„შეიძლება ითქვას, მუსიკაზე სიარული დედამ სასტიკი გზით მაიძულა. ის კლასიკურ მუსიკას აღმერთებდა, ისე როგორც ბებია, შესანიშნავად მღეროდა, უკრავდა გიტარაზე და უნდოდა მეც ამ ხელოვნების მოზიარე გავმხდარიყავი. მაგრამ მე კატეგორიულ უარზე ვიყავი მევლო მუსიკალურ სკოლაში. ვფიქრობდი, რომ ეს კაცის საქმე არ იყო, აი ფეხბურთელები კი ნამდვილი მამაკაცები იყვნენ“ – იგონებდა ერთ–ერთ ინტერვიუში ზურაბ სოტკილავა.
12 წლის ზურაბი სოხუმის საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს. 16 წლისა უკვე სოხუმის „დინამოში“ მოხვდა და საქართველოს პირველობაზე ითამაშა, 18 წლისა კი ახალგაზრდა კადრების ცნობილმა სელექციონერმა ანდრო ჟორდანიამ თბილისის „დინამოში“ მიიწვია. მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 1955 წლის 15 აგვისტოს დონეცკის „შახტიორის“ წინააღმდეგ შედგა. იგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანიც იყო.
თბილისის „დინამოში“ ზურაბ სოტკილავამ სულ სამი სეზონი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე, ტრავმებისა და მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო, ძირითადში, მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა. პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტში სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ერთი სეზონი ინსტიტუტის გუნდშიც თამაშობდა. საფეხბურთო კარიერა 22 წლის ასაკში დაასრულა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ფეხბურთის დიდ გულშემატკივრად დარჩა.
პოლიტექნიკური ინსტიტუტი მომავალმა მომღერალმა 1961 წელს დაამთავრა. სწორედ იმ პერიოდში, სრულიად შემთხვევით, სოტკილავას პროფესორმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოუსმინა და მისი დაჟინებული მოთხოვნით, უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, სამთო-ინჟინრის დიპლომით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა.
ქალბატონი ეკატერინე ხომერიკი ქართველ მომღერალთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიას იხსენენებს – ,,1988 წლის 23 ივნისია. სოტკილავა მილანის „ლა სკალას“ სცენაზე დგას და ცნობილ არიებს მღერის. ბოლო არია რომ იმღერა, დარბაზი ფეხზე წამოდგა და მაყურებელმა მხურვალე ტაში დასცხო…
პარტერში საერთო აღტაცებას გამოეყო ერთი ჯგუფი, რომელმაც ობსტრუქციის მოწყობა სცადა. სტვენდნენ, თან გაჰკიოდნენ: – გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო! ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს!
საქმე კი იმაში იყო, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ვარსკვლავური გუნდი 2:0 დაამარცხა. იტალიელი გულშემატიკვრები ამას მეტისმეტად განიცდიდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა…
51 წლის სოტკილავამ ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში.
ქართველი ვირტუოზის საფეხბურთო ოსტატობას სულგანაბული უყურებდა მთელი „ლა სკალა“. ბოლოს კი ისეთი ოვაცია მოაწყვეს, რომ ლამის ჭერი ჩამოინგრა. ბატონმა ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯით, დინჯად დატოვა სცენა.
მეორე დღეს კი ყველა იტალიური გამოცემა წერდა: – საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი – „ლა სკალასო“.
ზურაბ სოტკილავა 2017 წლის 18 სექტემბერს მოსკოვში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად იგი საქართველოში ჩამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.