი იყო, ატელიე თბილისში. საკმაოდ წარმატებული და პრესტიჟული. მაგრამ, ესეც დავტოვე რადგან ვფიქრობდი რომ ვერ ვვითარდებოდი ისე, როგორც მე მსურდა. ამის შემდეგ რვა წელი საკუთარი ატელიე მქონდა ჩემს რაიონში. გამოცდილების მისაღებად და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თურქეთში წავედი და სტამბულში ერთ-ერთ ფაბრიკაში დავიწყე მუშაობა. მხოლოდ 7 თვით გავჩერდი რადგან, იქაურ, ზაფხულის კლიმატს ვერ შევეგუე. დავბრუნდი საქართველოში, ჩემს ატელიეში და ორი წლის შემდეგ, თბილისში გადავედი სამუშაოდ, ორი წლით. ამის შემდეგ იმდენად ხშირად დაგვკეტეს კოვიდის გამო, ჩემი გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე და ემიგრანტების ნაკადს მეც შევუერთდი.

ჩამოვედით რომში, მე და ჩემი მეგობარი სოფო, თითო პატარა ჩემოდნით და ჩვენი საკუთარი თავის იმედით.

სამი წელია იტალიაში ვარ, ბებიების მომვლელადაც ვმუშაობდი და დამლაგებლადაც, არაფერი მითაკილია, რადგან მიზანი მქონდა. დღეს, სამ უცხო ენას ვეუფლები, მუშაობის პარალელურად და წინ მივიწევ. საკუთარი თავის მჯერა, და ჩემი მეგობრებისაც, რომლებიც მუდმივად მეუბნებნებიან, რომ მე ყველაფერი შემიძლია! მადლობა ამისათვის. დავიჯერე – სიტყვას დიდი ძალა აქვს, მე კი ირგვლივ ძალიან კარგი ადამიანები მყავს. მადლობა თითოეულ მათგანს! მე არავის სიკეთეს არ ვივიწყებ.

ბევრს აინტერესებს როგორ დავიწყე მუშაობა მკერავის პოზიციაზე. რა თქმა უნდა ქართველი ოქროს გულიანი გოგონების დახმარებით. არც კი ვიცი უნდა ვთქვა თუ არა მათი სახელები მაგრამ ამ ორი ადამიანის დახმარებით ჩემი ცხოვრება მართლაც შეიცვალა. სამყაროში არსებობს რაღაც ძალიან დიდი ძალა რომელიც გისმენს და გაძლევთ იმის შესაძლებლობას რაც ისურვეთ.

მაშინ როდესაც, სამსახურიდან გამომიშვეს, რადგან დალაგების გარდა, საჭმელიც უნდა მომემზადებინა და მე უარი ვთქვი მზარეულობაზე. ავტობუსით ვბრუნდებოდი სახლში და დანა კბილს არ მიხსნიდა, ისეთი სიმწრის სიცილი მქონდა, თან სამსახური მინდოდა, ოღონდ დამლაგებლის პოზიციაზე არა! უფალს ვთხოვე რომ ჩემი პროფესიით მქონებოდა სამსახური… თხოვნის დასრულება და მირეკავს, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, (ნამდვილად მიმაჩნია მეგობრად) რომელიც ასევე ემიგრანტია ფლორენციაში. მეუბნება; ” ლელა, ჩემმა მეგობარმა დამირეკა რომიდან, სამკერვალოში მკერავის ადგილია და დარეკე ეხლავე იქნებ გაგიმართლოსო “. – დავრეკე და შევთანხმდით შეხვედრაზე. ამიყვანეს გამოსაცდელი ვადით. მაგრამ მესამე დღეს, უკვე მითხრეს, რომ ხელშეკრულებას დამიდებდნენ. რადგან მოეწონათ ჩემი შესრულებული სამუშაო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ის მივიღე, რაც მინდოდა. თან იმ სამ დღეში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმიც კი არ მიჩვენებია მათთვის. თვე ნახევარია რაც ვმუშაობ და ჩემით კმაყოფილები არიან. მე არავის გავუცრუებ იმედებს პირველ რიგში საკუთარ თავს. ვცხოვრობ ჩემი წილი ცხოვრებით, იმ ცხოვრებით რაც ჩემთვის გაიმეტა უფალმა. იმედით, მიზნებით, სიკეთით და სიყვარულით. არც ჩემს წარმატებას არ ვახვევ თავზე არავის და არც ჩემს საფიქრალს. წინ კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი და ხშირად გაიგებთ ჩემს სახელს.

სამომავლო გეგმებზე არაფერს ვიტყვი, რადგან არც დამიგეგმავს რაიმე. ჩემი სამუშაო მოიცავს: ✔️კონსტრუირებას, ✔️ გამოჭრას, ✔️შეკერვას, ✔️გადაკეთებას. (არ ვაზუსტებ რომ მხოლოდ ტანსაცმლის, ზოგჯერ სხვადასხვა სახის შეკვეთის მიღებაც ხდება) ✔️სხვადასხვა სახის ქსოვილზე და ტყავზე. ✔️თარგების შედგენა დიზაინის მიხედვით დამკვეთისათვის. ✔️ დამკვეთებთან ურთიერთობას. ✔️კომპიუტერში, პროგრამულ მომსახურეობას. ✔️ სხვადასხვა მანქანა დანადგარზე მუშაობას და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას.

ემიგრანტებო ნუ აირჩევთ მხოლოდ მომვლელის პოზიციას. არსებობს ბევრი პროფესიული კურსები.

პირველ რიგში ენის შესწავლა არის მნიშვნელოვანი, ზოგი ფიქრობდა რომ დროს ვკარგავდი როდესაც იტალიური ენის და კულტურის სკოლაში დავიწყე სწავლა. მე არაფერი დამიკარგავს. გირჩევთ რომ გაიაროთ ეს კურსები და გააზრებულად დაიწყოთ სამსახური. ბევრი ქართველი ემიგრანტების წარმატებები გაგვეგოს!

AprioriTV-იტალია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts