BREAKING

ინტერვიუ

გაიცანით ქართული ენის იტალიელი მასწავლებელი ვინჩენცო ბოტა – „იტალიელი თუ ერთხელ გთავაზობს რაიმეს აღარ უნდა დაელოდო რომ იმერელივით რამდენჯერმე შემოგთავაზებს“

საემიგრაციო მედია პლატფორმა AprioriTV-ის სტუმარი, იტალიელი, საქართველოზე შეყვარებული და ქართველების სიძე, Vincenzo botta – ვინჩენცო ბოტა გახლავთ. ის იტალიური, რუსული, ინგლისური, ფრანგული და ქართული ენის მასწავლებელია, ამასთანავე ვინჩენცომ, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ქართველ ემიგრანტებს თავი მალე შეაყვარა. გთვაზობთ ბლიც ინტერვიუს, რომელიც AprioriTV-ს ნეპოლის რეგიონის ჟურნალისტმა ნათია ვასაძემ ჩაწერა.

,,მე ვარ ვინჩენცო ბოტტა, დაბადებული და გაზრდილი ნაპოლში. არ მაქვს ძალიან დიდი ოჯახი. მყავს მშობლები, უმცროსი ძმა და მეუღლე რომელიც ქართველია თეონა ჩითინაშვილი, პროფესიით სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი. ოჯახის წევრებს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს.

გვიამბეთ სამშობლოზე: იტალიაში ბევრი ლამაზი ადგილია და გვაქვს 20 რეგიონი. ყოველი რეგიონი არის თავისებური სამყარო, თავისი კულტურით, მენტალიტეტით, დიალექტით და აგრეთვე სამზარეულოთი.

ტრადიციები, რომელიც შთამომავლობას ოდითგანვე გადაეცემა, აგრძელებთ და მიყვებით მას?

– მე არ ვარ ტრადიციული, მხოლოდ ერთი ტრადიცია მაქვს შაბათს ვჭამო პიცა და დილას დავლიო კაპუჩინო.

როგორც ვახსენე 20-ვე რეგიონი ხასიათდება თავისი სამზარეულოთი, მე ერთ-ერთი რეგიონიდან ვარ, კამპანია. ჩვენს მხარეში გავრცელებულია “რაგუ” რომლის მომზადებასაც უნდა დიდი დრო, პიცა მარგერიტა და პიცა მარინარა, ბაბა, სფოლიატელლა და პასტიერა.

ყავა იტალიაში არ არის მხოლოდ სასმელი, ეს არის განსაკუთრებული სიცოცხლის და ენერგიის ძალა, ერთგვარი რელაქსია, გვიამბეთ ამის შესახებ

– ჩვენ გვაქვს „CCC“ წესი ყავასთან დაკავშირებით: caldo, comodo e carico (ცხელი, კომფორტში და სიტყვასიტყვით დატვირთული, ანუ ძლიერი). ჩვენ ვამატებთ მეოთხე C-საც: ეს არის in compagnia, ანუ სასიამოვნო ადამიანებთან.

ბევრს საუბრობენ, იტალიელების და ქართველების ხასიათის მსგავსებაზე, თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

– სამხრეთ და ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები ხალხი განსხვავებულები ვართ. სამხრეთ იტალიელები ვგავართ ქართველებს ცნობისმოყვარეობით, ემოციურობით, უფრო გახსნილები და თბილები ვართ.

იტალიური ხასიათი და ცხოვრების წესების შესახებ გვიამბეთ?

– იტალიელები შრომისმოყვარეები არიან და უმრავლესობას სიგარეტის გარდა არ აქვთ მავნე ჩვევები. ვგულისხმობ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. ოჯახი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როგორც ცოლისთვის ასევე ქმრისთვის და ყოველ ღონეს ვახმართ რომ ვიზრუნოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კვების დროები.

რისი ცოდნაა უცხოელისთვის აუცილებელი, უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდნენ.

