პატარა ემიგრანტი ბიჭი, რომელსაც საქართველო ღმერთივით უყვარს

ემიგრანტი

ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ – ვინც საქართველოში დავიბადეთ და ემიგრაცია ჩვენი სურვილით ავირჩიეთ, ასევე ის თაობაც, ვისაც ეს არ ჰქონია – არჩევანის თავისუფლება, არამედ მშობლების გადაწყვეტილებით მოუწია უცხოეთში ცხოვრება ან იქვე დაიბადა. სამშობლო ყველას ერთი გვაქვს, მაგრამ ჩნდება კითხვა: გიყვარს თუ არა სამშობლო ერთნაირად, მეტად თუ ნაკლებად?

ამ კითხვამ დიდი ხანია შემაწუხა და მსურს გავიგო, რამდენად იცის უცხოეთში დაბადებულმა თაობამ საქართველოს შესახებ, რამდენად ცდილობენ მშობლები, რომ მათ თავიანთი ქვეყანა გააცნონ და შეაყვარონ.

ამ თემაზე ინტერვიუსთვის ვესტუმრე ანდრია ოქროპირიძეს, რომელიც 2013 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ბარიში. მისი მშობლები არიან ანა მეტრეველი და ლევან ოქროპირიძე. ანდრიას ჰყავს ორი და-ძმა – საბა და ელენე. ანდრია და ელენე იტალიაში დაიბადნენ.

პირველი კითხვა, რომელიც ყოველთვის მიჩნდება, არის:
– რა ენაზე დაიწყე საუბარი?
ანდრია: – საუბარი ქართულად დავიწყე. იტალიურად უკვე მერე ვსაუბრობდი, როცა საბავშვო ბაღში შემიყვანეს. სახლში რამდენჯერმე იტალიურად ვთქვი რაღაც, მაგრამ დედამ მკაცრად მითხრა, რომ სახლში მხოლოდ ქართულად მესაუბრა. ახლაც გვიკრძალავს იტალიურად საუბარს სახლში.

– საქართველოში როდის იყავი პირველად?
დედა: – პირველად ძალიან პატარა იყო, როცა წავიყვანეთ – 1 წლის და 8 თვის. იმ დროისთვის საბუთები არ გვქონდა და ვერ მივდიოდით. როცა საბუთები ავიღეთ, ყოველ წელს დავიწყეთ საქართველოში ჩასვლა. ჩემს სამივე შვილს განსაკუთრებულად უყვარს საქართველო. როცა იტალიაში ვბრუნდებით, უკვე მეკითხებიან, “როდის წავიდეთ ისევ საქართველოში?”

ანდრია: – ზუსტად არ მახსოვს, პირველად როდის ჩამიყვანეს საქართველოში, მაგრამ ძალიან მიყვარს ზაფხულების იქ გატარება. მყავს ბიძაშვილები, ბევრი მეგობარი, პაპა… ძირითადად, თბილისში ვრჩებით. თბილისი ძალიან მიყვარს. როცა სოფელში ჩავდივართ, ბებია-ბაბუას ვეხმარები სოფლის საქმეებში. დედამ გვასწავლა, რომ ბუნებასთან ახლო კონტაქტი უნდა გვქონდეს.

– სად ისურვებდი დაბადებას და შემდეგ ცხოვრებას?
ანდრია: – თბილისში მინდა ვიცხოვრო.

დედა: – თბილისი უყვარს ძალიან. სიცხის მიუხედავად, მთელი ზაფხული შეუძლია იქ გაატაროს. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, ქალაქიც შევაყვაროთ და სოფელიც, იყვნენ კეთილები და ზრდილობიანები ყველას მიმართ და, რაც მთავარია, უყვარდეთ სამშობლო.

საქართველოში ყოფნისას, ბავშვებთან ერთად თბილისში, ქუჩაში გამოვდივართ და პირველ რიგში ხანში შესულ გარე მოვაჭრესთან ვყიდულობთ ყველაფერს, რაც აქვს, ზემოდან თანხასაც ვუმატებთ. ვატყობ, რომ ჩემ შვილებს სიამოვნებთ სიკეთის კეთება, რაც მაბედნიერებს.

ერთ ზაფხულს, როცა ბავშვები ბებომ წაიყვანა საქართველოში და მე იტალიაში ვიყავი, ანდრიამ დამირეკა აღელვებული:
“დედა, მთელი ქუჩა მოვიარე, მაგრამ გარეთ ვერ ვნახე ვერავინ, ვისგანაც ყველაფერს ვიყიდო.”
ძალიან განიცადა ეს ამბავი.

– ახლა მოგვიყევი, რით ხარ დაკავებული?
ანდრია: – ახლა ვარ საშუალო სკოლის 1 კლასი (6 კლასი), ვსწავლობ Istituto Comprensivo “Giovanni Paolo II – S.M. DE Marinis”-ში. კარგად ვსწავლობ, განსაკუთრებით მიყვარს მათემატიკა. სკოლის შემდეგ დავდივარ კემბრიჯის სკოლაში, სადაც ინგლისურს ვსწავლობ.
5 წლიდან ვთამაშობ ფეხბურთს და ახლა ვარ Footballite Adelfias-ის კლუბის მარცხენა მცველი. მალე რეგიონალურ ჩემპიონატზე მივდივართ ქალაქ რავენაში 4 დღით.
დავდივარ საკვირაო სკოლაში, სადაც ვსწავლობ ჭადრაკს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას.
კვირას ყველაზე მეტად ველოდები, რადგან ქართული სკოლის დღეა.
ოქტომბრიდან დავიწყე მუსიკის სწავლა – ვსწავლობ პიანინოზე დაკვრას.

ახლა შემიძლია დავუკრა:
გია ყანჩელი – “ყვითელი ფოთლები” და “შერეკილები”

ბოლოს ვკითხე, “რა გინდა, რომ გამოხვიდე მომავალში?”
მიპასუხა: “ფეხბურთელი უნდა გამოვიდე.”
ეს კითხვა ბევრნაირად შევუტრიალე: “იქნებ მუსიკა გირჩევნია? ან მათემატიკა?” – მაგრამ პასუხი არ შეუცვლია.
“ინგლისურს იმიტომ ვსწავლობ კარგად, რომ როცა ფეხბურთს ვითამაშებ სხვა ქვეყანაში, საუბარი არ გამიჭირდეს!”

ინტერვიუს დასრულების შემდეგ ოჯახს დავემშვიდობე. ცოტა ხანში ანდრიას დედისგან მესიჯი მივიღე:
“-რატომ არ ჰკითხე, საქართველო როგორ უყვარს?”
მივწერე: “-როგორ გიყვარს საქართველო?”
ანდრიას პასუხი იყო:
“-ღმერთივით. აი, შენ ხომ გიყვარს ღმერთი? მე ასე მიყვარს საქართველო.”

მადლობა მინდა გადავუხადო ანდრიას და მის ოჯახს თბილი მიღებისთვის და სასიამოვნო მასპინძლობისთვის.
წარმატებებს ვუსურვებ ანა მეტრეველისა და ლევან ოქროპირიძის სამივე შვილს – საბას, ანდრიას და ელენეს!

ინტერვიუ მოამზადა ემიგრანტმა ჟურნალისტმა ქეთინო ტუშურმა.

AprioriTV •აპრიორიტივი -ს სპონსორია ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და ფიტნეს ინსტრუქტორი იტალიაში მამუკა რაშოიანი

საკონტაქტო ინფორმაცია WhatsApp +39 351 857 1719

Exit mobile version