Le donne georgiane intelligenti – ჭკვიანი ქართველი ქალები!
რუბრიკის სტუმარია თამარ გვერდწითელი
ავტორი თეონა ჭანტურია იტალია/ქალაქი ბარი
თამარ გვერდწითელი ერთი ჩვეულებრივი ქალია, თუმცა არაჩვეულებრივი ბუნებისა და ხასიათის მატარებელი. ქალი, რომელიც წლების ემიგრაციის ფონზეც არ კარგავს საკუთარ ფერად სამყაროს – სევდიან ჩანაფიქრებს შავ ჩანთაში ინახავს, სიყვარულს კი ლექსებად აქცევს. მისთვის ბედნიერება წვრილმანებშია, ძალა – სინაზეში, და მიზნები – მომავალში, რომელსაც ისევ სამშობლოში დაბრუნება ჰქვია.
„ბედნიერება ჩემთვის არ არის აბსტრაქტული ცნება. ბედნიერება წვრილმანებშია,“ – ამბობს თამარი და იმავე წინადადებით ასახავს საკუთარ სამყაროს. სწორედ ამ წვრილმანებით შედგება მისი ფერადი ცხოვრება – დეტალები, რომლებსაც თვალი, სული და გული სჭირდება, რათა დაფასება შეძლო.
ემიგრაციაში ყოფნის გადაწყვეტილება ერთ კონკრეტულ ფაქტორს არ უკავშირდებოდა. როგორც თავად ამბობს, ეს იყო სხვადასხვა სუბიექტური მიზეზების ერთობლიობა – ისეთივე მრავალშრიანი, როგორიც ემიგრანტი ქალების მარშრუტებია ზოგადად.
და მაინც, ემიგრანტობის პლატფორმად მან იტალია აირჩია – ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით უყვარს.
„იტალია და იტალიელი ხალხი გამორჩეულად მიყვარს – ამან გადამაწყვეტინა, რომ აქ დავრჩენილიყავი,“ – ამბობს იგი.
შავი ფერის ჩანთა, რომელიც ემიგრაციაში წამოსვლის წინ შეარჩია, სიმბოლოა იმ მონაკვეთის, რომელიც უკავშირდება შრომას, მონატრებას, დუმილს. მაგრამ იმედი ცოცხალია – იმედი დაბრუნებისა:
„როცა დავბრუნდები, ჩემს ჩანთას აუცილებლად ჭრელ და ნათელ ფერში შევარჩევ,“ – ამბობს ღიმილით.
თამარი საკუთარ თავს ძლიერ ქალად მიიჩნევს – თუმცა ამ სიტყვის კლიშე სახით კი არა, არამედ შინაგანი სიძლიერის ჭრილში:
„ეს სტატუსი ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე „მდიდარი“, „ლამაზი“ ან „ცნობილი“.“
მის „სურვილების ნუსხაში“ განათლება, წიგნები, ბავშვებთან ერთად დროის გატარება და ის დიდი სიყვარულია, რომელიც ემიგრაციამ დროებით დააკარგვინა.
„მაქვს საგანმანათლებლო მიზნები, მინდა გამოვცე რამდენიმე წიგნი სხვადასხვა თემაზე. მინდა იმ 8 წლიანი ვაკუუმის შევსება, რომელიც ემიგრაციამ გააჩინა ჩემი საყვარელი ბავშვების ცხოვრებაში.“
თამარი წერს ლექსებს. თუმცა არა ტკივილზე – სიყვარულზე.
„სევდას ლექსის სახით არ ვუზიარებ სხვას – სიყვარულს კი! ჩემი ლექსები მაშინ იწერება, როცა ვუყვარვარ და როცა მიყვარს.“