უფასო ადვოკატი, შინა პატიმრობა და პატიმრის უფლებები იტალიაში

თარჯიმანი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიის სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით

ქვემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხები მომზადებულია იტალიაში აკრედიტებული თარჯიმნის — ვიქტორია ცუხიშვილის მიერ. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სამართლებრივი თარგმნისა და ემიგრანტების მხარდაჭერის მიმართულებით. ინფორმაცია დაყრდნობილია პრაქტიკულ მაგალითებზე, არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაძლებლობებზე და გათვალისწინებულია ის ფაქტორებიც, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებზე ინდივიდუალურად მოქმედებს. პასუხების კომპეტენტურობაზე დაგვეხმარა იტალიელი ადვოკატი ფრანჩესკო ლისი (Francesco Lisi).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული საქმე განსხვავებულია და საბოლოო გადაწყვეტილებები სასამართლოსა და შესაბამის ორგანოებზეა დამოკიდებული.

1. ვის აქვს უფლება აიყვანოს უფასო ადვოკატი იტალიაში?

პასუხი: უფასო ადვოკატით სარგებლობა შეუძლია ყველა ადამიანს, მათ შორის არალეგალურად მყოფ პირებსაც. თუმცა, თუ ადამიანი იტალიაში ლეგალურად იმყოფება, ყურადღება ექცევა წინა წლის წლიურ შემოსავალს (დოკუმენტი 730). ერთ ადამიანზე არ უნდა აღემატებოდეს 12,838 ევროს, ხოლო ყოველ დამატებით ოჯახის წევრზე ემატება 1,000 ევრო. უფასო ადვოკატთა ოფიციალური სია ქალაქების მიხედვით არსებობს და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს.


2. შესაძლებელია თუ არა პატიმრის საქართველოში გადაყვანა სასჯელის მოსახდელად?

პასუხი: ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ყველა შემთხვევაში არაა შესაძლებელი. ამისთვის სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი უნდა ჰქონდეს პატიმარს (მინიმუმ ნახევარი). ასევე, თუ განაჩენი საბოლოოა და სასჯელი 2 წელზე ნაკლებია, შეიძლება მოთხოვნა დეპორტზე და სასჯელის “გაყინვაზე”, თუმცა იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში სასჯელი კვლავ “იღვიძებს”.

3. რა შემთხვევაში შეიძლება პატიმარმა შინა პატიმრობაში გადასვლა მოითხოვოს?

პასუხი: ამისთვის უნდა დაკმაყოფილდეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:

ფეხმძიმე მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი,

მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა,

ხანდაზმულობა,

გამოძიების პერიოდი, სასამართლო გადაწყვეტილებამდე, ან როცა დარჩენილია 18 თვე

საცხოვრებელი, რომელიც საკუთრებაშია ან ქირით გაქვს, ან მეგობრის მიერ შეთავაზებულია.

მთავარია საცხოვრებელი პოლიციის მხრიდან კონტროლირებადი იყოს.


4. შეუძლია თუ არა შინა პატიმრობაში მყოფ პირს საცხოვრებელი ადგილის დატოვება?

პასუხი: კი, მაგრამ მხოლოდ მოსამართლის ნებართვის შემთხვევაში. ნებართვა შეიძლება გაიცეს, მაგალითად:

ექიმთან ვიზიტზე,

შვილის ბაღში ან სკოლაში წაყვანაზე,

სამუშაოზე გასვლაზე (სამუშაო კონტრაქტის არსებობის შემთხვევაში),

ან სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებისას, რომელსაც მოსამართლე შეაფასებს.


5. შეიძლება თუ არა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება?

პასუხი: დიახ. ნებისმიერ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო პროცესი ხშირად თვეების შემდეგ ინიშნება და მასში გადაწყვეტილებას სამი მოსამართლე იღებს.


რა შესაძლებლობები აქვს პატიმარს ოჯახის წევრებთან კონტაქტის მხრივ?

პასუხი:

შეუძლია ტელეფონით დარეკოს თვეში 8-ჯერ (თითო ზარი 10 წუთი). ამისათვის ოჯახის წევრმა უნდა გაგზავნოს ციხის ადმინისტრაციაზე ტელეფონის ნომრის კონტრაქტი.

ნახვაზე ან ვიდეო ზარებზე დრო თვეში 6 საათია, ბავშვების ყოლის შემთხვევაში – 8 საათამდე.

ციხის ნახვა/ვიდეო ზარი შესაძლებელია კვირაში 2-ჯერ.

ოჯახს შეუძლია კვირაში ორჯერ მიიტანოს საჭმელი და საჭირო ნივთები, რაც თვეში 20 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კავშირისთვის საჭიროა ოჯახის წევრისა და პატიმრის მხრიდან მოთხოვნის გაგზავნა ციხის ადმინისტრაციაზე.

ასევე, შესაძლებელია მიმოწერა (კორესპონდენცია).

ოჯახის წევრებს შეუძლიათ პატიმარს თანხა ჩაურიცხონ ციხის ანგარიშზე შესაბამისი მონაცემების მითითებით.


7. რა სამედიცინო სერვისებით შეიძლება ისარგებლოს პატიმარმა?

პასუხი: პატიმარს უფლება აქვს მიიღოს:

ექიმის ვიზიტები,

ლაბორატორიული ანალიზები,

ექოსკოპია და სხვა გამოკვლევები,

აუცილებელი მედიკამენტები (სახელმწიფო უზრუნველყოფით).
თუ წამალი არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ან არ შედის დაფინანსებაში, პატიმარს შეუძლია თავისი ხარჯით გამოიწეროს. ასევე საკუთარი ხარჯით შეიძლება შეიძინოს საკვები ან სხვა საჭირო ნივთები.

პულიის რეგიონში არსებული უფასო (სახაზინო) ადვოკატების საინფორმაციო ცნობარი


Powered By EmbedPress

Exit mobile version