,,ვერ წარმოვიდგენდი, რომ იტალიის ჰიმნის შესრულება მომიწევდა“ – ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ოთანაძე

ოპერის მომღერალი

ქართული დიასპორული მედია პლატფორმა Apriori TV • აპრიორი ტვ – ს სტუმარი, იტალიაში, ქალაქ ნაპოლში მყოფი, ბრუნო მადერნას კონსერვატორიის მაგისტრატურის კურსდამთავრებული,ლუჩანო პავაროტის სახელობის თეატრის ახალგაზრდული საოპერო სტუდიის კურსდამთავრებული, როსინის ოპერის აკადემიის კურსდამთავრებული და  სან კარლოს თეატრის ახალგაზრდული საოპერო აკადემიის სოლისტი, ქართველი საოპერო მომღერალი, სოპრანო თამარ ოთანაძეა.

ოჯახის წევრებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ოთხი წლის თამარ ოთანაძის მუსიკისადმი სიყვარული. ვერ წარმოედგინათ, რომ ეს ყველაფერი მის მომავალს შეცვლიდა და პროფესიად აირჩევდა. ,,საოპერო მომღერლის პროფესია მხოლოდ სცენაზე დგომა და სიმღერა არ არის. ,,ურთულესია ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. უდიდეს ემოციურ მზაობას, ენერგიას და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია გახდა ჩემი ცხოვრება. – აღნიშნა თამარმა აპრიორითან საუბარში.

პირველი ნაბიჯები სტუდია ‘’მუსიკის ჰანგებში’’ გადავდგი, ქალბატონ ციცი ბიჭიკაშვილთან. შემდეგ იყო ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სკოლა, სადაც ქალბატონ თამარ სარვაზიშვილთან დავიწყე საოპერო მუსიკასთან შეხება. 2015 წელს ჩავაბარე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგ გოჩა ბეჟუაშვილთან.   აქვე, მინდა ყველა პედაგოგს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და გვერდში დგომისთვის,  ასევე ჩემს პიანისტ მაია ფერაძეს რომელიც მუდამ მხარში მიდგას. აუცილებლად გამოვყოფ და მადლობას გადავუხდი მსოფლიოში მოღვაწე ტენორ მაესტრო ვალერიანო გამგებელს, რომელიც დამეხმარა როგორც ვოკალური თვლსაზრისით ისე კარიერულ წინსვლაში“.

რთული და საინტერესო გზის გავლა მოუწია ახალგაზრდა, ნიჭიერ თამარ ოთანაძეს. პირველად, 2019 წელს, იტალიაში, ერთ-ერთ ფესტივალში მონაწილეობისას გაიცნო მომავალი პედაგოგი, საოპერო მომღერალი ალდა კაიელო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა და ხელი შეუწყო თამარის კარიელულ წინსვლას იტალიაში.

ემიგრაციამდე და შემდეგ, როგორი იყო ქართველი საოპერო მომღერლის გზა, ამაზე თავად ისაუბრებს.  

,,მოგეხსენებათ 2020 წელს შეუძლებელი  იყო სადმე წასვლა. მსოფლიო კოვიდს ებრძოდა. მომიწია საქართველოში ყოფნა. იმ პერიოდში გადავწყვიტე ჩემი მონაცემები იტალიის კონსერვატორიაში გამეგზავნა,  გარკვეული პერიოდის შემდეგ დამიბარეს მოსმენაზე, ჩავაბარე გამოცდა და მოვხვდი მაგისტრატურაზე კონსერვატორიაში. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ორი წლის განმავლობაში. მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, რადგან კონსერვატორიიდან დაიწყო ჩემი პატარა ნაბიჯები ევროპაში. მქონდა ბედნიერება ცნობილ საოპერო მომღერლებთან მუშაობის და სხვადასხვა მნიშვნელოვან ფესტივალებში მონაწილეობის მიღების . აღსანიშნავია ისიც რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგს. განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში. ასევე მომღერალმა უნდა იცოდეს საკუთარ თავზე მუშაობა რაც აუცილებლად დაეხმარება განვითარებაში . უდიდესი პატივი და ბედნიერებაა ჩემს ახლანდელ პედაგოგთან მუშაობა მაესტრა მარიელა დევიასთან, რომელიც იტალიური ბელ-კანტოს უბადლო შემსრულებლად ითვლება. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ დღესაც საოცარ ფორმაში აგრძელებს თავის კარიერულ მოღვაწეობას. მნიშვნელოვანია ყოველი მისი სიტყვა. ასეთი გამოცდილების მქონე პროფესიონალთან მუშაობა უდიდესი  პასუხიმსმგებლობაა. გვაქვს ინტენსიური მეცადიენობა, მეხმარება და ვფიქრობ სწორ  გზაზე ვდგავართ ერთად.  

– თქვენი პირველი დებიუტი იტალიაში  

– ,,ბრუნო მადანას კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში შედგა ჩემი პირველი დებიუტი. დაიდგა ოპერა სუორ ანჯელიკა, სადაც მე მთავარი პარტია შევასრულე. იქ მომიწია რეჟისორ ალფონსო ანტონიოცისთან მუშაობა, რომელიც ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იყო ჩემთვის. აგრეთვე მქონდა პატივი მემუშავა სტეფანო ვიცოლთან, სტეფანო პოდასთან ანდრეს ჰელერ ლოპესთან და სხვადასხვა შესანიშნავ რეჟისორებთან. პირველი სპექტაკლი, თუნდაც კონცერტი უცხო ქვეყანაში ორმაგად საპასუხისმგებლოა, გარდა იმისა რომ საკუთარ თავს წარადგენ პუბლიკის წინაშე   აგრეთვე წარმოადგენ საკუთარ ქვეყანას. ლუჩიანო პავაროტის სახელობის თეატრში, ახალგაზრდულ პროგრამაში ყოფნისას, როსინის ფესტივალის დამფუძნებლისგან მივიღე შემოთავაზება და ვიაჯო რაიმსის ოპერაში ერთ-ერთი მთავარი როლი შევასრულე. ეს ფესტივალი ყოველწლიურად იმართება იტალიის ქალაქ პეზაროში. ეს დიდი გამოწვევა იყო საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი ჩემს კარიერაში.  

– რთულია უცხო ქყვეყანაში ცხოვრება და განსაკუთრებით პროფესიაში წარმატების მიღწევა?

– ,,უცხო ქვეყანაში გადაცხოვრების პირველი პერიოდი საკმაოდ რთულია, დროთაგანმავლობაში ყველაფერს ეჩვევი და სწავლობ. ჩემი პროფესია მოითხოვს 3 თავდადებას, თავდაუზოგავ შრომას და ფსიქოლოგიურ მზაობას. გარდა იმის რომ ვოკალურად ყოველთვის ფორმაში უნდ იყო, აუცილებელია ჯანსაღი, ჯანმრთელი ცხოვრების წესი.

როდესაც ქვეყანას იცვლი და სხვაგან გადადიხარ საცხოვრებლად არის უამრავი  სირთულეები, რომელსაც თანდათანობით სწავლობ როგორ გაუმკლავდე.  ყველაფერს სჭირდება დრო და ნებისყოფა და ასევე შრომისუნარიანობა.   ჩემს ოჯახის წევრებს გადავუხდი მადლობას, ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და მხარს მიჭერდნენ.

– თამარ, შთამბეჭდავი იყო თქვენი გამოსვლა ეროვნული ერთიანობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმზე, სადაც იტალიის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეთ, მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს შემოთავაზება?

– ,,ვერ წარმოვიდგენდი, რომ იტალიის ჰიმნის შესრულება მომიწევდა. ემოციური იყო და საპასუხისმგებლო. სხვა ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულება ცოტა რთულია განსაკუთრებით უცხოელისგან. ასეთ საპასუხისმგებლო მისიას რომ დაგაკისრებენ რათქმაუნდა უნდა გაამართლო. ვფიქრობ გავამართლე.

– რა არის მნიშვნელობანი საოპერო მომღერლისთვის?

– პირველ რიგში პროფესიისადმი სიყვარული, თავდადება, მოთმინების უნარი, ცხოვრებისეული თვალსაზრისით გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა შრომისუნარიანობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ფსიქოლოგიური  მზაობა . მნიშვნელოვანია ასევე საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა.

– რა არის საჭირო წრმატებისთვის?

– ,,შრომისუნარიანობა, მოთმინება და რწმენა რომელიც მოგცემს ძალას ნებისმიერ დამარცხების მიუხედავადა შეძლო ისევ ყველაფერი დაიწყო თავიდან. ეს პროფესია უდიდესი სირთულეებით არის სავსე. შეიძლება ჰგონიათ, საოპერო მომღერლობა მარტივია მგრამ ყველაფრის უკან დიდი თავდადება და შრომა დგას, რომელიც არ არის ხილული უცხო თვალისთვის. საკუთარი თავისადმი რწმენა, ის ძალაა რომელიც ყოველთვის დაგეხმარება გააგრძელო გზა დამარცხებების მიუხედავად. ამ ყველაფრის სწავლასაც დრო და გამოცდილება სჭირდება.   მე ვაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას და ვრჩები ნაპოლში, სან კარლოს თეატრში. იგეგმება სპექტაკლები, ჩემი დებიუტი რამოდენიმე სპექტაკლში.

სტატია მოამზადა ემიგრანტმა ჟურნალისტმა ნათია ვასაძემ

იტალია/ნეაპოლი

Exit mobile version