– ჩვენ გვიყვარს ცხოვრების დაგეგმვა. იშვიათი რამეა რასაც სპონტანურად ვაკეთებთ. ლაპარაკისას და მესიჯების დროსაც ველოდებით, რომ გაგვაგებინებენ. აგრეთვე იტალიელი თუ ერთხელ გთავაზობს რაიმეს აღარ უნდა დაელოდო რომ იმერელივით რამდენჯერმე შემოგთავაზებს.

შესანიშნავად საუბრობთ ქართულ ენაზე, როდის გაჩნდა ინტერესი, რამდენად გაგიმარტივდათ?

– მე დავიწყე ენის სწავლა დაახლოვები 8 წლის წინ. მე შევნიშნე რომ ბევრი ქართველი ჩამოდიოდა და დავინახე, ემიგრაციაში ცხოვრება ადვილი არ არის. ვიფიქრე, თუ ენას ვისწავლი შემიძლია დავეხმარო მათ ემოციურად და სულიერად.

გვქონდა 1 წლიანი ფინანსური პრობლემა და ვფიქრობდით გამოსავალზე. შემდეგ ჩემმა ცოლმა მირჩია რომ გადამეღო ვიდეოები რომლებიც დაეხმარებოდა მომვლელებს და ასე დაიწყო „Italiano Vero Bottashvili“-ს ისტორია. ესაა ჩემი სოციალური ქსელის სახელი. მე ვასწავლი არამარტო მოკლე ვიდეოების დახმარებით, არამედ ვამზადებ და მაქვს ინდივიდუალური და ჯგუფის ონლაინ გაკვეთილები.

რა იცით საქართველს შესახებ?

– 2-ჯერ ვიყავი. ვიცი, რომ ისტორიით კულტურით და ტრადიციებით სავსე ქვეყანაა. შევნიშნე რომ ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, იმიტომ, რომ როცა ვთქვი იტალიელი ვარ ყველას სახლში უნდოდა წავეყვანე.

რა რჩევას მისცემთ იტალიურის სწავლის მსურველებს?

  1. არ დაკმაყოფილდნენ იმ ცოდნით რაც აქვთ.
  2. არ იფიქრონ, რომ უკვე დიდები არიან ენის სწავლისთვის.
  3. არ გაამახვილონ ყურადღება დაცინვაზე.

როგორ გაიუმჯობესონ გამოთქმა?

– გააკეთონ იმიტაცია ჩვენი საუბრის. ყურადღება მიაქციონ მახვილებს, რადგან ამან შეიძლება შეცვალოს სიტყვის მნიშვნელობაც კი. მაგალითად àncora და ancòra. პირველი ნიშნასვს “ღუზას” და მეორე ნიშნავს “კიდევ”.

ვისთვის არის თქვენი სასწავლო კურსები, რა მეთოდოლოგიით ასწავლით?

– ჩემი გაკვეთილები არის ყველასთვის. მე ვეთანხმები ერთ ლინგვისტს რომელმაც თქვა: “ენას ვერ ასწავლი, მაგრამ შეგიძლია შექმნა პირობები რომ პიროვნებამ ისწავლოს იგი”. ეს არის ჩემი მიზანი. ასე რომ მოსწავლე არ იქნება მარადიულად დამოკიდებული ჩემზე.

თქვენი გზავნილი ემიგრანტებთან, AprioriTV -ის მკითხელთან, მსმენელთან, მაყურებელთან

– არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან თუ სხვასთან, მაგრამ აუცილებლად ისწავლეთ იმ ქვეყნის ენა რომელშიც ცხოვრობთ. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში ხართ. რადგან ენა გეხმარებათ დაძლიოთ ემიგრანტობის წლები, შეიმსუბუქოთ სტრესი, გაიჩინოთ მეგობრები და გააგრძელოთ ახალი ცხოვრება.

ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ შაბათს, 22 თებერვალს, 15:00 საათზე, ვინჩენცო Aprioritv-ს ფეისბუქ ეთერის სტუმარი იქნება.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts