BREAKING

ინტერვიუ

რატის ამბავი უდინედან – ემიგრანტი, რომელიც გზას სხვა ემიგრანტებს უჩვენებს

რატი თაბაგარს, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს AprioriTV-ის რუბრიკიდან „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“, მის ემიგრანტულ ცხოვრებაში სიახლეა.
თუ მაშინ რატი ემიგრაციაში მიღწეულ წარმატებებზე, სამსახიობო კარიერაზე, საკუთარ სალონსა და სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ მოპოვებულ ათასობით გამომწერზე  გვესაუბრებოდა, დღეს მას ახალი მისია აქვს: ქართველ ემიგრანტთა გაერთიანება და მათი მხარდაჭერა იტალიაში.

უდინეში დაფუძნებული ორგანიზაცია „პატარა საქართველო უდინეში“ უკვე ემსახურება თანამემამულეებს და სთავაზობს სხვადასხვა ტიპის საემიგრაციო დახმარებას.
სწორედ ამ გზით ცდილობს რატი, რომ ემიგრაცია მხოლოდ დროებითი თავშესაფარი კი არა, განვითარების და გაძლიერების სივრცე გახდეს.

– რატი, შენმა ორგანიზაციამ „პატარა საქართველო უდინეში“ უკვე მოიპოვა ქართველი ემიგრანტების ნდობა. რა გახდა მისი შექმნის მთავარი მოტივაცია და როგორია თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება დღეს?

მთავარი მოტივაცია რათქმაუნდა ხალხის დახმარება უდაოდ! რადგან ფრიული ვენეციაში არ იყო მსგავსი წამოწყება და სამწუხაროდ ბევრი ადამიანი იჩაგრებოდა, ბევრი ადამაინიც არასწორ გზას დაადგა მცდარი იმფორმაციის გამო! ამიტომაც მთავარი მიზანი იყო ხალხის დახმარება რომ მოახდინონ ინტეგრირება და დაფუძნება იტალიაში! ჩემი აზრით იმფორმაციის გაცემა არ უნდა იყოს ფასიანი, მაგრამ დღეს დღეობით ყველაფერი ფული ღირს სამწუხაროდ!

იტალიაში ემიგრანტებისთვის ხშირად მთავარი გამოწვევა სამართლებრივი და ენობრივი ბარიერია. როგორ ეხმარებით თქვენს თანამემამულეებს ამ სირთულეების გადალახვაში?

არ დავიწყებ რათქმაუნდა თავის ქებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და გვთხოვს რომ „დატორო დი ლავოროს“ (დამსაქმებელი, უფროსი) გავესაუბრო რადგან ვერ ახერხებენ სწორ კომუნიკაციას, მაქსიმალურად ვცდილობ შეძლების და გვარად არ დავზარდე ამ საქმიანობას, რადგან ვიცი როგორიცაა ენის ბარიერის სირთულე!

წინა ინტერვიუში თქვი, რომ საქართველოში დაბრუნება შენი დიდი მიზანია. შეიცვალა თუ არა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია დააფუძნე და მეტი პასუხისმგებლობა აიღე ემიგრანტულ თემაზე?

არვიცი ამ კითხვას პასუხი როგორ გავცე! მიყვარს ჩემი ქვეყანა და მართლა გულით მინდა დაბურნება, უბრალოდ გარკვეული სიტუაციიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ ვახერხებ და გული მწყდება რომ ჩემმა ქვეყანამ არ მომცა განვითარების საშუალება! იმედია მოვა მაგის დროც და ყველა ემიგრანტი დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე!

გახსოვს თუ არა მომენტი, როცა პირველად იგრძენი, რომ ემიგრაციამ შენში რაღაც შეცვალა? რა არის ის გამოცდილება, რომელიც მხოლოდ ემიგრაციამ გასწავლა?

ემიგრაციამ ჩამომაყალიბა დამოუკიდებელ ადამიანად! მასწავლა შრომის ფასი, მომცა ულევი შესაძლებლობები განვითარების (რადგან ჩამოვედი პატარა ასაკში), ჩემი აზრით მთავარი მონდომებაა, თუ მონდომება არსებობს ადამიანს ყველაფერი გამოუვა!

ტიკტოკზე შენს იუმორისტულ ვიდეოებს ათასობით ადამიანი უყურებს. გეგმავ თუ არა ამ პლატფორმის გამოყენებას ემიგრანტების თემების პოპულარიზაციისთვისაც — მაგალითად, სოციალური მესიჯებით ან კულტურული პროექტებით?

მე მაქვს 2 გვერდი „ტიკტოკზე“, ორივე სხვადასხვა საქმიანობას ეწევა! ერთი ადამიანების გახალისებას და მეორე ადამიანების იმფორმირებას! ორივე საბოლოო ჯამში ხალხისთვის არის რომ იხალისონ და ისწავლონ რაიმე ახალი!

რა გზავნილს გაუგზავნიდი დღეს ახალგაზრდა ემიგრანტებს, რომლებიც იტალიაში ახალი ჩამოსულები არიან და ჯერ ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს?

მინდა ახალგაზრდებს მივმართო თუ შანსი აქვთ საკუთარი ქვეყნის არ დატოვების ეცადეთ რომ არ დატოვით, შორიდან იოლი ჩანს მაგრამ ნამდვილად რთულია, უამრავი სირთულე გამოვიარე და ყოველდღე გავდივარ, ენის ბარიერი, მონატრების ბარიერი, კულტურის შეცვლის ბარიერი! მაგრამ თუ მაინც საბოლოოდ გადაწყვიტეთ უცხო მიწაზე წასვლა ეცადეთ ახლობელი ადამიანი იპოვოთ და მასთან ახლოს იყოთ რადგან უცხო მიწაზე მარტოდ მარტო ყველაზე რთულ გამოცდილებას მიიღებთ თქვენს ცხოვრებაში!

ავტორი: ხათუნა შარაძე

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts