ქართველი, რომელიც ქალაქ ბარის, ქალაქის საბჭოს არჩევნებში კანდიდატობაზე კენჭს იყრის, ვარდი თვალაძე გახლავთ

საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV მკითხველს, იტალიაში, ქალაქ ბარიში მცხოვრებ ქართველ ქალბატონს ვარდი თვალაძეს გააცნობს, რომელიც იტალიის მუნიციპალურ არჩევნებში მოანაწიელობას იღებს.

ვარდი თვალაძე, იტალიის 2024 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მერიის თანამშრომლის კანდიდატურაზე იყრის კენჭს. იგი და მისი მეგობარი, ბარში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი მიკელე ტრავერსა მერობის კანდიდატის სიაში “Leccesse Sindaco” (ლეჩეზე ჩვენი მერი) სიაში მერვე და მეცხრე ადგილებს იკავებენ.

გამარჯვების შემთხვევაში ის ქართული დიასპორის ხმა იქნება ქალაქ ბარის მთავარ ადმინისტრაციულ ორგანოში.

ვარდი თვალაძე: დავიბადე ქალაქ თბილისში, 1976 წლის 15 მაისს.

მშობლები მე და ჩემს ძმას, ადამიანების დაფასებას, მათი ადამინური ღირსებების დანახვას და მოყვასის დახმარებას გვასწავლიდნენ. 

მამა, ელდარ თვალაძე – გამომძიებელი და კრიმინალისტი გახლდათ. დედა, ლუიზა აფხაზავა-თვალაძე, 62ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული მასწავლებელი.  

მშობლების მხრიდან, ჩემში ნების თავისუფლების შთაგონებით,  ჩემი ინტერესი ენისა და ლიტერატურის მიმართ ჩამოყალიბდა, რაც წინა თაობის არჩეული გზის გაგრძელება გამოვიდა.

1994 წელს ჩავაბარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სპეციალობის განხრით.

უნივერსიტეტის დასრულებას დაემთხვა ის ცვლილება, რომ  ჩვენმა ქვეყანამ გეზი ევროპული განათლებისკენ აიღო და თსუ-მ პირველად დანერგა ბაკალავრიატ + მაგისტრატურა როგორც ახალი მოდელი. შესაბამისად,  ჩემი თაობა პირველი გამოშვებაა იმ სტუდენტებისა, რომელთაც ბაკალავრიატზე ოთხწლიანი სწავლების შემდეგ სწავლა ორწლიან სამაგისტრო ხარისხისთვის განაგრძეს.

ბაკალავრიატზე სწავლისას გამოცდებსა და ტესტებზე მიღებული მაღალი ქულების შედეგად  მაგისტრატურაში  სწავლა უგამოცდოდ გავაგრძელე. აქ უკვე თარგმანთან ერთად  ლიტერატურული  ნაწარმოებების ერთმანეთთან შედარებითაც (კომპარატივისტიკით) დავინტერესდი. რაც ძირითადად ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებზე სტატიების სახით ვლინდებოდა.

მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, სწავლას მუშაობა ვარჩიე და ბანკიდან შემოთავაზებულ სამსახურზე უარი არა და ვერ ვთქვი და 2000 წლიდან „ინტელექტბანკის“ სათავო ოფისში ფულადი გზავნილების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა, მალე სპეციალისტიც გავხდი. ახალმა გარემომ კონკურენციის გაძლებასთან ერთად პასუხისმგებლობის, დასახული ამოცანების მიღწევის, გუნდთან მუშაობის, დათმობისა და ატანის ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. უნივერსიტეტის აკადემიური გარემოდან გამოსულმა ნაკლებადშემოქმედებითი, რუტინულ საბანკო გარემოცვაში გადარიცხვების შემსრულებელ მანქანად რომ არ მეგრძნო თავი, აქტიურად დავიწყე ლატვიის განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში წერილების გზავნა. რადგან ბაკალავრიატიდან მოყოლებული სულ მინდოდა ისეთი მცირეეროვანი ენა მცოდნოდა, რაშიც კონკურენციას ვერავინ გამიწევდა. მცდელობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო.

