AprioriTV – ემიგრანტული მედია იტალიაში
ავტორი – ხათუნა შარაძე
21 წლის ასაკში წარმოიდგენდა, რომ ოდესმე თელავიდან უცხო ქვეყანაში მარტო ბრძოლა მოუწევდა?– ალბათ არა. მაგრამ ზოგჯერ ემიგრაციის პირველი ნაბიჯი არის არჩევანი, რომელსაც აღარ გავურბივართ. შორენა მერაბიშვილი ის ქართველია, ვინც ემიგრაციის რთულ პირველ წლებზე, დედისა და ქალის ძალაზე, შვილთან გაერთიანების საომარ გზაზე, თარჯიმნობაზე „ქვესტურასა“ და „პრეფექტურაში“ და ორ ქვეყანს შორის გაყოფილ ცხოვრებაზე გულწრფელად გვიყვება.
„გარდამტეხი ფაზა… იმ 21 წლის შორენა დღესაც იგივე გზას აირჩევდა“
ემიგრაციის პირველი ეტაპი ხშირად ყველაზე მტკივნეულია — ფსიქოლოგიურადაც და პრაქტიკულადაც. შორენა იხსენებს:
„საქართველოში არსებული სიტუაცია და სახლ-კარის დაკარგვა იყო მთავარი საზღვარი, რომელმაც უცხოეთში წამოსვლა გადამაწყვეტინა. გადაწყვეტილება ერთობლივი იყო — ოჯახის გადასარჩენად. დღეს რომ იმ 21 წლის შორენას გადავხედავ, ისევ იმ გზას ავირჩევდი. ყველაზე სწორად გადავდგი ნაბიჯი.“
„ბავშვისგან 4 წლით მოცილება… ეს იყო ჯოჯოხეთი“
ემიგრანტთა უმეტესობა ყველაზე დიდ ტკივილად შვილთან დაშორებას ასახელებს. შორენაც ამ გამოცდილებას არ მალავს:
„იმ 4 წელს სრულ ჯოჯოხეთს შევადარებდი. მოსიარულე გვამივით ვიყავი, ვმოქმედებდი, მაგრამ არ ვარსებობდი. დიდი ბრძოლის შემდეგ ბავშვი ჩამოვიყვანე და მაშინ განათდა უცხო მიწაზე დედამიწა. მივხვდი, რამხელა ძალა მომემატა ცხოვრების გაგრძელებისთვის.“
ემიგრანტის გადარჩენის ფორმულა: საკუთარი თავის ძალაში პოვნა
ემიგრაციის პირველ წელს გადარჩენა ყველაზე რთულია ენობრივი ბარიერი, კულტურული სხვაობა და მარტოობის შიში.
„პირველი წელია ყველაზე მძიმე. თანდათან ეჩვევი ყველაფერს, მაგრამ ბოლომდე მაინც რთულია უცხო კულტურის მიღება. გადამარჩინა იმაზე ფიქრმა, რატომ ვიყავი აქ და რისთვის ვიბრძოდი. ემიგრანტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ენერგიის პოვნა და საკუთარი მიზნის შეხსენება.“
„ქვესტურადან“ სასამართლომდე – როგორ იქცა მოხალისეობა პროფესიულ გზად
თარჯიმნობამდე მისი გზა „ქვესტურაში“ (პოლიციის საემიგრაციო განყოფილება) იწყებოდა. იქ, სადაც უამრავ ქართველს დახმარება სჭირდებოდა.
„მოხალისეობრივი დახმარება ჩემთვის უბრალოდ სურვილი კი არა, ძალა იყო. ყოველი გახარებული ადამიანი ენერგიას მმატებდა. მერე მივხვდი, რომ ამას სისტემატიური სახე უნდა მივცე, რადგან ეს გზა, რასაც სხვები გადიან, მე უკვე გავლილი მქონდა.“
დღეს შორენა მუშაობს სასამართლოსთან, პროკურატურასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან.
„ემიგრანტების სამართლებრივი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. თარჯიმნის როლი ყველაზე კრიტიკულია მაშინ, როცა წესების დაცვა აუცილებლად უნდა უზრუნველყო, ეს პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია.“
გორიცია – „ქალაქი, რომელიც თელავს მახსენებს“
უკვე 13 წელია შორენა ემიგრანტია, ხოლო 9 წელია გორიცია მისი მეორე სახლია:
„ეს ქალაქი რაღაც ქართულს მაგონებს, გარემო თელავს და შინაურ განცდას მიჩენს. აქ გავიზარდე როგორც ადამიანი, როგორც პროფესიონალი და როგორც ემიგრანტი.“
ბონუს კითხვა – ორი ქვეყანა, ორი იდენტობა: ყველაზე დიდი პლიუსი და ყველაზე დიდი სირთულე
ორბაქნიანი ცხოვრება ბევრისთვის ტრაგედიას ჰგავს, ბევრისთვის — გაფართოებულ სამყაროს.
შორენასთვის:
„ჩვენ ქვეყანაზე ფიქრით ვიღვიძებთ და ვიძინებთ. 13 წელია იტალიაში ვცხოვრობ, მაგრამ ყოველდღე ვცდილობ უცხოელებს გავაცნო ჩვენი კულტურა და ადათები. არ არსებობს დღე, მე და ჩემმა შვილმა საქართველოზე არ ვილაპარაკოთ. ვცხოვრობთ უცხო მიწაზე საქართველოს სიყვარულით.“
მკითხველის საყურადღებოდ:
დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ
