25 წლის ქართველი ქალის მიმართ, რომელმაც 2023 წელს, ტარანტოს ცენტრში, თავისი ახალშობილი ვაჟი ნაგვის ურნასთან დატოვა, პროკურატურა ბრალის წაყენებას ითხოვს. მან იტალიაში ცხოვრების სამწლიანი ნებართვა მიიღო.
ქალს, რომელსაც ადვოკატი იცავს, ბრალად ედება ჩვილის მკვლელობის მცდელობა: ბავშვი გადაარჩინა გამვლელმა, რომელმაც ახალშობილის ტირილის გაგონებაზე მაშინვე გამოიძახა პოლიცია.
ქალი, რომელმაც ჩვილი ნაგვის ურნასთან დატოვა მოხუცის მომვლელად მუშაობდა. მან მოხუცის ბინაში იმშობიარა. ქალმა პოლიციას განუცხადა რომ ჩვილის მიტოვება გამოწვეული იყო უკიდურესი შიშის გამო, რადგან მას არ ჰქონდა საიმიგრაციო სტატუსი იტალიაში და ეკონომიკური სირთულეები არ აძლევდა შვილის აღზრდის საშუალებას.
პროკურორის თქმით, ქალი ბავშვის სიკვდილის განზრახვით მოქმედებდა, თუმცა შვილის მიტოვების გადაწყვეტილება, პროკურატურის აზრით, მატერიალური კრიზისით და მშობიარობის შემდგომი სტრესით იყო გამოწვეული.
გამომძიებელმა საბრალდებო დასკვნაში აღნიშნა, რომ ის არის „მარტოხელა ქალი, ძალიან ახალგაზრდა, ქართველი ეროვნების, რომელიც მძიმე ეკონომიკური კრიზის გამო ჩამოვიდა იტალიაში“. ახალგაზრდა ქალის იტალიიდან გაძევების ბრძანება უკვე გამოიცა, მაგრამ ადვოკატმა, რომელიც თვალს ადევნებს ამ საქმის სამოქალაქო შედეგებს, არასრულწლოვანთა სასამართლოსგან 3 წლიანი ბინადრობის ნებართვა მოითხოვა.
კოლეჯის პრეზიდენტმა, გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ „ქალის გაძევება ამ ტერიტორიაზე დაბადებულ არასრულწლოვანში გამოიწვევს ტრავმულ განცალკევებას მშობლის ერთადერთი ფიგურისგან“. ასევე განმარტა რომ ახალშობილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედასთან კავშირი და დედისთვის, დედობრივი ინსტინქტის შენარჩუნება.
არასრულწლოვანთა მოსამართლემ საბოლოოდ დაასკვნა, რომ „თუ დედას არასრულწლოვან შვილთან ერთად დანიშნულების ქვეყანაში გააძევებენ, მათ არ ექნებათ შემოსავლის წყარო და არც საცხოვრებელი ფართი, რაც ფაქტობრივად ჩვილის ფსიქოფიზიკური პრობლემის წინაპირობაა“.
ამჟამად დედასა და შვილზე, რომელიც უკვე ერთი წლისაა, სოციალური სამსახური ზრუნავს, რომელიც ხელს უწყობს ოჯახის გაერთიანებას.