იტალიაში ოჯახში დასაქმებული ქართველების აბსოლიტურ უმრავლესობას აქვს სურვილი, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს საქართველოში
9 ოქტომბერს ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციისა და საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირის ინიციატივით, დიასპორული მედია AprioriTV-სთან თანამშრომლობით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან. მიზანი იყო მათი საჭიროებებისა და საქართველოში დაბრუნების სურვილის შესწავლა.
შეხვედრის შემდეგ მომზადდა 10-კითხვიანი ანონიმური კითხვარი, რომელშიც 53-მა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა. პასუხების მიხედვით, მონაწილეთა აბსოლიტური უმრავლესობა (დაახლოებით 90%) საოჯახო სექტორშია დასაქმებული.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ 10-დან 8 ემიგრანტი დაუყოვნებლივ დაბრუნდებოდა საქართველოში, იმავე ან შედარებითი შემოსავლის არსებობის შემთხვევაში. მათ მიერ დასახელებული საშუალო მიღწევადი შემოსავალი საქართველოში შეადგენს დაახლოებით 3 400 ლარს. დასაქმების შესაძლებლობებს შორის ყველაზე ხშირად დასახელებული იყო მცირე ბიზნესი (49%) და საოჯახო შრომა (32%).
საპასუხო კომენტარებში მონაწილეები ხაზს უსვამენ შრომითი უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების ნაკლებობას საქართველოში. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა:
„მომწყინდა თეორიები და იმედის თვალით ყურება. ყველას უნდა თავის ქვეყანაში იმუშაოს და იყოს დაცული!“
სხვა გამოკითხულიც ამბობს:
„საქართველოში შრომითი კოდექსი არ სრულდება ისე, როგორც ევროპაში.“
ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნავს, რომ მათი დარჩენა იტალიაში ფინანსურ აუცილებლობას უკავშირდება — ოჯახის წევრები საქართველოში სრულად დამოკიდებულნი არიან გზავნილებზე. როგორც ერთ-ერთმა ქალმა აღნიშნა:
„ძვირია ცხოვრება საქართველოში, პროდუქტებზე ფასები მაღალია, გადასახადებიც — ვერ ვბრუნდებით და ტკივილი გვაქვს დიდი.“
გამოკითხულთა 70%-მა უპასუხა, რომ ყველაზე მეტად დაეხმარებოდათ საბაზისო ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება საქართველოში, ან პირველადი საჭიროებების გაიაფება.
კვლევის მონაწილეთა უმეტესობა (88%) 40–70 წლის ასაკშია. ყოველი მეოთხე ემიგრანტისთვის იტალია პირველი ემიგრაციის ქვეყანა არ არის — ბევრს უკვე აქვს შრომითი გამოცდილება სხვა ქვეყნებშიც.
ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციისა და პროფკავშირის წარმომადგენლები 13–14 ნოემბერს ქალაქ ბარიში კიდევ ერთხელ შეხვდებიან ქართველ ემიგრანტებს, რათა ერთობლივად დაგეგმონ შემდგომი ნაბიჯები და გააგრძელონ მუშაობა მათი უფლებებისა და დაბრუნების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
📍 წყარო: AprioriTV.com
#ემიგრანტები #იტალია #საოჯახოშრომა #დაბრუნება #AprioriTV
