იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და პოეზიის პროფესიონალი მთარგმნელი, მანანა ტაბატაძე ახალ ლიტერატურულ ინიციატივას იწყებს, რომლის მიზანიც ქართული პოეზიის იტალიურენოვანი სივრცისთვის გაცნობა და პოპულარიზაციაა.
როგორც პროექტის ავტორი აცხადებს, ის უკვე წლებია პოეზიის თარგმნით არის დაკავებული და ამჟამად პრემია „ივერიას“ ოფიციალური თარჯიმნის სტატუსსაც ფლობს იტალიაში. ცოტა ხნის წინ მან იტალიურ ენაზე თარგმნა ქართველი ემიგრანტი პოეტის, თამარ კაკაურიძის პოეტური კრებულის — „აზიმუტის“ — 25 ლექსი. აღნიშნული თარგმანებიდან ერთ-ერთი საერთაშორისო პოეტურ კონკურსზე FEDERICIANO-2025 6800 ნამუშევარს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა.
ამ წარმატების შემდეგ მანანა ტაბატაძემ გადაწყვიტა განახორციელოს საკუთარი ოცნება და შექმნას წიგნი სახელწოდებით — „100 პოეტი – 100 ლექსი“, რომელიც სრულად მიეძღვნება ქართველი ავტორების პოეტური ნაწარმოებების მისეულ იტალიურ თარგმანებს.
პროექტში მონაწილეობის მსურველ ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მათ მიერ შერჩეული ლექსები წიგნში ორიგინალ ენაზე, იტალიურ თარგმანთან ერთად გამოქვეყნდეს. გამოცემაში ასევე დაიბეჭდება თითოეული პოეტის პირადი ფოტო და მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია.
როგორც ავტორი განმარტავს, წიგნში შესატანად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ 5 ლექსი, რომელთაც კომპეტენტური რედაქტორი შეაფასებს. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება თარგმნის ეტაპი.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა. ავტორებს არ დაეკისრებათ არანაირი ფინანსური ვალდებულება — მათ მხოლოდ გამოცემული წიგნის შეძენა შეეძლებათ, რაც პროექტის მხარდაჭერის ერთ-ერთ ფორმად განიხილება.
ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული პოეზიისთვის საერთაშორისო ასპარეზზე ახალი შესაძლებლობების შექმნას და ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი შემოქმედების ხმის იტალიურ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას.
📩 პროექტით დაინტერესებულ პოეტებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციისთვის ავტორს პირადად დაუკავშირდნენ.
#AprioriTV #ქართულიპოეზია #ემიგრანტები #იტალია #კულტურა
