“პირველად ვიგრძენი, რომ მარტო არ ვარ. აქ ყველას მსგავსი მიზნები და გამოწვევები აქვს. გავიგე, როგორ უნდა დავძლიო ინტეგრაციის სირთულეები” – ApriroriTV-სა და Geo House-ს ინიციატივა

იტალია

ქალაქ ბარიში ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი ქართულ-იტალიური საემიგრაციო ასოციაცია Centro servizi Geo House და იტალიაში მოქმედი ქართული საემიგრაციო მედიაპლატფორმა Apriori TV • აპრიორი ტვ  გახლდათ.

შეხვედრის მთავარი მიზანი იტალიაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირება, საერთო გამოწვევების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შემუშავება იყო.

შეხვედრას, რომელიც ოცზე მეტ ქართველ ახალგაზრდას აერთიანებდა სხვა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, იდეათა გაერთიანებაზე, საკუთარ გამოცდილებებსა და სამომავლო გეგემბზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების გაერთიანებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას საფუძველი ორი წლის წინ Geo House-მა ჩაუყარა. წელს იდეას Apriori TV • აპრიორი ტვ  შეურთდა და აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნისა და ხელშეწყობის საკითხს.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილეს. ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიის კულტურების ურთიერთგაცვლას. ასევე ისაუბრეს სოციალურ მხარდაჭერასა და ერთიანობაზე, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებმა განიხილეს, როგორ შეიძლება შეიქმნას ძლიერი ქსელი, რომელიც დაეხმარება ახალჩამოსულებს და გაზრდის ურთიერთსოლიდარობას.

მონაწილეების შთაბეჭდილებები:

“ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც ჩემი სურვილებისა და მიზნების გაზიარებაში დამეხმარნენ. ერთად ჩვენ ბევრს შევძლებთ!”


“პირველად ვიგრძენი, რომ მარტო არ ვარ. აქ ყველას მსგავსი მიზნები და გამოწვევები აქვს. გავიგე, როგორ უნდა დავძლიო ინტეგრაციის სირთულეები და მივხვდი, რომ ჩვენ, ერთად, ბევრის გაკეთება შეგვიძლია.”


“ეს შეხვედრა დამეხმარა, დავინახო, რომ ბარში ქართველ ახალგაზრდებს დიდი პოტენციალი გვაქვს. ვგეგმავ, აქტიურად ჩავერთო სამომავლო პროექტებში და ჩემი წვლილი შევიტანო დიასპორის გაძლიერებაში.”

“ყველაზე მეტად მეგობრული გარემო მომეწონა. აქ გავიცანი ადამიანები, ვისთანაც საერთო იდეებზე მუშაობა შემიძლია. ასევე, იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი დიასპორა უფრო შეკრული და აქტიური გახდება.”

ეს შეფასებები ადასტურებს, რომ მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ ურთიერთობის გაღრმავებას, არამედ ემიგრანტი ახალგაზრდების უნარების რეალიზაციასა და ახალი ინიციატივების წამოწყებას უწყობს ხელს.

ქალაქ ბარიში განხორციელებული ეს ინიციატივა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ემიგრანტ ახალგაზრდებს ერთიანობითა და მიზანმიმართულობით დიდი შედეგების მიღწევა, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი დიასპორისთვის.

ხათუნა ბოლაშვილი, Geo House-ის ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ ქალაქ ბარში ახალგაზრდა ემიგრანტების გაერთიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც სოციალური ინტეგრაციის, ასევე კულტურული ურთიერთგაცვლის პროცესში. მისი თქმით, ეს ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებს ერთმანეთის მხარდაჭერაში, გამოცდილების გაზიარებასა და საერთო პროექტებზე მუშაობაში.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ახალგაზრდა ემიგრანტები შეძლებენ არა მხოლოდ ქართული იდენტობის შენარჩუნებას, არამედ ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაციასაც. ეს არამარტო მათთვის, არამედ მთლიანად დიასპორისთვისაც ძლიერი ბიძგია,“ – აღნიშნავს ბოლაშვილი.

AprioriTV-ს დამფუძნებელმა, ხათუნა შარაძემ, ხაზი გაუსხვა ქალაქ ბარში ახალგაზრდა ემიგრანტების გაერთიანების მნიშვნელობას და ამ პროცესში მედიის უნიკალურ როლს.

„ახალგაზრდა ემიგრანტების გაერთიანება არა მხოლოდ მათი პირადი განვითარებისთვის, არამედ მთელი დიასპორის კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია. ასეთი ინიციატივები ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, ერთად დაიცვან და გააცოცხლონ ქართული ტრადიციები, შეინარჩუნონ ეროვნული თვითმყოფადობა და ამავდროულად, ინტეგრირდნენ ადგილობრივ გარემოში,“ – აღნიშნა ხათუნა შარაძემ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ემიგრანტმა იგრძნოს თავისი მნიშვნელობა და შესაძლებლობა ჰქონდეს, თავისი ხმა მიაწვდინოს ფართო აუდიტორიას. ახალგაზრდა ემიგრანტების გაერთიანება ამ მიმართულებით დიდ ნაბიჯს წარმოადგენს,“ – დასძინა მან.

Exit mobile version