„ეს იყო ის ერთადერთი ტყუილი ჩემი შვილების წინაშე, რასაც დღემდე ძალიან განვიცდი“ – ერთი ემიგრანტის ამბავი

საემიგრაციო მედიამაუწყებელი ,,აპრიორი TV” -ის რუბრიკა ,,ერთი ემიგრანტის ამბავი” თამუნა მენთეშაშვილთან ერთად, წარმოგიდგენთ იტალიაში, პიზაში მცხოვრებ ემიგრანტს ნინო ბასილაიას. ნინო არის იმერეთის რეგიონიდან, კერძოდ ხონიდან. ჰყავს ორი შვილი მარიამი 23 წლის და ბარბარე 14 წლის. პროფესიით მუსიკოსია და საქართველოში ყოფნისას წლების განმავლობაში, ხონის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელად და პარალელურად კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტმეისტერად მუშაობდა.

ნინო დიდი სიყვარულით იხსენებს იმ წლებს, როცა თავის პატარა და საყვარელ ქალაქში, საყვარელ საქმეს ემსახურებოდა. კითხვაზე თუ რამ გადააწყვეტინა წასვლა, ნინო გვიყვება:

,,მიუხედავად იმისა, რომ სამ ადგილზე ვმუშაობდი და შემოსავალიც არც თუ ისე დაბალი მქონდა, ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ის მომენტი, რომ მივიღე გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. ეს იყო ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე. როდესაც შვილებს ამის შესახებ გავუმხილე, მე მათ დავპირდი, რომ სამ წელში უკან დავბრუნდებოდი. სამწუხაროდ როგორც ხდება ხოლმე, რიგი მიზეზების გამო ვერ შევძელი დაპირებულ დროს დაბრუნება. ეს იყო ის ერთადერთი ტყუილი ჩემი შვილების წინაშე, რასაც დღემდე ძალიან განვიცდი. შემდეგ იყო ბევრი ცრემლი, ნოსტალგია და დარდი საქართველოში დარჩენილ შვილებზე.

რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ უნდა შემეწყვიტა ფიქრი წარსულზე და გონება ვაიძულე მეფიქრა მხოლოდ იმაზე, თუ რა იქნებოდა წინ, მომავალში. ვფიქრობდიი, რომ ის წლები, რისი გატარებაც ემიგრაციაში მომიწევდა, არ ყოფილიყო ფუჭად ჩავლილი. ემიგრანტობის დასაწყისიდან თითქმის 3 წლის განმავლობაში მეგონა, რომ სრულ სიბნელეში ვიყავი. იყო 24 საათიანი , გამოუსვლელი სამსახური და ერთ, რუტინულ სივრცეში ყოფნა. შემდეგ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შემეცვალა.

სწორედ ამ დროს მეგობარმა შემომთავაზა საქმე, რომელმაც ჩემი ემიგრანტული ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ეს იყო სამსახური ერთ-ერთ ამერიკულ პროექტში, ქსელურ მარკეტინგში. ცოტა არ იყოს თავიდან ეჭვის თვალით შევხედე. ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა 24 საათიან სამსახურში გამოკეტილს მეკეთებინა საქმე, რომელიც უამრავ ადამიანთან შეხვედრებსა და მათზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობდა. ამასთანავე ვგრძნობდი, ჩემს ცხოვრებაში მზის სხივივით შემოჭრილ ამ შესაძლებლობაზე უარი არ უნდა მეთქვა. დავიწყე სწავლა. ვესწრებოდი ტრენინგებს და თან ვმუშაობდი (ეს ყველაფერი დღემდე ონლაინ ხდება). 4 წლის განმავლობაში, რაც მე ქართულ გუნდთან ერთად მივაღწიე, არის ის, რომ შევიძინე უამრავი მეგობარი. მყავს ჩემი არაჩვეულებრივი ადამიანების გუნდი და სულ ვამბობ, რომ ეს არის ჩემი ბოლო წლების ყველაზე დიდი შენაძენი. ჩემი გუნდის წევრების უმრავლესობა, სხვა და სხვა ქვეყნებში მყოფი ემიგრანტები არიან: საქართველო, იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი და ამერიკა . ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რასაც ჩემი გუნდი ამ პროექტში აერთიანებს. როცა ამ პროექტს ვიწყებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა, 24 საათიანი სამსახურის პარალელურად შევძლებდი, მემოგზაურა სხვა და სხვა ქვეყნებში. მაგრამ შეუძლებელი თურმე არაფერია, მთავარია მოინდომო.

ნინო გვიამბე შენი მომავალი გეგმების შესახებ: ,,მე ვფიქრობ, რომ ჩემი ძალისხმევით და მიზანსწრაფულობით, ძალიან ბევრი შევძელი ბოლო 4 წლის მანძილზე. ვაპირებ, ძალისხმევა არ დავზოგო და კიდევ მეტი ვიმუშაო, რადგან 3/4 წლის შემდეგ დარწმუნებული ვარ შევძლებ დავუბრუნდე ჩემს შვილებს. ამ პროექტმა ასევე მომცა შესაძლებლობა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მქონდეს ჩემი საქმე და ამასთანავე ძალიან კარგი შემოსავალი”.

რას ურჩევდი ემიგრანტებს, ვინც წლებია რუტინულ სამსახურშია და ფაქტიურად საკუთარი თავი დავიწყებული აქვს? ,, მე ვურჩევ ყველა ემიგრანტს, რომ გამოიყენონ ის დრო, სანამ ემიგრაციაში არიან. დრო არის ყველაზე ფასეული ჩვენს სამყაროში. ვერანაირი თანხით ვერ აინაზღაურებ დროს. მე ჩემი გამოცდილებიდან ყველას ვურჩევ, დღეში თუნდაც 1 საათი ჩადონ საკუთარი თავის განვითარებაში. XXI საუკუნეში უამრავი შესაძლებლობაა. დღეს ონლაინ სხვა და სხვა პროფესიების სწავლაა შესაძლებელი, ასევე მუშაობა. ასე შესაძლებელია საკუთარი მომავლის აშენება. არ შეიკავონ თავი სიახლეების გაცნობისგან. მოისმინონ, სცადონ, არ გაუშვან ხელიდან არც ერთი შანსი. არც ერთ ასაკში არ არის გვიან, მთავარია დაიწყო და შენდეგ სამყარო თვითონ გამოგიჩენს გზას”.

ნინო იქნებ გაიხსენო და გვიამბო შენთვის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი? ,,როდესაც საქართველოდან წამოვედი, ეს იყო 2017 წელი, წამოვიღე ნოტები. უფრო მეტად კლასიკა ,,ქართული კინოფილმებიდან” და რადგან იტალიაში მოვდიოდი, ,,O sole mio” (ეს ნოტები ეხლაც ჩანთით დამაქვს). ვიმედოვნებდი, რომ ოდესმე ემიგრაციაშიც შევძლებდი დაკვრას. სამწუხაროდ არც ერთ ოჯახს, სადაც კი მიმუშავია არ ჰქონდათ ფორტეპიანო. ამიტომ როცა ფლორენციაში მიწევს წასვლა, იქ სადგურის ფოიეში დგას პიანინო და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუკრავ. რა დროსაც არის ხოლმე აპლოდისმენტები და ოვაციები იქ შემსწრე ხალხის მიერ, მათ შორის არიან ქართველებიც. ამ დროს დიდ სიხარულს განვიცდი, მაბედნიერებს მათგან წამოსული დადებითი ემოციები”.

Exit mobile version