პირველი შესაძლებლობისთანავე საქართველოში გავიქეცი. მარიამს სკოლა 13 ივლისს დაუმთავრდა და 14 ივლის საქართველოში გავფრინდით. კი პირდაპირი გაგებით, – გავფრინდით! ეს იყო დაბრუნების მოლოდინით გამოწვეული სრულიად არაბუნებრივი მდგომარეობა, რომელსაც ვერაფრით ვიმორჩილებდი.
არ დავემშვიდობე არავის, უკან ვერაფერს მოვუხედე, პრინციპში ჩემს უკან არც არაფერი იდგა იმაზე დიდი ვიდრე საქართველოში დაბრუნება. სირცხვილი ვჭამე ადამიანებთან, ვინ იცის და ვაფიქრებინე იმ ამოშენებული კედლის მორღვევა, რომელსაც ემიგრანტებს უშენებენ ხოლმე ცხვირწინ, მაგრამ ისინი ვისაც არ დავემშვიდობე ჩემი ადამიანები არიან, იციან რომ ქართველი შეიძლება ნოსტალგიით მოკვდეს და არ ინანებენ რომ ჩვენს შორის კედელი არ იყო. ასჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ისინი ჩემი იტალიური ცხოვრების რწმენა და კაცთაშორის სიყვარულის მაგალითები არიან!!!
როგორ ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ადრინდელ მოკლემეტრაჟიან ვიდეოში იყო, ისე მოვიქეცი, – ავდექი და უკანა კარიდან გავიპარე!
გავიპარე და ნოსტალგიის ფონზე ვინარჩუნებდი საღი აზროვნების უნარს. არ დამიშვია, რომ მეგაპოლისში მივდიოდი, მაგრამ მივდიოდი სამოთხეში, ჩემს წილ სამოთხეში, რომელში ყოფნაც გონებისა და სხეულისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა! სახლში დამხვდა დედა და მამა, მამიდა ქეთო… ჩემი უსაყვარლესი მოხუცი მეზობელი თალიკო აღარ დამხვდა სახლში. სასაფლაოზე მივაკითხე მას. ჩემს ლენას და ნიკოლოზს მივაკითხე, საფლავი ბალახებისგან გავუსუფთავე და ყველაფერი მოვუყევი რაც ემიგრაციაში გადამხდა. ჩემი ბებია და ბაბუა მეორედ მოვკალი, ჩვენ ოდესღაც დიდი და ძლიერი ოჯახი გვქონდა, მყარი და ფერიცვალების სუფრასავით სავსე!!! ისინი მეორედ მოვკალი როცა მოვყევი ვინ ვიყავი სხვის ქვეყანაში.
მიცვალებულები არ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენ, ცოხლები ვლაპარაკობთ ბევრს. მე ძალიან მიყვარს საუბარი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ჩვენი მჭახე ქართული სხვებს ყურში უხეშად ეჩვენებათ, მას შემდეგ უზომოდ შემიყვარდა საუბარი და რადგან საქართველოში ყოფნის ორთიანი ფუფუნების შანსი მივეცი საკუთარ თავს უსასრულოდ ვსაუბრობდი. კეკელიძის ბიბლიოთეკებს დავემსგავსე, ყველგან დავდიოდი და ყველგან ვლაპარაკობდი.
ვისაც მხატრული ლიტერატურა არ გიყვართ ისინი ნუ წაიკითხავთ ჩემს წერილებს, შეიძლება რაღაცეები სულელურად ან გოიმურად მოგეჩვენოთ, ამიტომ ასქროლეთ, ყველა ასაკობრივი ზღვარს აკმაყოფილებს დღევანდელი სოციალური სივრცე, ასე რომ შეგიძლიათ ან ჰორორს უყუროთ, ან სამეცნიერო ფანტასტიკას ანდა მელოდრამზე ტირილით გაიგუდოთ. მე ნუ დამიდგენთ წესებს თქვენი ჭირიმე.
სახლში დამხვდა მონატრებული სუნი და მეორე დღესვე ჩემთან გაჩენილი ჩემი ადამიანები, თხემით-ტერფამდე ბავშვობის სუნი რომ ასდით და დღეში ასჯერ გულში ჩახუტება რომ შეგიძლია. ჰო და ვისხედით გათენებამდე და ათასჯერ მოყოლილ ამბებს და ისტორიებს ვინ იცის მერამდენედ ვუყვებოდით ერთმანეთს. ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა მინდოდა მარიამისთვის ყოფილიყო C, E, K და B ჯგუფის ვიტამინები, ომეგა-3 და ა.შ. როგორც მეხსიერებაში ღრმად ჩასაბეჭდი მოგონებები.
შუაგული ყველაზე უსაფრთხოა, ამიტომ შუაგულ ხიდზე ვდგავარ და ვცდილობ ისე არ წამახდინოს ცხოვრებამ, რომ უსაფრთხოების განცდა დავკარგო. მიყვარს ჩემი ქვეყანა და პატივს ვცემ იტალიას, ის ჩემს შვილს და ოთხ ძმისშვილის მიზრდის და მინდა ორივეს წინაშე ღირსება შევინარჩუნო. ჯერ კიდევ ძალების მოსინჯვის პროცესში ვარ და შეიძლება ხვალ სხვა რეალობაში სხვა მსჯელობის საგანი გახდეს მოვლენათა ერთობლიობა, მაგრამ დღეს აქ ვარ ასე ვფიქრობ!
მე ემიგრანტი ვარ! ჩვენ ემიგრანტები ვართ და ამით ყველაფერი ნათელია! ამაზე დიდ დანაშაულს, ჩვენს წინაშე გლობალიზაციისა და განვითარების ეპოქაში ვერავინ ვერაფერს ჩაიდენდა!
ხათუნა შარაძე, ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიაში