2024 წლის 27 ივნისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ქართული დიასპორის დღის აღსანიშნავად, ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ვახტანგ ანდღულაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა იტალიის მთავრობას, განსაკუთრებით, პულიის რეგიონის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა და თანადგომისათვის. მან ხაზი გაუსვა დიასპორის წარმომადგენლების ფასდაუდებელ წვლილს და შრომას თავიანთი ოჯახებისა და ქვეყნის წინაშე. ვახტანგ ანდღულაძემ მადლიერება გამოხატა პულიის რეგიონში არსებული დიასპორული ორგანიზაციების მიმართ ქართული კულტურის, ენისა და ისტორიის სწავლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
გენერალურმა კონსულმა ისაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერაზე, რომელსაც იტალიის მასშტაბით არსებული ქართული სამრევლოების წინამძღვრები, განსაკუთრებით კი ქალაქ ბარის ქართული ეკლესიის მოძღვარი, არქიმანდრიტი მოსე ჭანკვეტაძე იჩენს ჩვენი თანამემამულეების მიმართ.
გენერალურმა კონსულმა, ვახტანგ ანდღულაძემ სამადლობელო სიგელები გადასცა დიასპორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც წლებია ზრუნავენ ქართული კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაზე. მადლობის სიგელები გადაეცათ ქართული საკვირაო სკოლა იმედის და ხალხური ცეკვისა და სიმღერის სტუდია ფესვების მასწავლებლებს.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო.
მიღებაზე, ყველსათვის საყვარელმა „თეატრალურმა კვარტეტმა“ საქართველოსა და იტალიის ჰიმნების შემდეგ, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების კომპოზიციები შეასრულა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ბარის ვიცე მერი ეუჯენიო დი შიაშო, ადგილობრივი ხელისუფლების, სამხედრო და საემიგრაციო სტრუქტურების, ქ. ბარიში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო კორპუსის, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე – იტალიასა და ვატიკანში საქართველოს საელჩოების თანამშრომლები.
საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში და საკონსულოს მთელი შემადგენლობა უდიდეს მადლობას უხდის ‘’თეატრალური კვარტეტის’’ წევრებს დაუვიწყარი საღამოსთვის და დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს საქართველოს დამოუკიდებლობის და დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის!
წყარო: Consolato Generale di Georgia a Bari / გენერალური საკონსულო ქ. ბარიში