BREAKING

ინტერვიუ

EXCLUSIVE „ციხიდან თავისუფლებამდე: ემიგრანტი გოგოს გზა გამარჯვებამდე“ – მარიამ ნიშნიანიძის ემიგრაციის ისტორია

ინტერვიუ მოამზადა ქეთი ტუშურმა | დიასპორული მედია AprioriTV-ს ჟურნალისტმა იტალიაში

რა ღირს ემიგრაციის გზა?
ეს არის ისტორია მარიამ ნიშნიანიძეზე – გოგოზე, რომელმაც ჯერ ბავშვობაში დედა ემიგრაციის გამო დაკარგა, შემდეგ მამაც და ბავშვობის უმძიმესი წლები მარტომ გადაიტანა. მოგვიანებით თავადაც გახდა ემიგრანტი, იბრძოლა საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად უცხო მიწაზე, მაგრამ ცხოვრება კიდევ უფრო რთული გამოცდების წინაშე დააყენა: იძულებითი შრომა, სოციალურ შოკში ჩავარდნა, კანონთან პრობლემები, ციხე, შინაპატიმრობა… და ბოლოს — შინაგანი აღორძინება.

დღეს მარიამი გვიყვება, როგორ დაიკარგა პატარა გოგო და როგორ დაიბადა ძლიერი ქალი — თავისი სიმღერით, სიმამაცით და თავგანწირული ადამიანობით.


– მარიამ, როგორ დაიწყო შენი ემიგრაციის გზა?

– დედის წასვლა იყო ჩემი ცხოვრების პირველი დიდი დანაკარგი. მე და ჩემი და ჯერ კიდევ ძალიან პატარები ვიყავით, როცა დედამ დატოვა ოჯახი და საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. ჩვენი მთავარი პრობლემა მაშინ ეკონომიკური სიდუხჭირე იყო. მე მხოლოდ 4 წლის ვიყავი, ჩემი და – 7-ის. დეიდასთან ვიზრდებოდით. ძალიან მძიმედ მახსენდება ის პერიოდი, როცა დედის გარეშე ვიზრდებოდი. მალევე მამამაც დატოვა ოჯახი და მეუღლეს გაჰყვა ემიგრაციაში.

– ფაქტობრივად ორივე მშობელი ემიგრაციაში წავიდა. რა განცდები დაგრჩა ამ პერიოდიდან?

– დედა იტალიაში წავიდა… მამამაც მალე დაგვტოვა. მე და ჩემი და დეიდასთან ვიზრდებოდით. მამის წასვლის შემდეგ კი დავშორდით ერთმანეთს და ცალ-ცალკე მოგვიწია ცხოვრება. ვიზრდებოდით, მაგრამ ახლა ვხვდები – ძალიან დავშორდით. მაშინ ბავშვი ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, როგორ უჭირდა დედას იქ – მარტო, ჩვენს გამო. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ მხოლოდ მატერიალურად ვიყავით უზრუნველყოფილი – გვქონდა ყველაფერი, მაგრამ დანაკლისი უფრო დიდი იყო – ემოციური სიცარიელე.

– გარე თვალისთვის ყველაფერი წესრიგში ჩანდა?

– გარედან ყველაფერი თითქოს იდეალურად ჩანდა – ბავშვებს არაფერი აკლდათ. სკოლაში ხშირად მესმოდა: „ამას რა უჭირს, დედა იტალიაში ჰყავს.“ მაგრამ რეალობა სხვაგვარი იყო. დედასთან კონტაქტი ძალიან შეზღუდული იყო – სოციალურ ქსელებს მაშინ ის სახე არ ჰქონდა, რაც ახლა. დედა მხოლოდ კვირაში ერთხელ ახერხებდა სატელეფონო ზარს, რომელსაც მთელი კვირა ველოდით. ეს იყო რამდენიმე წუთი საუბარი – და შემდეგ ისევ სიჩუმე, ლოდინი… პირველი ვიდეოზარი მხოლოდ მაშინ შედგა, როცა სკაიპი გამოჩნდა – ეს იყო პატარა ხიდი, რომელმაც დედას და შვილებს შორის მანძილი ოდნავ შეამსუბუქა.

– მიუხედავად იმ აზრისა, რომ „ყველაფერი გაქვთ“, თქვენ მთავარი არ გქონდათ…

– კი. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ხშირად გვიმეორებდნენ – „ყველაფერი გაქვს“, მე და ჩემმა დამ ყველაზე მნიშვნელოვანის – მშობლების გარეშე გავიზარდეთ.

– როდის შეუერთდი ოჯახს იტალიაში?

– დრო გავიდა. იტალიაში დედ-მამას შეეძინათ შვილი – გოგონა, მოგვიანებით კი ბიჭიც. მე უკვე 14 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე ოჯახთან გავერთიანებულიყავი და იტალიაში ჩავედი. გულწრფელად რომ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ვცხოვრობდი, თავს მაინც უცხოდ ვგრძნობდი. იყო სიშორე, უხილავი დისტანცია, რომელსაც წლები დაედო საფუძვლად.

– როგორი ბავშვი იყავი ამ პერიოდში?

– ძალიან მოუსვენარი და ცელქი ბავშვი ვიყავი – მიყვარდა სიმღერა, სპორტი, აქტიურობა. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ სწავლა იტალიაში გამეგრძელებინა. დიდი მოლოდინით დავთანხმდი – მეგონა, ზღაპრული ცხოვრება მელოდა. მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა: ქაოსი, დაღლილი მშობლები, უწყვეტი შრომა და ჩემი ყოველდღიურობა – საოჯახო საქმეები. ეს იყო სიცარიელე, რომელიც შინაგანად მღრღნიდა.

– ადაპტაცია იტალიურ სკოლაში როგორი იყო?

– სკოლაში ადაპტაცია ჩემთვის კიდევ ერთი რთული ეტაპი იყო. პირველივე დღიდან თავი სრულიად უმნიშვნელო ადამიანად ვიგრძენი. ენას ვერ ვფლობდი, განსხვავებული ვიყავი – გარეგნობითაც. ხშირად ვხდებოდი ბულინგის მსხვერპლი. ზოგჯერ თვით ქართველებისგანაც კი – იმ პერიოდში ქართველ ემიგრანტებს არაკანონიერი ქმედებების გამო ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ. საკუთარ თავში ჩავიკეტე, სკოლიდან თავის არიდებას ვცდილობდი. თითქოს იტალიაში ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ყველაფრისგან მოწყვეტილი ემიგრანტი ბავშვი ვიყავი – მარტოსული, მეგობრების გარეშე, უცხო ენაში დაკარგული.

– მაგრამ სპორტში, მუსიკასა და ხელოვნებაში წარმატებებს აღწევდი. როგორ ახერხებდი?

– დიახ. მიუხედავად ყველაფრისა – ვიღებდი პირველ ადგილებს სპორტში, მუსიკაში, ხელოვნებაში. ეს მათი გაკვირვება იყო, ჩემთვის – პატარა გამარჯვებები.

– როგორ აირჩიე პროფესია?

– ყველა სირთულის მიუხედავად, სკოლა დავამთავრე, ენა ავითვისე და საბოლოოდ პროფესია – კულინარია ავირჩიე. ვმონაწილეობდი კონკურსებში, ვიმარჯვებდი, მუშაობა ერთ-ერთ რესტორანში დავიწყე, შემოსავალიც მქონდა და ავტომობილი შევიძინე. თითქოს ყველაფერი დალაგდა – ვიპოვე ჩემი ადგილი უცხო ქვეყანაში.

– შემდეგ პანდემია დაიწყო…

– დაიწყო COVID-19. ყველაფერი დაიხურა. უმუშევარი დავრჩი და ახალი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდი. მაგრამ არ დავნებდი – გადავწყვიტე, გამოსავალი მომენახა: ჩემი მანქანა სასარგებლოდ გამოვიყენე – დავიწყე დახმარება იმ ემიგრანტებისთვის, ვისაც გადაადგილება უჭირდა. ვემსახურებოდი ოჯახებს, მიმქონდა ამანათები, ფულს ვუგზავნიდი მათ ახლობლებს სამშობლოში – ეს იყო ჩემი სამსახური იმ პერიოდში.

– შემდეგ საკუთარი საქმე დაიწყე?

– შემდეგ მოვახერხე და მეორე, უკეთესი მანქანა შევიძინე. მალევე გავითქვი სახელი – გავხდი პირველი ქართველი გოგო, ვინც ტაქსაობა დაიწყო. არ შევუშინდი კონკურენციას – ვატარებდი ექსკურსიებს, ვაწყობდი ჯგუფურ ტურებს და ამ საქმიანობაშიც წარმატებას მივაღწიე. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სირთულე შეიძლება გარდაქმნა – შესაძლებლობად. მთავარია, არ დანებდე და გზას იპოვი.

– რის გამო აღმოჩნდი სამართლებრივი პრობლემის წინაშე?

– დიდი კონკურენციის ფონზე, ჩემი წარმატება ბევრს არ უხაროდა და ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ. ერთ დღეს შემოვიდა უცნობი ზარი — თურქი მამაკაცი იყო, რომელმაც მთხოვა, მისი ახლობლები ერთი ქალაქიდან მეორეში გადამეყვანა. მათ არ ჰქონდათ საბუთები. მითხრეს, რომ თუ გზაში პოლიცია გააჩერებდა, მათ უკან დააბრუნებდნენ, მე კი არაფერი შემემთხვეოდა — თითქოს პასუხისმგებლობა არ მეკისრებოდა.

ჩემთვის ეს დიდი კანონარღვევად არ ითვლებოდა, რადგან დღემდე ჩემი კლიენტების უმრავლესობა ქართველია და არალეგალურად ცხოვრობს. ამიტომაც დავთანხმდი. ასე რამდენჯერმე გადავიყვანე არაკანონიერი გზით შემოსული ემიგრანტები დანიშნულების ადგილზე. მოგვიანებით მივხვდი, რომ მსგავს საქმეებში თითქმის ყველა ქართველი მონაწილეობდა, ვინც მაშინ (და ახლაც) მანქანით მომსახურებას სთავაზობდა ემიგრანტებს.

– როგორ დაგაკავეს?

– 2022 წლის 19 იანვარს, დილის 4 საათზე, კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. პოლიცია იყო. იკითხეს ჩემი სახელი და გვარი — მარიამ ნიშნიანიძე — და მალევე დამადეს ხელბორკილები. ბრალად დამდებეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონო გადაადგილებაში დახმარება და ხელშეწყობა. გისოსებს მიღმა აღმოვჩნდი — ოთხ კედელს შორის, შოკში, გაუგებრობაში, უცხო მიწაზე, უცხო გარემოში. 21 წლის ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რამდენად სერიოზული ბრალდების წინაშე ვიდექი.

– რას ფიქრობ ამ საკითხზე დღეს?

– არ ვუარყოფ – ვიცოდი, რომ იმ ადამიანებს საბუთები არ ჰქონდათ. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს საქმე ასეთ სერიოზულ პრობლემამდე მიმიყვანდნენ. ეს ადამიანები – ირანელები – ბავშვებითა და ქალებით, ომს, სიღარიბესა და შიმშილს გამოქცეულები იყვნენ. მათ ახალი ცხოვრების დაწყება სურდათ. ვიღაც სხვები მათგან სარგებელს იღებდნენ, მე კი – ადამიანურად ვცდილობდი დახმარებას.

– როგორ იმოქმედა შენზე ციხის პერიოდმა?

– ციხეში თვეები გავატარე. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე, მაგრამ გარდამტეხი ეტაპი. ახლა კარგად ვიცი – ემიგრანტის გზა ხშირად სავსეა გაუგებრობით, სირთულეებით და უსამართლობით, თუმცა ამავდროულად, ის ადამიანობის, ძალის და გაბედულების გზაც არის. მე მქვია მარიამი. ეს არის ჩემი ისტორია. არ ვიცი, რამდენად გავამართლებ თავს სხვის თვალში, მაგრამ საკუთარი სინდისის წინაშე არაფერი მაქვს დასამალი. მეც ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც ცდილობდა გაჭირვებაში მყოფისთვის გვერდით დგომას.

– როგორი იყო თქვენს მიმართ საზოგადოების რეაქცია?

– ჩემს დაკავებას საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ითქვა ათასი ჭორი და სიმართლე. ვისაც არ ეზარებოდა, ლაპარაკობდა, იწერებოდა სტატუსები. ერთმა პიროვნებამ დაწერა: „ეს უკავშირდება ყველა იმ არაპატიოსნად მომუშავე ადამიანს.“ მინდა მივმართო მას — ერთ დღეს ეს პოსტი შენც შეგხვდება. საკუთარ თავს თავად გასცემ პასუხს. მე კი გულწრფელად გისურვებ ყველაფერ კარგს ცხოვრებაში.

