ჯანმრთელობის პრობლემამ 1999 წელს საქართველოდან იტალიაში მიიყვანა, ხოლო შემოქმედებითმა ამბიციებმა და ახალი გამოწვევების ძიებამ — ფლორენციიდან ნიუ-იორკში. ნინო სიბოშვილი ერთ-ერთი იმ ემიგრანტთაგანია, რომელმაც ორმაგი ადაპტაცია შეძლო — ჯერ ევროპაში, შემდეგ ამერიკაში.
მისი ემიგრანტული მოგზაურობა დაიწყო სამედიცინო აუცილებლობით, მაგრამ გადაიქცა შემოქმედებით საქმიანობად. ფლორენციაში შექმნა ემიგრანტების საკომუნიკაციო სივრცე, დააფუძნა გაზეთი “ქართული ფესვები”, ამავდროულად აღმოაჩინა ხელოვნებისადმი ღრმა ინტერესი. ნიუ-იორკში კი ეს ყველაფერი ახალ განზომილებაზი გადაიტანა.
როგორ განსხვავდება ემიგრანტის ყოფა ევროპული ფლორენციისა და ამერიკული ნიუ-იორკის ქუჩებში? რატომ ეხმარება ხელოვნება უცხო სივრცეში თავის პოვნაში და როგორ ხდება ემიგრანტული მედია კულტურული ხიდი სამშობლოსთან? ამაზე ნინო სიბოშვილთან საუბრობს.
– როგორ დაიწყო თქვენი ემიგრაციული გზა? როგორ აღმოჩნდით ფლორენციაში?
– ჩემი ემიგრანტობა განაპირობა ჯანმრთელობის პრობლემებმა. 1999 წლიდან 2001 წლამდე საქართველოში გავდიოდი მკურნალობას, მაგრამ არაფექტური და წარმოუდგენლად მაღალი ფასების გამო, მომიწია სხვა გზების მოძებნა, რადგან ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დამეხმარა ერთი მადლიანი ქართველი ტრამვატოლოგი, რომელსაც იტალიასთან სასწავლო გაცვლითი პროგრამა ჰქონდა. მთავარი იყო მე იტალიაში ჩავსულიყავი. ასე აღმოვჩნდი ქალაქ ბარიში, სადაც ოთხი ოპერაცია გავიკეთე თავის არეში. რამდენიმე წლის მერე, ისევ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევები. სპეციალისტი, რომელსაც ჩემი მკურნალობა უნდა გაეგრძელებინა, ფლორენცისს კლინიკაში მოღვაწეობდა, ასე რომ იძულებული ვიყავი პულიას რეგიონიდან გადმოვსულიყავი ტოსკანაში, ფლორენციაში.
– როგორი იყო ემიგრანტის ცხოვრება იტალიაში, კონკრეტულად ფლორენციაში? რა იყო ყველაზე რთული და რა – ყველაზე შთამაგონებელი?
– სამხრეთ იტალიაში ჩასულს, პირველი ოპერაციის გადატანა მარტოს მომიხდა, როცა მეორე ოპერაცია დაინიშნა უკვე ჩემი მეუღლე მყავდა გვერდში. მისი დამსახურებით მალევე ჩამოვიყვანეთ უმცროსი ქალიშვილი ჩვენთან. 2016 წელს ფლორენციაში გადასვლისთანავე კი უფროსი ქალიშვილი და მისი მეუღლეც შემოგვიერთდნენ. უკვე მთელი ოჯახი ერთად ვიყავით. ნამდვილად არ იყო ადვილი რეგიონის შეცვლა. თითქმის არავის არ ვიცნობდი. მჭირდებოდა ადაპტაცია, საჭირო ინფორმაციები, მაგრამ ისიც არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა. არ არსებობდა არც სოც. ქსელში, ამ ქალაქის კონკრეტული გვერდი. სწორედ ამიტომ საკომუნიკაციოდ და ინფორმაციების შესაგროვებლად სოციალურ ქსელში გავხსენი ჯგუფი “ფლორენციის ემიგრანტები”, ჯგუფი რომელიც დღითიდღე იზრდებოდა წევრთა რაოდენობით. ბუნებრივია ეს ჯგუფი საკმაოდ სასარგებლო სივრცე გახდა ბევრისთვის. ჯგუფი დღემდე აქტუალურია და დღემდე ემსახურება თითოეულ წევრს. ამ ჯგუფისთვის დღის გარკვეულ ნაწილში დრო მაქვს გამოყოფილი სამუშაოდ.
ფლორენციაში ჩვენი გადმოსვლისთანავე გაბედნიერდა ჩემი შვილი სალომე. ამ ბედნიერებიდან 8 თვეში გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. ჩემი ოპერაცია სამ დღეში უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა ოპერაცია გაურკვეველი ვადით გადაიწია. ჩემი მეუღლის გარდაცვალება ყველაზე დრამატული, მძიმე და რთულია ჩემს ცხოვრებაში. ტკივილის სანუგეშებლად შვილები მყავდა გვერდში, მადლობა ღმერთს. ეს ოჯახის დიდი ტრაგედია ერთ თვეში სულ სხვა სახეს იღებს. იბადება ჩემი პირველი შვილიშვილი ევა. ჩემი შვილის თხოვნით ვიყავი მის გვერდით და პატარა ევა დაბადების წამიდანვე გავიცანი… ძალიან უცნაური ტკივილ-სიხარულიანი პერიოდი გვქონდა….
რაც შეეხება შთაგონებას, ვიტყოდი, რომ ფლორენცია თვითონვეა შთაგონება – ეს ქალაქი სუნთქავს ხელოვნებით, ისტორიით, კულტურით… ყოველი ქუჩა, ყოველი არქიტექტურული დეტალი თითქოს გესაუბრება: შეხედე, როგორ შეუძლია სილამაზეს ადამიანური სული გააცოცხლოს… ფლორენციაში ცხოვრება ჩემთვის ერთგვარი შემოქმედებითი და სულიერი გამოცოცხლება იყო. სწორედ აქ დავიწყე მცირე პრეზენტაციების ორგანიზება, რაც ემიგრანტებისთვის უბრალო შეხვედრაზე ბევრად მეტი იყო. ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, იყო ხელოვანთა გამოფენა-გაყიდვა. ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ასეთ კულტურულ ღონისძიებაში. ზოგისთვის ეს იყო ერთგვარი ბიძგი და პროფესიული ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს გამოფენა მათთვის იქცა წარმატების საწყისად და საკუთარი ძალების დამადასტურებელ ასპარეზად. თუმცაღა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის იყო, რომ ფლორენციაში დაიბადა ჩემი გაზეთი – „ქართული ფესვები“. ეს იყო ემიგრანტებისთვის შექმნილი სულიერი ხიდი, რომელიც აერთიანებდა მათ ქართულ ენასთან, ფესვებთან, კულტურასთან და ერთმანეთთან. გაზეთი ემიგრანტების ისტორიებს, აზრებსა და ემოციებს აძლევდა ხმის ამოღების შესაძლებლობას.
ფლორენციამ მაჩვენა, რომ შთაგონება მხოლოდ პეიზაჟში, შენობებსა და მუზეუმებში არ არის. შთაგონება ადამიანებშია – იმ ადამიანებში, რომლებიც შორს არიან სამშობლოდან, მაგრამ მაინც ინარჩუნებენ საკუთარ იდენტობას, ღირებულებებსა და უნარს, რაღაც ახალი შექმნან.
– რა იყო ის მთავარი ბიძგი, რამაც იტალიიდან ამერიკაში გადასვლა გაიძულათ?
– გულწრფელად რომ გითხრათ, ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა. იტალიაში ჩემს ცხოვრებას ფესვები ჰქონდა გადგმული . ფაქტიურად იქ გავიზარდე როგორც ქალი, როგორც დედა, როგორც პროფესიონალი, მაგრამ ჩემს შიგნით იყო რაღაც ხმა, რომელიც მეძახდა სხვა სივრცისკენ. მჭირდებოდა სხვა გამოწვევები, ახალი სივრცე, სადაც უფრო ვრეალიზდებოდი როგორც პიროვნება და როგორც შემოქმედი. და უნდა გითხრათ, რომ არც შევმცდარვარ.
– როგორ განსხვავდება ემიგრანტის ყოველდღიურობა ნიუ-იორკში ფლორენციის ცხოვრებისგან?
– ფლორენცია თბილი და ლამაზია, თავის ევროპული ცხოვრების რიტმით, სიცოცხლით სავსე ადამიანებით, თავის “პომერიჯოებით” და ულამაზესი “ფესტებით”… იქ სხვანაირად თენდება – ყავის სურნელით და ღამდება ფერადი მხიარული ქუჩებით. უცნობი ადამიანების ღიმილიანი სახეები და მოკითხვები ოჯახურ გარემოს გიქმნის. ფლორენციაში ვისწავლე, თუ როგორ უნდა იცხოვრო დაცულად და ლამაზად…
ნიუ-იორკი კი სხვა სამყაროა – აქ დრო არ გელოდება, შენ უნდა აუწყო ნაბიჯი. შენს თავში სწრაფად უნდა გაერკვე – ვინ ხარ, რა გინდა და რამდენად ხარ მზად, საკუთარი საზღვრებსაც გადააბიჯო. აქ დილა იწყება სწრაფად, მკაცრად და დაგეგმილად. ნიუ-იორკში ემიგრანტს სულ მოძრაობა სჭირდება. აქ ყველაფერი საკუთარ თავზე გადის – შრომა, ენერგია, რწმენა. ამ სისწრაფეშიც კი ვიპოვე ჩემი ადგილი. მე ვისწავლე, როგორ დავიცვა ჩემი შინაგანი ფლორენცია ნიუ-იორკის ხმაურში. ამერიკაში ცხოვრებამ მასწავლა ხმაურში ჩემი გულის ცემის დაბალანსება, გამბედაობა, თავის რეალიზაცია , დროის ფასი- ოდითგანვე ფასეული იყო ჩემთვის, მაგრამ აქ დრო სხვანაირად გადის- აქ წამებია გადამწყვეტი. ასე რომ, ეს ორი განსხვავებული სამყარო ჩემთვის ერთიანი დიდი სულიერება და ძალა გახდა.
– სად უფრო იგრძენით თავი სახლში — იტალიაში თუ ამერიკაში? და რატომ?
– სახლი ჩემთვის ის ადგილია, სადაც საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე შემიძლია ცხოვრება. იტალიამ ჩემს სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე იზრუნა. იტალიაში დაიბადნენ ჩემი შვილიშვილები, დღესაც უფროსი ქალიშვილი ფლორენციაში ცხოვრობს. აი ამერიკა კი სხვა რაკურსია. ეს არის სივრცე, სადაც გამოვავლინე ძალა, გავაცნობიერე შესაძლებლობები, დავამსხვრიე ჩარჩოები და აღვზარდე საკუთარი თავი მეორედ. ანუ იტალიას დავარქმევ ჩემს სუნთქვას და ამერიკას ჩემს ხმას. ორივე ქვეყანაში ვიპოვე ადგილი. და საერთოდ ემიგრანტი სახლს ერთხელ ტოვებს… და ამის მერე ის საკუთარ თავში აგრძელებს ცხოვრებას.
– რა არის მთავარი გაკვეთილი, რაც ორმაგმა ემიგრაციამ გასწავლათ?
– ორმაგმა ემიგრაციამ მასწავლა, რომ საკუთარ თავთან შეხვედრა ხშირად იმ ქვეყნის მიღმა ხდება, საიდანაც წასვლა არ გინდა. ვისწავლე თუ როგორ ვაქციო ტკივილი სიმტკიცედ, მარტოობა შინაგან ძალად, პრობლემა – მოტივაციად და როგორ არ დავკარგო საკუთარი ღირებულებები გარემოს ცვლილებებში. მასწავლა, რომ ნებისმიერი ახალი გზა, რომელსაც ადამიანი აირჩევს – ახალის დასაწყისია, ახალი გამოწვევაა, უფრო იზრდები, ვითარდები…
– როგორ გაჩნდა თქვენში ინტერესები ფოტოგრაფიისა და მხატვრობის მიმართ?
– ეს არ ყოფილა ერთი კონკრეტული მომენტი… ხელოვნება ჩემში ყოველთვის არსებობდა. ის უბრალოდ გამოვლინდა მაშინ, როცა გარემო და განწყობა მოვიდნენ თანხვედრაში. ბავშვობიდანვე განსაკუთრებული კავშირი მქონდა ფერებთან, სინათლესთან, უბრალო დეტალებთანაც… თითქოს საგნებს მხოლოდ თვალით კი არ ვუყურებდი, მათ გრძნობით ვეხებოდი. ისე სულ პირველად ქრისტეს ხატი დავწერე ჩემი ცუდათ ყოფნის დროს (შთაგონება იყო ხილვა. ეს სხვა თემაა, არ მინდა თემატურად გადავუხვიო …) არ მაქვს ხატვის აკადემიური განათლება და არც ტექნიკურად ვუდგები პროცესს. უბრალოდ ვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ… რასაც ვერ ვამბობ… რასაც შინაგანად ვატარებ. ხატვა ჩემი დუმილის ენაა.
ფოტოგრაფია – ჩემთვის ეს მხოლოდ ვიზუალური გამოსახულება არ არის . ეს არის დროში გაჩერებული ემოცია, ერთი მზერის ჩუმი მონოლოგი, რომელსაც სიტყვები ვეღარ აღწერს. ადამიანის შინაგანი სამყაროს გაჩერება ერთ კადრში.
– იტალიაში თუ ამერიკაში, სად უფრო აქტიურად დაიწყეთ ხელოვნებაზე მუშაობა?
– იტალიაში ჩემი ძირითადი სამუშო სფერო იყო კლინიკა. მოხუცთა რეაბილიტაციის ცენტრი. სანამ იქ მოვხვდებოდი, ბუნებრივია ვისწავლე, ავიღე დიპლომი, გავიარე პრაქტიკები… ეს ყველაფერი მარტივი ნამდვილად არ იყო. ჩემი მიზანი იყო სახელმწიფო სამსახურში მემუშავა ( მეანი გინეკოლოგი ვარ პროფესიით) სამედიცინო დაწესებულებაში. ამ მიზეზით სახატავად ნამდვილად არ მქონდა დრო, რადგან ხატვას გადარბენით დროის გამონახვა არ უყვარს… დრო რომელიც მრჩებოდა – ვსწავლობდი. ამ პერიოდში შევისწავლე ფოტოგრაფია და ბუნებრივია პრაქტიკულადაც ვააქტიურებდი ამ ცოდნას. სულ მეცინება რომ მახსენდება, კლინიკაში როცა შესვენება გვქონდა სულ სურათებს ვიღებდი, უცნაურ და საინტერესო კადრებს არ ვტოვებდი… თანამშრომლებიც კი მეხმარებოდნენ გარემოს ხელშეწყობით… ფუნჯები კი ამერიკაში ავიღე ხელში.
– თქვენი ხედვით, როგორ ეხმარება ფოტოგრაფია ან მხატვრობა ემიგრანტს უცხო სივრცეში თავის პოვნაში?
– ემიგრაცია ყოველთვის ნიშნავს რაღაცის დაკარგვას : მიწის, რუტინის, ხმების, სურნელის… და ხშირად საკუთარი თავისაც. მაგრამ როცა ადამიანი ქმნის , ის აღადგენს დაკარგულ ნაწილებს… ფოტოგრაფია და ხატვა ემიგრანტისთვის არ არის მხოლოდ ჰობი , ის შეიძლება იქცეს შინაგანად დაბრუნების გზად, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უცხოა, მაგრამ შენს შიგნით ჯერ კიდევ სუნთქავს ნაფლეთი საქართველოდან, სახლიდან, ბავშვობიდან, ან უბრალოდ იმ ადგილიდან, სადაც მშვიდი იყავი. ხელოვნება უცხო სივრცეში იძლევა სულის თავისუფლებას. ფოტოგრაფიით შეგიძლია დაიჭირო ის წამი, რაც გაჩერებას არ აპირებს – დრო, მზერა, ემოცია. ხატვით კი შეიძლება გამოხატო ის, რასაც ენით ვერ აღწერ: სევდა, მარტოობა, იმედი… და სიყვარულიც. ემიგრანტისთვის ხელოვნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზა არის იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ახალ სივრცეში, არ დაიშალოს სხვის კულტურაში და შეინარჩუნოს ის ფერი, რაც მის შიგნით იყო ჯერ კიდევ წასვლამდე. როცა სხვაგან ხარ, უცხოდ… ხატვა და ფოტოგრაფია გაძლევს საშუალებას, დარჩე ისევ შენში. შენს შინ ყოფნას თან ატარებ.
