Le donne georgiane intelligenti – ჭკვიანი ქართველი ქალები!
რუბრიკის სტუმარია ინგა მანაგაძე
ხელით შექმნილი საოცარი სამკაულები, ფერად-ფერადი ჩანთები და ნაქარგები – ინგა მანაგაძის ხელწერა ემიგრაციის ზღვარს გასცა. მან 27 წლის ასაკში ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო, დღეს კი ფეხზე მყარად დგას. 14 წელია იტალიაშია – შრომით დაღლილი, მაგრამ ემოციებით სავსე. საქართველოში, ბავშვობიდან ხელსაქმის მოყვარულმა ჯერ პატარა სალონი გახსნა, შემდეგ კი ემიგრაციაშიც წლებმა შემოქმედებით გზაზე ატარა. დღეს უკვე ოცნებობს დაბრუნებასა და საკუთარი „ფერადი სამყაროს“ შექმნაზე თავის სამშობლოში.
ინგასთან ინტერვიუ ასევე ემიგრანტმა თეონა ჭანტურიამ ჩაწერა.
საოცარია, როგორ შეუძლია ადამიანს სიცოცხლეშივე შექმნას საკუთარი ფერადი სამყარო – ხავერდოვანი ქსოვილებით, სითბოთი ნაქარგი სიტყვებით, კულინარიული არომატებითა და სიყვარულით სავსე ხელთნაკეთობებით. ინგა მანაგაძე, 52 წლის ემიგრანტი ქუთაისიდან, სწორედ ასეთი სამყაროს ავტორია.
ბავშვობიდანვე იზიდავდა ხელსაქმე – კერვა, ქარგვა, ქსოვა, დიზაინი და კულინარია. მის გემოვნებასა და ხელწერაში იყო ის სილამაზე, რაც არა მხოლოდ საგნებში, არამედ ადამიანებშიც გამოიხატება. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში თანაკლასელებისთვის გამოსაშვებ საღამოზე სპეციალურად შეკერილ წინსაფრებზე ზრუნავდა – სილამაზის გაზიარება მისი შინაგანი მოთხოვნილება იყო.
საქართველოში პატარა სამკერვალო სალონი ჰქონდა, რომელიც თავად შექმნა და მართავდა. ამბობს, რომ ეს საქმე მისთვის არა მხოლოდ შემოსავლის, არამედ ბედნიერების წყაროც იყო. სწორედ აქ იგრძნო პირველად, რომ საკუთარ საქმეში ქალს შეუძლია დამოუკიდებლად იარსებოს, იბრწყინოს და სხვებიც გააბედნიეროს.
თუმცა ცხოვრებამ სხვა გზა აჩვენა. 27 წლის ასაკში მეუღლის გარდაცვალებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ერთ დღეს, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ემიგრაციის გზას დაადგა. იტალიაში 14 წელია ცხოვრობს. ამბობს – რთული იყო, მაგრამ უკან რომ დააბრუნოთ ამ გზას ისევ აირჩევდა:
„ცხოვრება ბედისწერაა… მეუღლე რომ არ დამღუპვოდა, ემიგრანტი არ ვიქნებოდი, მაგრამ მადლობა ღმერთს – აქ აღმოვაჩინე ჩემი შესაძლებლობები. ის, რაც მიყვარს და რაც ბედნიერს მხდის. 12 წელი ერთ ბებიასთან ვიმუშავე, მშვიდად, კარგ გარემოში. ისიც იყო ჩემი შთაგონების წყარო – მისი ქალიშვილი მე მასწავლიდა და მე მას.“
ემიგრაციაშიც არ შეეშვა თავის გატაცებას – საკუთარი ხელით შექმნილი ხელჩანთები და სამკაულები იტალიურ გამოფენებზე გაიტანა. ამბობს, რომ ყველა შეკვეთას პასუხისმგებლობით უდგება – ხელნაკეთი ნივთი ხომ მხოლოდ ნაქსოვი ძაფი ან აბრეშუმი არ არის, მასში ადამიანის ენერგიაა ჩადებული.
ახლა ინგას დიდი ოცნება აქვს – სამშობლოში დაბრუნება და იქ „ფერადი სამყაროს“ შექმნა:
„ძალიან ძნელია მონატრებაში და დაძაბულობაში იცხოვრო წლების განმავლობაში. მინდა ემიგრაცია დასრულდეს, და ჩვენს თბილ კერიაში გაგვითენდეს და დაგვიღამდეს ყველა ემიგრანტს.“
ინგა მანაგაძე – ხელოვანი ქალბატონი, რომელმაც გასაჭირს არ მისცა უფლება, რომ მისი ფერები ჩაექრო. პირიქით – კიდევ უფრო გაამდიდრა და გაანათა ის ფერადი სამყარო, რომელიც მალე, იმედია, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდება ხელშესახები.
