ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ელისაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს სასტუმრო „ქორტიარდ მარიოტთან“ დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Exit mobile version