ცინარი ღვალაძის ემიგრანტული გზა და საკვირაო სკოლა

ემიგრანტებისთვის კარგად ცნობილი ცინარი ღვალაძე, ქალაქ ბარიში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაცია ,,იმედის” და მასთან არსებული საკვირაო სკოლის დამფუძნებელია, პარალელურად, იგი დიდი ხანია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ,,აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მომცა საშუალება გამეზიარებინა ცოდნა აქ ჩამოსული ქართველებისათვის და იტალიური ენის შესწავლის საშუალებით გამემარტივებინა მათთვის უცხო ქვეყანაში ინტეგრაცია და ასოციაციის ბაზაზე დავაფუძნე იტალიური ენის შემსწავლელი ჯგუფი” – გვითხრა ცინარიმ.

რაც შეეხება ცინარის მიერ დაარსებულ საკვირაო სკოლას, მისი მიზანია, იტალიაში დაბადებულმა ქართველმა ბავშვებმა ისწავლონ ქართულ ენაზე საუბარი, წერა-კითხვა, და ამ აქტივობების განხორციელებით, შეინარჩუნუნონ ქართული იდენტობა. სკოლა ეხმარება ბავშვებს მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოს კულტურული ტრადიციების და ქვეყნის ისტორიის შესახებ. ცინარის თქმით, ბავშვებისთვის მთავარი გამოწვევა მშობლიურ ენაზე საუბარი და კომუნიკაციაა. სკოლაში დასაქმებულია 5 ემიგრანტი ქალბატონი, რომლებიც უანგაროდ ასწავლიან ბავშვებს სხვადასხვა საგნებს.

რაც შეეხება იმას თუ რამდენად არის ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო სკოლის საქმიანობაში, ცინარი ამბობს, რომ იგი ყოველთვის გრძნობს ყურადღებას აღნიშნული სამინისტროსგან. ,,თუმცა შეიძლებოდა უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარება და ფინანსური დახმარება საკვირაო სკოლების მიმართ. საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივად იჩენს დაინტერესებას ჩვენი სკოლის საქმიანობის მიმართ, ესწრება ჩვენს ღონისძიებებს და მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ გულისხმიერებისათვის” – გვითხრა ცინარიმ.

ცინარი იტალიაში 2008 წელს ჩამოვიდა და როგორც ყველა ემიგრანტის, ასევე მისი პირველი სამსახურიც მოხუცის დამხმარის პოზიცია იყო. ,,იტალია ჩემი ოცნების ქვეყანა იყო და როდესაც გადავწყვიტე უცხოეთში წამოსვლა ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად არჩევანი იტალიაზე შევაჩერე “-ამბობს ის ,,აპრიორთან” საუბარში.

,,თქვენი აზრით, სადამდე მიგვიყვანს მზარდი ემიგრაციის პროცესი ?” – ჩვენ ცინარის ამ კითხვითაც მივმართეთ, ,,,რა თქმა უნდა არასასურველია ემიგრანტების ნაკადის დინება სამშობლოდან, თუმცა ისინი ცდილობენ გაუმკლავდნენ კრიზისს და აქედან გაუწიონ დახმარება ოჯახებს. ვიმედოვნებ რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს უკეთესი პირობებით შეაჩეროს ემიგრაციის ნაკადი და ყველამ შეძლოს სამშობლოში ოჯახების შენახვა” – გვიპასუხა მან.

რაც შეეხება იმას თუ რა რჩევას მისცემდა აქ ჩამოსულ ემიგრანტებს, ცინარი ამბობს,რომ პირველ რიგში მათ იტალიური ენა უნდა ისწავლონ, რათა შეძლონ დასახული მიზნების განხორციელება.

სტატია მოამზადა ნინო ბოლაშილმა

Exit mobile version