„აღარა აღარაოო“
ასე მგონია ნორმალურები არ ვართ, გამომწყვდეულები 24 საათები და კვირაში ერთი ან ორი დღე თოვლში, მზეში, ქარში ვატარებთ ამ დღეებს რომლსაც კანონით დასვენების დღე ჰქვია და დასვენებაა მოხუცებისაგან მხოლოდა. აბა ქუჩაში მთელი დღე როგორი გასატარებელია, ჩემი „დასვენების“ დღის გეგმა წირვაზე დასწრებით იწყება, მერე მეგობრებთან შეხვედრით, ერთად სადილობით და მერე ზაფხულის 40 გრადუსს სიცხეში სად მივდივართ 7 საათამდე, რადგან მერე ვირაზმებით სახლებისაკენ რათა 8 საათზე სახლში ვიყოთ.
არა ვართ ნორმალურები არაა, ზოგი ამ რეჟიმს ვერ ეგუება ზოგი გაწონასწორებული ანაწილებს დროს რაღანაირად, ზოგს გარეთ გამოსვლა არც უნდა, ზოგნი მეგობართან გადიან ვის სამსახურშიც შესაძლებელია სტუმრობა, ზოგს ბინა აქვს აღებული და მეგობრები ადიან ერთად სადილობენ, ზოგნი გულის გადასაყოლებლად რესტორანში სადილობს, ერთობა ლამაზ სამოსში გამოპრანჭული, მაინც ყველაზე აკურატულები და ლამაზები ვართ რომ გამოვეფინებით ხოლმე ქართველები ხუთშაბათს და კვირაოს ქუჩებში.
ერთი იტალიელი ქალბატონი სალაროსთან რიგში დგომისას მეკითხება, – საიდან ხარო? – ქართველი ვართქო, ვუპასუხე. – გეტყობაო, ქართველები სულ ლამაზები და მოწესრიგებულები ხართო, ოღონდ ის მითხარი აღრა აღრაააა რას ნიშნავს ქართულადოო? – გამეცინა, ყურებამდე გავიკრიჭე, – არა, არაა, „ნოუ ნოუუს“ ნიშნავსმეთქიი, უი მე ვიფიქრე ცუდი სიტყვა ხო არ იყო და სულ მინდოდა მეკითხა რას ნიშნავდა, რადგან ქართველები გაბრაზებულები ამბობენ, აღრა აღრაოოო, – ამბობდა დამახინჯებულად ეს ქალბატინი და ჩემთან ერთად კისკისებდა. მერე დამემშვიდობა თავაზიანად და წავიდა …
ძალიან მესიამოვნა ქათინაური, ჩვენი ენის სწავლასაც იწყებენ ეს ადამიანები. ერთ სამსახურში ბაბუას „გმერთო მიშელეო“ ვასწავლე. ეს ბაბუა „მადლობისიმაო“ ქართულ იტალიურად მიხდის მადლობას..
არ ვიცი რა ვთქვა უკვე ხუთის წლის ემიგრანტმა, მე შევეგუეთქო ვერასოდეს ვიტყვი ემიგრანტობას. თვეებს ვითვლი მომდევნო ზაფხულამდე, შვებულება ჩემი სიცოცხლის გამახანგრძლუვებელი დროა და მაინც ვიტყვი, ვერ ვართ მთლად ნორმალურები ემიგრანტები და ნუ გაიკვირვებთ ხალხნო, ჩვენ ხომ არანორმალურად ვცხოვრობთ, გამომწყვდეულნი სხვის სახლებში და სხვის ცხოვრება შემოსხმული, ჩემოდნით ერთი სახლიდამ მეორეში, ერთი ქალაქიდან მეორეში…. აბა მშვიდობიანი დღე ჩემო ჯორჯიანებო.
ემიგრანტი თეონა ჭანტურია
იტალია, ქალაქი ბარი