„ფერაგოსტო“-ს (ferragosto) წარმოშობა და ისტორია
იტალიაში, ფერაგოსტო არის ერთ-ერთი განსაკუთრებული დღესასწაული, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის.
აღინიშნება ყოველი წლის 15 აგვისტოს და მიიჩნევენ დასვენების დაწყების არა ოფიციალურ დღედ.
ითვლება იტალიის უძველეს დღესასწაულად, რომელიც დაარსდა ქრ. შობამდე 18 წელს და არის წარმართული და ქრისტიანული ტრადიციების ნარევი.
სახელი „ფერაგოსტო“ მომდინარეობს ლათინურიდან “fariae Augusti”, რაც ნიშნავს „ავგუსტუსის დღესასწაულს“, ეწოდება რომის იმპერიის დამაარსებლისა და მისი პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად.
ანტიკურ რომში, აგვისტოს თვეში უკვე აღინიშნებოდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დასრულებისადმი მიძღვნილი მრავალი დღესასწაული, დაახლოებით 25, თუმცა იმპერატორ ავგუსტუსმა გააერთიანა და უზრუნველყო ერთთვიანი დასვენება რომაელი მოსახლეობისათვის.
„ავგუსტუსის დღესასწაული“ ემთხვეოდა აგვისტოს თვის პირველ რიცხვებს, მუშები ულოცავდნენ მეპატრონეებს ამ დღეს და სანაცვლოდ ფულს ან საკვებს იღებდნენ საჩუქრად. ზეიმის დროს, მთელ იმპერიაში ეწყობოდა ცხენების დოღი, ხარებს, ვირებსა და ჯორებს ათავისუფლებდნენ სამუშაოსგან, მოედნებზე გამოჰყავდათ და ყვავილებით რთავდნენ.
შემდგომ, ტრადიცია თანდათან შეიცვალა, კათოლიკური ეკლესია, 15 აგვისტოს აღნიშნავდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, ამიტომ მოხდა მათი გაერთიანება.
„ფერაგოსტო“-ს პერიოდში ხშირად გადიოდნენ პიკნიკის მოსაწყობად ქალაქგარეთ, ეს ტრადიცია დაიბადა ფაშისტური იტალიის პერიოდში: დაახლოებით 15 აგვისტოსთვის მატარებლის ბილეთების ფასი საგრძნობლად მცირდებოდა, რათა დასვენების საშუალება ჰქონოდათ აგრეთვე, ეკონომიურად დაბალი ფენის წარმომადგენლებსაც.
პიემონტესა და ლომბარდიის რეგიონებში, მე-20 საუკუნის ბოლომდე არსებობდა ტრადიცია “dare ferragosto”, რომლის დროსაც მეპატრონეები ხელქვეითებს უკეთებდნენ პატარა საჩუქრებს ფულის ან საკვების სახით.
დღესდღეობით „ფერაგსტო“-ს აღნიშნავენ ქალაქგარეთ პიკნიკით, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ზღვაზე ან მთაში მიემგზავრებიან და რეგიონებში მართავენ ფესტივალებს.
წყარო: იტალიური ენა და კულტურა