ანდრია ფუტკარაძემ საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა და საქართველოს რეკორდი დაუბრუნა (ვიდეო)

aprioritv

ევროვოზოა

საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა. ევროფესტივალი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ანდრია ფუტკარაძემ სხვადასხვა ქვეყნის ჟიურისგან და მაყურებლისგან (ონლაინ) მთლიანობაში 239 ქულა მიიღო  და პირველ ადგილზე გავიდა. ანდრიამ საქართველოს ამ გამარჯვებით რეკორდი დაუბრუნა – საქართველო საბავშვო ევროფესტივალის 4-გზის გამარჯვებულია. აქამდე საქართველო და საფრანგეთი ლიდერობდნენ 3-3 გამარჯვებით (შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი 2023 წელს გახდა მესამედ გამარჯვებული საფრანგეთში, თუმცა კონკურსის ჩატარების უფლება მეორე ადგილზე გასულ ესპანეთს დაუთმო).

საქართველოს წარმომადგენელმა ანდრია ფუტკარაძემ 12 ქულა 12 ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტისგან. საბოლოოდ სხვადასხვა ქვეყნის ჟიურისგან ანდრიას 180 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზე იყო, თუმცა მაყურებლის ხმები წყვეტდა საბოლოო გამარჯვებას. მაყურებლისგან საქართველოს წარმომადგენელმა 59 ქულა მიიღო და 239 ქულით გაიმარჯვა.

ანდრიამ კონკურსზე შეასრულა სიმღერა To My Mom, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა და მასში 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

კონკურსის წესების თანახმად, მომავალ წელს საბავშვო ევროვიზია საქართველოში გაიმართება.

ნინო ხოშტარია

ნახეთ ანდრიას გამოსვლა ევროვიზიის სცენაზე:

Exit mobile version