თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის საერთაშორისო გამოფენა – ფლორენციის XV ბიენალე. „Florence Biennale“ 2025 ღონისძიება ევროპარლამენტის პატრონაჟით გაიმართა. 85 მონაწილე ქვეყანა, 550-ზე მეტი მხატვარი და დიზაინერი. 1500-ზე მეტი ნამუშევარი, მათ შორის – მხატვრები საქართველოდან: მანანა გოგოჭური – ფერწერული ნამუშევრებით და ციალა გიგაური – ტიხრული მინანქრით შექმნილი მინიატურებით.
თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მანჩო გოგოჭური, წარმატებული მხატვარია. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხელმძღვანელობს სასწავლო სტუდიას. ატარებს სემინარებს ღია ცის ქვეშ და ხელოვნების მოყვარულებს ონლაინ-გაკვეთილებსაც სთავაზობს. გაკვეთილებით, საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტები და ემიგრანტებიც სარგებლობენ. მისმა ზოგიერთმა მსმენელმა, მივიწყებული გატაცება საქმედ აქცია, ზოგმა კი საკუთარ თავში, ხატვის ნიჭი აღმოაჩინა. მანჩო გოგოჭური საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.
ციო გიგაური აქტიურად და წარმატებით მუშაობს გამოყენებითი ხელოვნების სფეროში. ტიხრული მინანქრით სამკაულებს და აქსესუარებს ქმნის. მისი ნამუშევრები ფერთა საოცარი შეხამებითა და განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. ხელოვანი ქალბატონები არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენის მონაწილენი არიან. მათ შორისაა: ნიუ-იორკის ბიენალე, ფესტივალი დუბაიში, მალტას კულტურის დღეები, ფლორენციის MIDA, პარიზისა და ათენის ხელოვნების ფესტივალები.
გამოფენის თვალიერებისას, კიდევ ორი ქართველი მხატვრის ნამუშევრები აღმოვაჩინე: ალექსანდრე ვაშაყმაძისა და ირინა ელიაშვილის შემოქმედებაც დამთვალიერებელთა ყურადღებას იქცევდა.
ფლორენციის ბიენალეზე, ქართველმა ხელოვანებმა სხვადასხვა ხასიათის ნამუშევრები წარმოადგინეს, თუმცა ყველა მათგანს ერთი ხაზი აერთიანებდა: “სინათლისა და სიბნელის არსი თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინში”, რაც წლევანდელი ბიენალეს თემა გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიების ფარგლებში გამოიცა კატალოგი, სადაც ფლორენციის XV ბიენალეს ყველა მონაწილე მხატვრის ბიოგრაფია და ნამუშევრებია შესული.
ავტორი, ემიგრანტი ჟურნალისტი ია წიკლაური
იტალია/ფლორენცია