2005 წელს, საქართველო ევროპის საგანმანათლებლო – ბოლონიის პროცესის წევრი გახდა. სწორედ ლატვია აღმოჩნდა ევროპული თანამეგობრობის საბჭოში ახალგაწევრიანებული ის ქვეყანა, რომელიც გაუძღვა საქართველოს ამ პროცესში. მე პირველმა მივიღე უშაულოდ ლატვიის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ლატვიის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სასწავლო და ცხოვრების ხარჯებისთვის სრული დაფინანსება.

ეს იყო უდიდესი გამარჯვება ჩემი, როგორც რიგითი ქართველისა, რომელსაც უნივერსიტეტში მიღებული მაგისტრის ხარისხის და წარჩინების დიპლომი გვერდზე კი არ გადაუდეს და კურსი კი არა გაამეორებინეს, არამედ აღიარეს და შეასბამის დონეზე ცნეს ჩემსავე ქვეყანაში, ჩემსავე უნივერსიტეტში მიღებული ევროპული განათლების მოდელით მიღებული მაგისტრის ხარისხი და სწავლის გაგრძელების უფლება დოქტურანტურის პირველ კურსზე მომცეს.  

2016 წელს, ჩემი უკვე რიგაში სწავლის დროს მოეწერა ხელი უნივერსიტეტებს შორის სტუდენტების გაცვლის მემორანდუმს. მე რიგაში, როგორც პირველი ქართველი დოქტორანტი უკვე ვსწავლობდი.

რიგაშივე აქტიურად დავიწყე ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა, მქონდა კერძო გაკვეთილები ქართველ-ლატვიელ ახალგაზრდა ქალებთან, ასევევ ვმუშაობდი ქართველთა სათვისტომო ორგანიზაციაში „სამშობლოს“ საკვირაო სკოლაში უცხოელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ქართული ენის მასწავლებლად.

ლატვიური ენა ისე კარგად ავითვისე, რომ მონაწილეობა მივიღე ლატვიის კულტურულ ფონდში (https://www.vestnesis.lv/ta/id/29246) სადაც გაიმარჯვა ჩემმა პროექტმა და ერთჯერადი დაფინანსება მივიღე, ლატვიურიდან ჩემ მიერ თარგმნილი იმანტ ზიედონისის ზღაპრების კრებულისთვის. ეს გახლდათ პირველი და დღემდე ერთადერთი ვარიანტი, როდესაც უშუალოდ ორიგინალური ლატვიური ენიდან (რუსულის გარეშე) გადავთარგმნე და გამოვეცი ქართულ ენაზე ავტორისეული ზღაპრების კრებული.

ერთწლიანი დოქტორანტურა წარჩინებით დავასრულე. საქართველოში დაბრუნებისთანავე კორპორაცია „მადნეულში“ დავიწყე მუშაობა მენეჯერის თანაშემწედ. მალე რიგითი თარჯიმნიდან ერთ-ერთი დირექტორის ასისტენტ-თარჯიმანიც გავხდი. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ლატვიის საკონსულოდან მივიღე მუშაობის წინადადება და მუშაობა ლატვიის საელჩოში, კონსულის თანაშემწედ განვაგრძე. მე გახლდით, ჩემი ყოფილი სტუდენტის, ლატვიის პირველი კონსული ქალის ბირუტა ბერას თანაშემწე. კონსულის თანაშემწის რანგში ორი წელი ვიმუშავე.

2009 წლიდან მუშაობა დავიწყე ნანა შავთვალაძის კერძო სკოლის,  “Language School” ახლა უკვე „სემიტას“ ქართული ენის მასწავლებლად. ეს იყო გამოწვევა, ქართული ენის, ქვეყნის სიყვარულის, მოფრთხილებისა და დაცვის საუკეთესო საშუალება. ჩემი საქმით ვიცავდი ყოველივე ქართულს და უცხოელებს ისე გადავცემდი ცოდნას, რომ ქართული ენის, კულტურის, ლიტერატურისა,  ისტორიის, ფოლკორისა და სხვა დანარჩენისადმი პატივისცემის გარეშე  ხსენება არ შეეძლოთ. თითქმის ყველა ჩემი სტუდენტი ჩემს ქვეყანაში ოფიციალურად წარდგენილი სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატი ან კონსული გახლდათ. ასევე ჩემი სტუდენტები იყვნენ ევროკომისიის სხვადასხვა წარმომადგენლები საქართველოში, დეპუტატები და საზღვრის დამცველი, როგორც დიპლომატები, ისე სამხედროები.

2010 წელს ქართული ენის მასწავლებლობის პარალელურად მუშაობა დავიწყე „Saunders Group” ში. მე გახლდით თარჯიმანთა ჯგუფის ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში.

2012 წელს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მე, ადამიანი, რომელიც დაუგეგმავად არც ერთ ნაბიჯს არ დგამს, ყველაფერს წინასწარ წონის, ზომავს, თვლის და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ასევე დინჯად და აწონილ-დაწონილად გადავწყვიტე დაქორწინება იტალიელ მამაკაცზე ჯუზეპე კოლონაზე და ცხოვრება იტალიაში განვაგრძე. აქ შევქმენი ქართულ-იტალიური ღირსეული ოჯახი. გვყავს ერთი ქალიშვილი.

საბედნიეროდ, მუშაობა, ჩემი პროფილით გავაგრძელე: როგორც ონლაინ მაქვს ქართული ენის გაკვეთილები, ისე ინგლისურს ვასწავლი იტალიელებს. ჩემი მეუღლე სულ გვერდში მიდგას და მეხმარება, რომ საყვარელი საქმე ვაკეთო.

იტალიაშიც კი (და არასდროს) არ მაშინებს ახალი გამოწვევები, ასე შევუდექი მუშაობის ახალ ეტაპს. 2012 წლიდან 5 თვის განმავლობაში საველე სამხედრო კაზარმაში ინგლისური ენის ცეტრის (English Centre) მიერ წარგზავნილი ინგლისური ენის მასწავლებლად ვიმუშავე.

ეს იყო პროექტი, რომელშიც ზემოხსენებულმა კერძო სკოლამ დაფინანსება მიიღო ევროკომიტეტის მიერ და ინტენსიური ინგლისური ენის კურსი შესთავაზა საველე ჯარისკაცებს კაზარმის ბარის ნაწილში. მას შემდეგ თითქოსდა დამებედა ინგლისური ენის სამხედრო სფეროს წარმომადგენლებისთვის სწავლება.

2014 წელს წარმატებით გავიარე ინგლისური ენის მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი და იტალიის, ბარის ფილიალის  საჰაერო ძალების (Aeronautica Militare) სათავო ოფისში NATO-ს საგამოცდო პროგრამისა და ზოგადი ინგლისური კურსი ჩავუტარე იტალიელ საჰაერო ძალის წარმომადგენლებს, სხვადასხვა რანგის სამხედრო მფრინავებს.

2015 წელს ასევე ინტენსიური ექვსთვიანი ზოგადი ინგლისური ენის სწავლების პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, ამჯერად იტალიის ბარის ფილიალის ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს ჩავუტარე ინტენსიური ზოგადი ინგლისურის კურსი. პარალელურად კერძო სკოლებში ვმუშაობდი ინგლისური ენის სატესტო და ზოგადი კურსის მასწავლებლად.

2015 წელს მცირე ხნით ვიმუშავე მაშინ ახალშექმნილ იტალიური ენის კერძო სკოლაში „პასსაპორტო იტალიას“  (https://www.passaportoitalia.com/) ინგლისური ენის მასწავლებლად.

2015 წლიდან 2017 წლამდე ვმუშაობდი ქ. ბიტონტოს კერძო სკოლის „one world”-ში ინგლისური ენის მასწავლებლად.

2017 წელს გავიარე კემბრიჯის CELTA მასწავლებელთა სასერთიფიკატო პროგრამა და მივიღე უფლება CELTA-ს სერტიფიკატით ვასწავლო ინგლისური ყველგან, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სკოლებში.

2023 წლიდან ბარის სამოდელო-სამკერვალო ტექნიკუმში ვიდეო გაკვეთილების თარგმანს ვამზადებ და ჩემი ხმით იტვირთება https://www.tecnologiedellamoda.org/ ლიკზე ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის ონლაინ გაკვეთილებისთვის.

იტალიაში ჩემს ცხოვრებას ემიგრაციის ის გაგება არაა აქვს, რაც აქ სამუშაოდ ჩამოსული ჩემი ქართველების უმრავლესობას. მე აქ ოჯახი შევქმენი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ გადაკვეთილა ჩემი და აქ ჩამოსული ქართველების ხაზები მტკივნეულად და უშაოლოდ ერთმანეთზე პირდაპირ შეხებით, ანუ, მე ის ტკივილიანი გზა არ გამივლია, რასაც ე.წ. „ბადანტეს“, ანუ ოჯახში დამხმარე ქალის სამუშაოს სიმძიმე იტევს. ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა არ შეურყევია ამ სამუშაოს, რასაც ჩემთვის ნებაყოფლობითი პატიმრობა უფრო ჰქვია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე იტალიელის მეუღლე ვარ და ამ გადაწყვეტილებით ჩემი ცხოვრება რადიკალურად შევცვალე, თითქმის ნულიდანაც დავიწყე გარკვეული ასპექტით საკუთარი ცხოვრება, სირთულეების გადალახვა მეც მომიწია.

უპირველეს ყოვლისა, ენა შევისწავლე, რაკი იტალია არასოდეს ყოფილა ჩემი  ცხოვრების გეგმის ნაწილი, არამედ ბედისწერის შედეგია, აქაურ გარემოში იოლად ადაპტაციისა და გაგებისთვის ენის ინტენსიური სწავლა დავიწყე. 2013 წელს დავასრულე ალდო მოროს უნივერსიტეტში დანტე ალიგიერის ცენტრის იტალიური ენის კურსები.

2021 წლიდან უკვე იტალიის მოქალაქე ვარ. (ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს მე და ჩემს ქალიშვილს).

2024 წლის თებერვლიდან პოლიტიკური მოძრაობა “Puglia Favorevole”-ს  (კეთილმოსურნე პულიას)  წევრი ვარ, რომელმაც წარმადგინა 2024 წლის ქალაქ ბარის მერიის არჩევნებში, მერობის კანდიდატის ვიტო ლეჩეზე სიაში და კენჭს ვიყრი ქალაქ ბარის ქალაქის საბჭოს თანამშრომლის კანდიდატურაზე.

შეხვედრები მაქვს როგორც იტალიელ, ასევე ქართველ ელექტორატთან. ჩემი მთავარი მესიჯია განათლების მიღება და ცნობიერების ამაღლება, რომ აქ ჩამოსულმა ქართველებმა, იტალიურ ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად შესძლოს ღირსეული სოციალური გარემოს შექმნა და შენარჩუნება. ნებისმიერმა ქართველმა პატიოსანი და ღირსეული შრომით, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვით უნდა შექმნას  მშვიდობიანი და ჯანსაღი მომავალი თავიანთი შვილების და შვილიშვილების თაობებს.

ჩემი, როგორც რიგითი ქართველისა და იტალიის მოქალაქის მოვალეობაა, სიტყვა მივაწვდინო ქალაქის მერიის მესვეურებს, რომ ერთიანი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ქართველების ინტეგრაციას, ჯანსაღ გარემოს, სამოქალაქო განათლების ამაღლებას, ქრისტიანული ღირებულებების დაცვას, რომ  უკეთესი სამომავლო ნაბიჯები გადაიდგას იტალიელებისა და ქართველების თანაცხოვრებაში მათსავე მიწაზე.

Exit mobile version