როგორც ადამიანებს, ქუდებსაც თავისი ისტორია აქვთ. დაბადება, მოგზაურობა, გამოცდილება, ძიება და დაბრუნება საკუთარ თავთან.
ხათუნამ მითხრა, რომ თექა თბილია არა მხოლოდ მატერიით, არამედ მეხსიერებითაც. ხელში რომ ავიღებ, თითქოს წარსულსაც ვეხებიო. ემიგრაციაში ეს შეხება განსაკუთრებით ფასეულია, როცა შორს ხარ მიწისგან, სადაც გაიზარდე, ხელსაქმე ხდება შენი ფესვი, შენი ხმა, შენი შინაგანი ენა.
წლების წინ, როცა ემიგრაცია გადაუწყვეტია, მოძღვარს უთქვამს, – თექაზე მუშაობა ისწავლე და ისე წადიო. ისწავლა და წავიდა…
ფერადი ხასიათი ყოველთვის იპოვის გზას. ზოგჯერ ფუნჯით, ზოგჯერ სიტყვით, ზოგჯერ კი ქუდით.
და თუ იტალიის ქუჩებში, ქალაქებში, გამოფენაზე ან უბრალოდ მზის ჩასვლის ფონზე თექის ლამაზ ბერეტს დაინახავთ დიდი შანსია, რომ ის ხათუნა ქიბაბიძის ხელით იყოს შექმნილი.
ის დილით ადრე დგება. არა იმიტომ, რომ უნდა იჩქაროს, არამედ იმიტომ, რომ იდეას დრო სჭირდება.
ერთი ბერეტი მთელი დღეა: ფიქრი, წყალი, ხელები, სიჩუმე, ფერები, მოთმინება.
და ბოლოს, მზის ჩასვლა, რომელსაც უკვე ახალი ქუდით ხვდება.
ეს არ არის უბრალოდ აქსესუარი, ეს არის ისტორია, რომელიც თავს გიკრავს.
ეს არის ემიგრანტის მოთმინება, ქალის სითბო, ხელით შრომა და სილამაზე ერთ საგანში მოქცეული.
ქუდების მოყვარული რომ არ იყო, მაინც მოგინდება მისი ქონა.
რადგან ზოგჯერ ჩვენ არ ვირჩევთ ნივთს, არამედ ის გვირჩევენ.
ამ ლამაზი ბერეტების თქვენთვის გასაცნობათ, ჩემი ლამაზი ძმისშვილი, ანასტასია შარაძე დამეხმარა. ანასტასია დიზაინს სწავლობს და ვინ იცის, მომავალში პატარა ქართველი გოგო რამდენჯერ გაგავოცებს მისი წარმატებით.
