ჭკვიანი ქართველი ქალები – Le donne georgiane intelligenti
პატარა ჩანთა და ერთი წიგნი – ემიგრანტი ქალის გზა
ემიგრაცია ყოველთვის სირთულეებთან ასოცირდება, თუმცა ზოგისთვის ეს არამხოლოდ გამოწვევა, არამედ ახალი შესაძლებლობაც არის. თამარ მენთეშაშვილი, 52 წლის ქართველი ემიგრანტი, უკვე ოთხი წელია, რაც იტალიაში ცხოვრობს. საქართველოში მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება ჰქონდა – ხელმძღვანელობდა კერძო ბაგა-ბაღის ორ ფილიალს, თუმცა პანდემიის გამო საკუთარი საქმე დაკარგა და იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო.
თავდაპირველად ეს გზა სირთულეებით იყო სავსე – უცხო გარემო, ახალი რეალობა, ადაპტაციის აუცილებლობა. მაგრამ მიზანი, რისთვისაც იტალიაში ჩავიდა, ძლიერი მოტივაცია აღმოჩნდა.
როგორ გაიარა ეს რთული გზა, ვინ გაუწოდა დახმარების ხელი, როგორ მოერგო ახალ გარემოს და როგორ უყურებს ემიგრაციის მნიშვნელობას? – ამ ყველაფერზე თამარი თავად გვიამბობს, რომელთანაც ინტერვიუ ემიგრანტმა თეონა ჭანტურიამ ჩაწერა.
ჭკვიანი ქართველი ქალები – Le donne georgiane intelligenti
პატარა ჩანთა და შიგ ერთი წიგნი…
გაგვეცანით.
მე ვარ თამარი, 52 წლის. ემიგრაციაში, კერძოდ, იტალიაში ვცხოვრობ 4 წელია.
1. რას საქმიანობდით ემიგრაციამდე, საქართველოში?
პედაგოგიური განათლება მაქვს და საქართველოში წლების განმავლობაში ბავშვებთან ვმუშაობდი. ჯერ საჯარო ბაღში, შემდეგ ცოტა ხანს კერძო ბაღში, აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე. შემდეგ კი თავად შევქმენი კერძო ბაღი და 14 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი კერძო ბაგა-ბაღის ორ ფილიალს. შემდეგ იყო პანდემია – ურთულესი პერიოდი, რომელმაც მაიძულა ორივე ფილიალის დახურვა. დილემის წინაშე დავდექი: შვილები სტუდენტები მყავდა და როგორმე უნდა მეშველა მათთვისაც და საკუთარი თავისთვისაც, ამიტომ გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა.
2. პირველად წასვლის შესახებ ვის გაუმხილეთ და როგორ შეხვდნენ თქვენი შვილები ამ გადაწყვეტილებას?
პირველად ჩემს შვილებს გავუმხილე. მართალია, ეს მათთვის რთული იყო, რადგან იქაც ძალიან ვჭირდებოდი, მაგრამ ეს იმ დროისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო, ამიტომ გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. მე და ჩემი შვილები ვამართლებდით ამ ნაბიჯს იმით, რომ ისინი უკვე საკმაოდ დიდები იყვნენ.
3. თუ გახსოვთ, როგორი იყო ბარგი, რომელიც თან წაიღეთ?
კი, მახსოვს – ძალიან მოკრძალებული, პატარა ჩანთა, სადაც ცოტა ტანსაცმელი ელაგა და 1 წიგნი – გულის გადასაყოლებლად.
4. პირველად ვინ გამოგიწოდათ დახმარების ხელი?
ჩემი მეგობრის დედა, რომელიც ფაქტობრივად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი. როგორც კი დავუკავშირდი და ვთხოვე, რომ დამეხმარებოდა, მას შემდეგ არ შეუწყვეტია ჩემი მხარდაჭერა, სანამ ფეხზე არ დავდექი. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩრდილოეთში ცხოვრობდა, მე მის ახლობლებთან გამომიშვა და მათ, ასე ვთქვათ, ჩააბარა ჩემი თავი. ვინც კი ამ პატარა ქალაქში გავიცანი, ყველა ცდილობდა, რომ დახმარებოდა ახალჩამოსულ ემიგრანტს. მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები იმ ქალბატონის და იმ ადამიანების, ვინც იმ დროს დამეხმარა. მეც, მადლობის ნიშნად, ყოველთვის მზად ვარ გვერდში დავუდგე ახალჩამოსულებსა თუ დიდი ხნის ემიგრანტებს, ვისაც დახმარება სჭირდება – ჩემს შესაძლებლობების ფარგლებში.
5. რამდენად რთული იყო ადაპტაცია?
ემიგრაციასთან ადაპტირება ჩემთვისაც, ისევე როგორც ყველასთვის, საკმაოდ რთული იყო. პირველ სამსახურში რომ შევედი და რეალობას პირისპირ შევეჯახე, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან მალე შემოვუძახე ჩემს თავს. მიზანი, რისთვისაც აქ ჩამოვედი, იმდენად ძლიერი იყო, რომ უდიდეს ძალასა და მოტივაციას მაძლევდა.
6. რას იტყვით იტალიაზე და იტალიელებზე?
იტალიაში მოგზაურობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა იტალიური ფილმები და მუსიკა. მომწონდა ენა. ამიტომ ჩემს იტალიაში ჩამოსვლას შევხედე, როგორც შესაძლებლობას – მესწავლა ეს მელოდიური ენა და მენახა ქვეყანა, სადაც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა შესანიშნავი ხელოვნება.
იტალიელ ხალხზე კი ვიტყვი, რომ მომწონს მათი აქტიური ცხოვრების სტილი და კომუნიკაბელური ხასიათი. კარგიც ბევრი შემხვედრია და ცუდიც. ყველა კარგი ვერ იქნება, მაგრამ საერთო ჯამში, მე მომწონს იტალიაც და იტალიელებიც.
7. რამდენად გამართლებულად მიიჩნევთ ემიგრაციას?
თუ უკან დამაბრუნა, ისევ იმავე გზას გავივლიდი. ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ჩემს მიზანს ფრთები შევასხი. კიდევ ბევრი რამ მინდა გავაკეთო, როგორც ჩემი შვილებისთვის, ისე საკუთარი თავისთვის.
ბოლოს ვიტყვი, რომ მიუხედავად მრავალი სირთულისა, ემიგრაციას ვუყურებ, როგორც გამოწვევას და შესაძლებლობას.
— ინტერვიუ ჩაწერა თეონა ჭანტურიამ, ემიგრანტმა იტალიაში.