BREAKING

ინტერვიუ

„უკვე ორმოცზე მეტ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ეს მხოლოდ დასაწყისია“ — ელენე უროტაძე ოთხი წლიდან გამოფენებში მონაწილეობს

ინტერვიუ, სპეციალურად Aprioritv-სთვის მოამაზადა ჟურნალისტმა მანანა გაბრიჭიძემ

„… გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ნამუშევარი, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, გამოფენა – „თაობა“, სადაც ბაბუასთან, მხატვარ ზაზა ჯალაღონიასთან ერთად წარვადგინე ჩემი ნამუშევრები…“ — გვიამბობს უნიჭიერესი მხატვარი ელენე უროტაძე, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და უკვე მდიდარი შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს. მისი ნახატები გაიყიდა ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში…

ელენე თავად გვესაუბრება…

– ელენე, ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყეთ, გვიამბეთ პირველ ნამუშევარზე, პირველ გამოფენაზე და შემდეგ ნაბიჯებზე…
– საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე – დაახლოებით 3 წლის. პირველი ნახატი, რაც მახსოვს, დიდი პეიზაჟი იყო, საკმაოდ დიდი ფორმატზე, და პირველად სწორედ მაშინ მითხრეს, რომ მზეს სახე არ უნდა დაეხატა. მეორე ნახატი კი, „ჭიანჭველები“, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს. პატარაობაში რატომღაც ორჯერ დიდ ფორმატებზე ხატვა მომიწია. პირველ გამოფენაში მონაწილეობა 4 წლის ასაკში მივიღე, სწორედ ეს „ჭიანჭველები“ მქონდა გამოტანილი გალერეა „ვანდაში“, 2012 წელს. ამჟამად უკვე ორმოცზე მეტ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ეს მხოლოდ დასაწყისია.

– ბავშვობაში რომელი მხატვრები მოახდენდნენ თქვენზე განსაკუთრებულ გავლენას?
– ბავშვობაში განსაკუთრებით მიყვარდა გოია, სალვადორ დალი, რუბენსი. ქართველებიდან – ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და რუსუდან ფეტვიაშვილი… ყოველთვის მომწონდა ისეთი შემოქმედებები, რომლებიც ესთეტიკის გარდა საინტერესო თემებსაც ეხებოდა.

– პროფესიული სასწავლო გზა, პედაგოგები რომ გაგახსენდეთ…
– „ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა“, შემდეგ „ზალიკოს სამხატვრო სტუდია“, შემდეგ კი „თბილისის სამხატვრო სასწავლებელი (ათწლედი)“, ახლა კი ვსწავლობ “შემოქმედებით სახელოსნო ART Mari”-ში.

– როგორი პირობებია დღეს საქართველოში ძალიან ახალგაზრდა მხატვრისთვის?
– საქართველო ოდითგანვე გამოირჩეოდა ძალიან მდიდარი, ღირებული და დამოუკიდებელი კულტურით. გვყავს მხატვრები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და დღესაც აგრძელებენ ამ საქმის კეთებას. ყველაზე მეტად ქართველ მხატვრებში ის მომწონს, რომ წარსულში კი არ რჩებიან, არამედ ნათელი მომავლისთვის აკეთებენ ყველაფერს. სამწუხაროდ, ახალგაზრდებს განსაკუთრებით არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, კონკურსებში მივიღოთ მონაწილეობა — ეს კონკურსები ძალიან რთულად მოსაპოვებელია.

– რამდენად გახასიათებთ ჟანრობრივი მრავალფეროვნება?
– მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონკრეტული ჟანრები, რომლებიც განსაკუთრებით მიზიდავს, მაინც არ მაქვს ერთი მიმართულება. ხატვისას სრულ თავისუფლებას ვაძლევ ხოლმე თავს, ამიტომაც ხშირად ვცდილობ სხვადასხვა ტექნიკის შერევას და ახალ ჩანაფიქრებზე მუშაობას. მიყვარს თავისუფლება, რადგან თვით ხელოვნებაც ხომ თავისუფლებაა.

– ბოლო გამოფენაზეც გვიამბეთ…
– გამოფენაზე გამოტანილი რამდენიმე ნამუშევარი აჭარის ხელოვნების მუზეუმში იყო წარმოდგენილი, გამოფენა — „თაობა“. ბაბუასთან, მხატვარ ზაზა ჯალაღონიასთან ერთად ვაჩვენე ჩემი ნამუშევრები.
გამოფენა — „მოკვდავი ამ სამყაროში“ — წარმოადგენს სიკვდილის კონკრეტული ადამიანის სხვადასხვა განცდას ამ ცხოვრებაში. ადამიანის თითოეულ ტიპაჟსა და ცხოვრების გზას, სადაც ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.
ნახატებიც სტილისტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ყველას ცხოვრება და გზა განსხვავებულია.
ცხოვრება ხომ წასვლაა წამოსვლიდან.
როდესაც ადამიანი იბადება, ის იწყებს განცდების, ემოციების, გამოცდილებების, ფიქრების, პიროვნების და მომენტების შეგრძნებას.
ამ გამოფენაში კი წარმოდგენილია ჩემი თვალთახედვით დანახული მკვდარი ამ სამყაროში.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts