17 ოქტომბერს, ქალაქ ბარიში თავისუფალი თეატრის სპექტაკლის ,,თეთრი ვარდები”-ის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ემიგრანტები ესწრებოდნენ. თეატრის ხელმძღვანელის ავთო ვარსიმაშვილის თქმით, ეს პირველი ნაბიჯია მისი გადაწყვეტილების განხორცილებისკენ, რომ ბარიში დაფუძნდეს მუდმივმოქმედი ქართული თეატრი.
,, ჩვენ გვინდა, რომ ბარიში, სადაც ამდენი ქართველია, რომ აქაც იყოს თეატრი, რომ ამ ხალხმა იგრძნოს, რომ საქართველოდან ისინი არავის არ დავიწყებია, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს, რომ ერთად ვართ. თეატრს, ხომ ყველაფერთან ერთად, საგანმანათლებლო მისიაც აქვს, ისევე როგორც თავის დროზე წერა -კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო, ვფიქრობ, ახლაც საჭიროა ბარიში იყოს ქართული თეატრი, რომ არ დაივიწყონ ქართველებმა თუნდაც ენა, ატარონ ბავშვები ამ სპექტაკლებზე” – ამბობს ავთო ვარსიმაშვილი.
თავისუფალი თეატრის ამ ინიციატივას და გამართულ სპექტაკლს ემიგრანტების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ემიგრანტი, თეონა ბოტკოველი ამბობს, რომ ეს ემიგრანტებისთვის ფაქტიურად სულიერი საზრდოს მიცემის ტოლფასია. ,,სპექტაკლი ძალიან მომეწონა, მომავალში ყველა სპექტაკლს დავესწრები, რადგან ეს ჩემთვის სულიერი საზრდოა, და დანაკლისი ავინაზღაურე, ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე მოკლებული ვართ ყველა ბედნიერებას და სიამოვნებას, რაც შეგვიძლია განვიცადოთ საქართველოში და ნამდვილად ბედნიერებაა რომ იქიდან აქ გვესტუმრნენ და ამ საზრდოს გვაწვდიან“.
ემიგრანტი ნათია ბაღდავაძის თქმით კი, სპექტაკლებზე დასწრება კულტურული თვალსაზრისითაც და განტვირთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ,,სპექტაკლი არაჩვეულებრივი იყო, აქ იყო ის თემები, რაც რეალობას ასახავს, ქალის ცხოვრებას და თემატურია ამ დროში. “

„თავისუფალმა თეატრმა“, სპექტაკლების გამართვის ორგანიზება საემიგრაციო ორგანიზაციის, ,,ანოფლის” ქართველ ოპერატორს ფიქრია კუჭუხიძეს სთხოვა. როგორც ის ,,აპრიორი ტივისთან” საუბარში ამბობს, სამომავლოდ ემიგრანტების უფრო დიდი დაინტერესების იმედი აქვს. ,,ეს სპექტაკლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აქ დასწრება არის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, თითოეულ მომსვლელს ვუხდი უდიდეს მადლობას და იცოდეთ, რომ ევროპაში, პირადად იტალიაში.
„ქალაქი ბარი და ჩვენ ვართ ის პირველი მერცხალი, საიდანაც იწყება ათვლის წერტილი და თავისუფალი თეატრის ჩანაფიქრი, რომ გაიხსნას პირველი ქართული თავისუფალი თეატრი” – აღნიშნა ფიქრია კუჭუხიძემ.
ნინო ბოლაშვილი (სტატიის ავტორი) ავდანდილ ვარსიმაშვილთან ერთად
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლზე მისულ, რამდენიმე ქართველ ემიგრანტს, რომლებმაც ახლო წარსულში, ,,საქართველოს ბანკში” ანაბარი გახსნა, ბანკმა ბილეთის საფასურის ნახევარი დაუფინანსა, ხოლო ყველა დამსწრეს სიმბოლურად საჩუქრად ჩანთები გადაეცა.
თავისუფალი თეატრი ბარიში ლეგენდარული სპექტაკლის ,,მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ” ჩვენებას 14 ნოემბერს გამართავს. ბილეთების გაყიდვა კი უკვე დაწყებულია.
თეატრმა ბარელი ემიგრანტებისთვის სპექტაკლის ჩვენება უკვე მეორედ მოაწყო.
მასალა მოამზადა ნინო ბოლაშვილმა