“იტალიის მასშტაბით პირველი ქართველი გოგონა ვარ ამ კატეგორიის მართვის მოწმობით” — ანასტასია ჯენეტის ამბავი რომიდან

Aprioritv

ბავშვობის ოცნებები ზოგჯერ წითელი ფერის მოტოციკლივით მოდის — ხმაურით, გრძნობებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებით.

ანასტასია ჯენეტი, რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგო, საქორწილო და ივენთ-სერვისების დამფუძნებლი და წარმატებული მენეჯერი, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შორეული ბავშვობის სურვილი რეალურად იქცეს — თუ მას გულით გაჰყვები.

„დაახლოებით ხუთის ვიყავი, როცა პირველად მოვისმინე უცნაური ხმა უბანში… და როცა ბიძაჩემი ეზოში მუქი წითელი “იავით“ შემოვიდა — ჩემი გული სამუდამოდ დარჩა იმ მოტოსთან“, — იხსენებს ანასტასია. ეს იყო მის ცხოვრებაში პირველი და გულწრფელი შეყვარება ტრანსპორტზე, რომლის მიმართ ინტერესი წლებმა უფრო გაამძაფრა.

მიუხედავად სხვადასხვა ცხოვრებისეული ეტაპისა — სწავლის, ემიგრაციის, სამუშაო დატვირთვისა — ანასტასიამ თავი არ დაანება ბავშვობის ოცნებას: საკუთარი მოტოციკლის ყოლას და პროფესიონალურად მისი მართვის სწავლას.

იმისათვის, რომ A3 კატეგორიის მოწმობა აეღო — რაც ძლიერი, მაღალი მოცულობის მოტოციკლის მართვის უფლებას იძლევა — მან ჯერ B კატეგორიის (ავტომობილის) ლიცენზია მიიღო. თუმცა, მისი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო: მოტო, და არა უბრალოდ მანქანა.

„სამსახურის გრაფიკში მოტოს კურსების ჩატევას იმდენი ძალისხმევა დასჭირდა, მგონი მოტოზე ნაკლებად არც მე დავრბოდი“, — ამბობს ანასტასია. საბოლოოდ კი, დიდი შრომის, მონდომების და სარისკო ნაბიჯების შემდეგ, ანასტასიამ პირველივე ცდაზე წარმატებით ჩააბარა A3 კატეგორიის გამოცდა და გახდა პირველი ქართველი გოგო იტალიაში, რომელსაც ეს კატეგორიის მართვის მოწმობა ოფიციალურად აქვს.

„იმედი მაქვს, რომ ჩემი მაგალითი სხვა ქართველ გოგონებსაც მისცემს ძალას, ირწმუნონ საკუთარი თავის. დაიმახსოვრეთ — არასოდეს არ არის გვიანი მიზნებისთვის. და ჰო, გთხოვთ, საკუთარ თავი ბოლოსთვის არ შემოინახოთ… ბევრ დროს დაკარგავთ,“ – ამბობს ანასტასია.

დღეს ის მოტოსთან ერთად თავისუფლად მოძრაობს რომის ქუჩებში. მისი ისტორია კი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლიცენზიის აღება.

ანასტასია გირჩევთ:

 არასოდეს ჩათვალო შენი სურვილი ზედმეტად ბავშვურად.

– მიზნისთვის დრო გამონახე, თუნდაც დღეში 15 წუთი.

– შენი სქესი, ასაკი ან ემიგრანტის სტატუსი არასდროს არ არის დაბრკოლება, თუ მზად ხარ იბრძოლო.

როგორ დაიწყო მოტოს გზა — ანასტასია ჯენეტის 5 ნაბიჯი

– აიღე B კატეგორიის მართვის მოწმობა (თუ ჯერ არ გაქვს).
– მოძებნე მოტოს სპეციალიზებული სკოლა, სადაც A3 კატეგორიაზე გამზადებენ.
– დაარეგულირე გრაფიკი – შეუთანხმდი შენს დამსაქმებელს და გამოყავი დრო გაკვეთილებისთვის.
– არ შეგეშინდეს არც სირთულეების, არც პირველ ცდაზე ჩაჭრის – წასაკითხად კი არა, გასავლელად ხარ იქ.
– იმოქმედე თავისუფლად – გახდი ის, ვინც გზას სხვა გოგონებს გაუკაფავს.

Exit mobile version