– რამდენი დრო დაყავი ციხეში და როგორ გაგრძელდა პროცესი?

– პირველად თვენახევარი გავატარე ციხეში, შემდეგ გადამიყვანეს შინაპატიმრობაში და კვლავ დამაბრუნეს ციხეში. იქ, გისოსებს მიღმა, აღვნიშნე ჩემი 22 წლის იუბილეც. ციხე სრულიად სხვა სამყაროა. იქ ყველა ერთნაირია – ყველას ერთი ოცნება აქვს: გარეთ გასვლა.

– რა შეიცვალა შენში ამ გამოცდილების შემდეგ?

– ციხემ შეცვალა ჩემი არსება. იმ გოგოს, რომელიც იქ მოხვდა, ჯერ კიდევ ბავშვური სული ჰქონდა. იმ ოთხმა კედელმა კი ჩამომაყალიბა ქალად – უშიშარ, გამბედავ, დამოუკიდებელ ქალად. იქ ყოფნისას გიტარა თან მქონდა. მუსიკა გახდა ჩემი ძალა, სულიერი წამალი – ის, რაც ცოცხალს მტოვებდა. მივხვდი, რომ მუსიკა ჩემს სულშია და სწორედ ეს გზაა, რომლის გაგრძელებაც მინდა მომავალში.

– როგორ გაგონდება შინაპატიმრობა?

– საბოლოოდ, სასჯელის უმეტესი ნაწილი შინაპატიმრობაში გავატარე. თუმცა შინაპატიმრობა ციხეზე ნაკლებად მძიმე სულაც არ ყოფილა. არ გაქვს კონტაქტი სამყაროსთან. ოჯახის წევრებთან აღმართულია უხილავი კედელი, რომელიც ყოველდღიურად მყარდება. გრძნობ, რომ გსჯიან — არა მხოლოდ სასამართლოს კანონით, არამედ ადამიანური სიბრალულის გარეშე, მორალური კანონებით.

გეუბნებიან, რომ შენ ნასამართლევი ხარ და შენი ცხოვრება დამთავრდა. რომ უკვე დაგედო ლაქა, რომელსაც ვეღარ მოიშორებ. დავრჩი სრულიად მარტო. ყველამ გამწირა — ახლობელმაც და შორეულმა მეგობრებმა, ნათესავებმა. ყველას ჰქონდა თავისი კანონი, თავისი განაჩენი.

– იყო რამე, რაც სინათლეს ტოვებდა ამ პერიოდში?

– შინაპატიმრობას ერთი ნათელი წერტილი მაინც ჰქონდა — ახლობელმა პატარა კნუტი მომიყვანა, რომელიც ჩემს გვერდით იყო მთელი ის პერიოდი. ბევრ ადამიანს მირჩევნია დღეს ჩემი ოთხფეხა მეგობარი. ვმღეროდი ბევრს, ვუკრავდი გიტარაზე და ახლა ზუსტად ვიცი, რისი კეთება მინდა მომავალში.

– და დღეს როგორ ცხოვრობ?

– დღეს უკვე სრულიად თავისუფალი ვარ. ყველაფერი დასრულდა. ცხოვრება თავიდან დავიწყე. ის შავი დღეები წარსულს ჩაბარდა. და არა უბრალოდ ფერფლად იქცა, არამედ – ცისარტყელას ფერებად. გაიხსნა ახალი გზები. ვიწყებ თავიდან — ნულიდან. მაგრამ ამჯერად სავსე გამოცდილებით, სიმამაცითა და გაკაჟებული ადამიანობით.

– გინდა ვინმეს მიმართო ამ ინტერვიუში?

– მინდა მივმართო მათ — იმ ორ-სამ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი გააზრებულად და შეგნებულად გააკეთა: თქვენი ცხოვრებაც, ისევე როგორც ჩემი, უფლის ხელშია. მადლობას გიხდით ამ გზისთვის — მან მაქცია იმ ქალად, ვინც დღეს ვარ.

და ბოლოს, მინდა გითხრათ:
„თუ გგონიათ, რომ ბნელში დამმარხეთ — ცდებით. მე უბრალოდ დამრგეთ. იქ, სადაც მიწა არ იყო — მაგრამ მე… თავიდან დავიბადე.“


Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts