BREAKING

იტალია

ბარის მერი ქართველებს: „ქალაქი ეკუთვნის ყველას, ვინც აქ ცხოვრობს“

ქალაქ ბარის მერმა ვიტო ლეჩეზემ ბარში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც საემირაციო მედიამაუწყებელი Aprioritv-ც ესწრებოდა. მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ კონსულს, ვახტანგ ანდღულაძეს, ვიცე კონსულს მარიკა ალფაიძეს და საკონსულოს წარმომადგენლებს ღონისძიების ორგანიზებისთვის. როგორც მერმა აღნიშნა, ეს შეხვედრა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბარში მცხოვრები ქართული დიასპორა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და აქტიური თემაა.

„ბარში მოქმედებს მხოლოდ სამი გენერალური საკონსულო — საქართველოს, ალბანეთისა და რუმინეთის — რაც მათ თემებს სიდიდითა და გავლენით გამოარჩევს,“ — განაცხადა მერმა. მისი თქმით, ქართული საზოგადოება არამხოლოდ ქალაქ ბარში, არამედ მის 40 ადმინისტრაციულ ერთეულებშიც აქტიურად არის წარმოდგენილი. ამიტომ მინდოდა თქვენთან შეხვედრა, რადგან ქართველი ემიგრანტები ძალიან თვალსაჩინოდ არიან წარმოდგენილნი ჩვენს ტერიტორიაზე,
განსაკუთრებით კი ვფიქრობ, რომ დღეს უკვე ქართული დიასპორა რაოდენობრივად პირველ ადგილს იკავებს. დღეს ქალაქში ყველაზე მრავალრიცხოვანი სწორედ ქართული თემია. ამიტომ მინდოდა თქვენთან შეხვედრა — განაცხადა ვიტო ლეჩეზემ.

მერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ინტეგრაციისა და სოციალური ჩართულობის მნიშვნელობას:
„თუ ერთმანეთს არ გავიცნობთ, ყოველთვის იარსებებს უნდობლობა და წინასწარი განწყობები. იტალიურად სიტყვა “straniero“ ნიშნავს უცხოს, უცნობს — არა იმიტომ, რომ ის განსხვავებულია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ მას. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ერთმანეთის გაცნობა და ურთიერთობების გაღრმავება,“ — აღნიშნა მან.

ვახტანგ ანდღულაძე, გენერალური კონსული:

“ქალაქ ბარის მერის ინიციატივა და მხარდაჭერა ქართველი დიასპორის მიმართ აღსანიშნავია და განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს. ქართველი მოქალაქეები, რომლებიც წლებია ბარში ცხოვრობენ და ღირსეულად ინაწილებენ ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, ღირსეულად არიან წარმოდგენილნი. აღნიშნული ჟესტი კიდევ უფრო ამყარებს ხალხთაშორის მეგობრობას და საქართველოსა და იტალიის ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმავალ გზას. საქართველოს გენერალური საკონსულო მზად არის განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამემამულეთა უკეთეს ინტეგრაციას და საერთო ფასეულობების განვითარებას.”

შეხვედრაზე მერმა ქართველ ემიგრანტებს შესთავაზა ბარის ადმინისტრაციული სივრცეების გამოყენება თავიანთი აქტივობებისთვის:
„ეს დარბაზები ღიაა ყველასთვის — არა მხოლოდ აქ დაბადებულებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ცხოვრობს და საქმიანობს ბარში. თუ დაგჭირდებათ სივრცე ღონისძიებებისთვის, შეგიძლიათ თამამად ისარგებლოთ ჩვენი მუნიციპალური შენობებით,“ — განაცხადა მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ემიგრანტს ჯერ კიდევ არ აქვს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება, ქალაქის ხელისუფლება მათ უფლებებსა და საჭიროებებს არ ივიწყებს:
„მერი არის ყველა მოქალაქის მერი — მათიც, ვინც მისცა ხმა, და მათიც, ვისაც ხმის მიცემის უფლება ჯერ არ აქვს. პოლიტიკა საჭიროა, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, ერთად ავაშენოთ ქალაქი, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა,“ — აღნიშნა შეხვედრაზე.

მერის ხედვით, ბარის მომავალი უნდა აშენდეს თანაცხოვრებასა და თანამშრომლობაზე. ქალაქი უნდა იყოს ადგილი, სადაც თითოეული ადამიანი — განურჩევლად სქესის, ასაკის თუ წარმოშობისა — საზოგადოების სრულფასოვან წევრად გრძნობს თავს.

„ბარი ეკუთვნის ყველას, ვინც აქ ცხოვრობს,“ — ამ სიტყვებით დაასრულა მერმა შეხვედრა და ქართველ ემიგრანტებს თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts