„მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს“ – ვიქტორია ცუხიშვილის ისტორია

Aprioritv

ვიქტორია ცუხიშვილის ისტორია

AprioriTV-ის დღევანდელ სტატიას „ინციდენტი ბარში – ქართველ ემიგრანტს თავს დასხნენ“ ემიგრანტების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი გამოცდილებაც გაგვიზიარა. ვიქტორია ცუხიშვილმა, რომელიც იტალიური ენის მასწავლებელია და აკრედიტებული თარჯიმანი, იტალიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მან ეს ისტორია მოგვწერა:

„მეც ხშირად მხვდება დაუცველობის განცდა პარკინგებზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა უცნობი ადამიანები უადგილო პრეტენზიებით ცდილობენ ფულის მოთხოვნას, თითქოს მანქანას მათ კუთვნილ ტერიტორიაზე ვაყენებ, მაშინ როცა პარკინგი ოფიციალურია და ფასიანია – 1 საათი 2 ევრო ღირს. უფრო მკაფიო რომ იყოს ისტორია, აგიხსნით. ეს არის სახელმწიფო პარკინგები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აფრიკელი ემიგრანტები ცდილობენ ფული გამოგძალონ, თუ დამატებით თანხას არ მისცემ, გემუქრებიან მანქანის დაზიანებით ან აგრესიულ ქცევით. არც მცირე თანხით კმაყოფილდებიან. რამდენჯერ დაუნახავთ ეს ყველაფერი ქართველებსაც, მაგრამ ვინ დაგეხმარება? პოლიციასაც ხშირად არ აქვს რეაგირება…

დღესაც ქართველებით სავსე იყო ის ადგილი, სადაც მანქანა დავაყენე. ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელმაც ფული მთხოვა, უკმაყოფილო დარჩა იმით, რაც მივეცი – მანქანაზე მუჭი დაარტყა და ხურდა ფული მანქანაზე ისროლა. როცა იქვე მყოფ ქართველებს მივმართე და ვთქვი, რომ სირცხვილია ასეთი გულგრილობა, აღმოჩნდა, რომ არავის არაფერი დაუნახავს და არავის არაფერი გაუგონია – მიუხედავად იმისა, რომ სულ სამი მეტრის რადიუსში იყვნენ. იმ დროს შვილებთან ერთად ვიყავი…

ასეა – ხშირად მარტო მიწევს გავუმკლავდე მსგავს საფრთხეს. სამწუხაროდ, არც კი მახსოვს შემთხვევა, როცა ვინმე გვერდით დამდგომოდა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.“

ვიქტორიას მონათხრობი არა მხოლოდ კონკრეტულ ინციდენტზე გვიყვება, არამედ ზოგად სურათსაც გვიჩვენებს – ემიგრანტი ქალების ყოველდღიურ ბრძოლაზე და იმ სოლიდარობის დეფიციტზე, რომელიც განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობა კრიტიკულ მომენტებში.

ასეთი ისტორიების გაცნობა გვაიძულებს დავფიქრდეთ – როგორ შეიძლება ვიყოთ უფრო თანაგრძნობით და ყურადღებით სავსე საზოგადოება.

თუ თქვენც გაქვთ მსგავსი გამოცდილება ან გსურთ მნიშვნელოვანი ამბის გაზიარება ემიგრანტულ ცხოვრებაზე – მოგვწერეთ. თქვენი ხმა მნიშვნელოვანია.


Exit mobile version