– რომელ თემებზე მუშაობთ ხოლმე თქვენს ნამუშევრებში? აქვს თუ არა ემიგრაციის თემას ადგილი თქვენს ხელოვნებაში?
– ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის იმ თემებს ვეხები, რასაც განვიცდი – ემოციური ტკივილი, დაკარგვა, იმედის ძიება, შინაგანი სიჩუმე, მადლიერება და მოთმენა. ემიგრაციის თემას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს ხელოვნებაში . პირდაპირ არ ვხატავ საზღვრებს ან ბარგით სავსე სადგურებს, მაგრამ ჩემი ყოველი ფუნჯის მოსმაშია შორს ყოფნის ტკივილი.
– მოგვიყევით თქვენი გამოფენების შესახებ, სად და როგორ მიიღო საზოგადოებამ?
– ფოტოგრაფია და ხატვა იმდენად ჩემი სულიერი საუბრებია, რომ არასოდეს არ მიფიქრია ჩემი ნამუშევრების დემონსტრირება სპეციალურ სივრცეში.(სოც. ქსელში ჩემს პირად გვერდძე ფბ მეგობრებისთვის ყოველთვის ვაზიარებდი ბუნებრივია) სოც ქსელში ერთმა ნიჭიერმა ხელოვანმა აღმოაჩინა ჩემი ფოტოები ეს იყო ქალბატონი დიანა რევაზიშვილი, რომელიც თავის დასთან ნინოსთან ერთად აწყობენ საერთაშორისო გამოფენებს ; ეს არის თავისუფალი ხელოვნების სივრცის გალერეა (FREE ART SPACE GALLERY) სადაც ზეორგანიზებულად ხდება ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. ქალბატონმა დიანამ მომცა ამის შესაძლებლობა რომ ამ პროექტებში მიმეღო მონაწილეობა. ხუთჯერ გამოიფინა ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა დროს და გადმომეცა საერთაშორისო დიპლომები და სერთიფიკატები.
– რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება — ეს არის თერაპია, თავის გამოხატვის გზა თუ საზოგადოებასთან დიალოგი?
-ხელოვნება ჩემთვის არის სულიერი დიალოგები. ეს არ არის მხოლოდ თერაპია ან თავის გამოხატვის ფორმა , ეს არის გზა, რომლითაც ვურთიერთობ სამყაროსთან და ასევე საზოგადოებასთან. მე ფერებით, ხაზებით… ვაგზავნი სიგნალს იმათთან, ვისაც შეუძლია ამის დანახვა და მიღება… როცა ვხატავ ან ფოტოაპარატს ვიღებ ხელში, ჩემთვის დრო ჩერდება და იქმნება უხილავი ემოცია, რასაც სიტყვები ვერ გამოხატავს. ხელოვნება ჩემი თავშესაფარია და ხიდი სხვებთან. ემიგრაციაში, როცა სიტყვების გამოთქმა ზოგჯერ რთულია, ფერი და ფორმა მეხმარება ვთქვა – “ეს ვარ მე, და ეს არის ჩემი ამბავი.”
– როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ გაზეთი “ქართული ფესვები”? რას წარმოადგენს ეს გაზეთი და ვისთვის არის იგი განკუთვნილი?
– გაზეთი „ქართული ფესვები“ ს შექმნის იდეა ემიგრაციაში ჩასვლისთანავე გამიჩნდა. ეს ის პერიოდი იყო ქართული გაზეთები რომ ჩამოჰქონდათ საქართველოდან და ემიგრანტებში ხელიდან ხელში გადადიოდა რომ ყველას წაგვეკითხა… ისე გვენატრებოდა ყველაფერი ქართული. წლების მერეც კი არაფერი შეიცვალა… ემიგრანტს აკლდა საკუთარი თავის გამოხატვის სივრცე – ადგილი, სადაც ისინი თავის ისტორიებს, განცდებსა და მიღწევებს ხმამაღლა გააზიარებდნენ. მინდოდა ემიგრანტებს ჰქონოდათ ის პლატფორმა, სადაც ყველა შეძლებდა თავის სათქმელის თქმას. ეს გაზეთი განკუთვნილია როგორც ემიგრანტებისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრებთათვის. ამგვარად, “ქართული ფესვები” წარმოადგენს კულტურულ ხიდს – საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, ასევე უცხოელ მკითხველებს შორის.
– როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა გაზეთი ფლორენციიდან ნიუ-იორკში გადმოსვლის შემდეგ?
– ნიუ-იორკში გადმოსვლის შემდეგ გაზეთის შინაარსიც, მისია და ხედვაც გაფართოვდა. ახალმა რეალობამ და გარემომ გააჩინა ახალი საჭიროებები და შესაძლებლობები. ამერიკაში ქართველების ემიგრაციის ხასიათი მრავალფეროვანია და ხშირად ძალიან განსხვავდება ევროპული ემიგრაციისგან. აქ კიდევ უფრო ცხადი გახდა, რამდენად საჭიროა სივრცე, სადაც ადამიანი საკუთარ ფესვებთან კავშირს არ დაკარგავს.
ნიუ-იორკში ის აღარ იყო მხოლოდ მედიაპლატფორმა, არამედ გახდა ემიგრანტული იდენტობის დამცველი, ფსიქოლოგიური მხარდამჭერი და ქართული კულტურის მატარებელი.
გარდა ამისა: – დაისახა ახალი მიზანი – გაზეთის ფორმატის გარდაქმნა ჟურნლად, რომელიც იქნება არამარტო სიუჟეტური და ინფორმაციული, არამედ სულიერი, მოტივაციური და საგანმანათლებლო.
– რა სირთულეებს აწყდებით ემიგრანტული მედიის შექმნისა და გავრცელებისას?
– პირველ რიგში, დაფინანსების არარსებობაა მთავარი სირთულე. ასეთი პროექტები იბადება არა კომერციული მიზნებისთვის, არამედ იდეით, ენთუზიამზე … მაგრამ იდეას არსებობისთვის რესურსები სჭირდება: ბეჭდვა, დიზაინი, ტექსტების დამუშავება, გავრცელება და პრომოუშენი. მეორე სირთულე — მრავალფუნქციური დატვირთვაა. ხშირად ყველაფერი ერთ ადამიანს- მე მაწევს: კონტენტი, რედაქტირება, დიზაინი, პარტნიორებთან კავშირი. ეს დიდ ენერგიას მოითხოვს, მით უმეტეს ემიგრანტულ პირობებში, როცა ძირითადად შრომაში ხარ ჩართული. მესამე გამოწვევა — ინფორმაციის გავრცელება და მკითხველთან მიწვდენა. ემიგრანტები გაბნეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში. მათი დაინტერესება, გაზეთის ხელში ჩაგდება ან ციფრული ვერსიის წვდომა თავისთავად უკვე დიდი ორგანიზებას საჭიროებს.
მაგრამ ამ სირთულეებზე ძლიერი აღმოჩნდა ერთი რამ – მიზანმიმართულობა, როდესაც იცი, რატომ აკეთებ ამ საქმეს და ვისთვის, შენში ჩნდება ძალა, რომელიც დაბრკოლებებს არაფრად არ თვლის და გზას მაინც პოულობს.
– როგორია მკითხველის გამოხმაურება იტალიაში და ამერიკაში?
იტალიაში — იგრძნობოდა მადლიერება და სიხარული იმის გამო, რომ მათი ისტორია ვიღაცამ მოისმინა. კითხვების, კომენტარების და მხარდაჭერის სახით მოდიოდა უკუკავშირი. ადამიანები აფასებდნენ იმას, რომ გაზეთი მათთვის შეიქმნა.
ამერიკაში —აქ მკითხველის დამოკიდებულება უფრო მრავალფეროვანია — მათთვის გაზეთის მნიშვნელობა ხშირად სენტიმენტურია
– არის თუ არა თქვენი მიზანი ქართველ ემიგრანტებს შორის კავშირის გაძლიერება ამ გამოცემის მეშვეობით?
-დიახ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ქართველ ემიგრანტებს შორის კავშირის გაძლიერებაა. როცა შორს ხარ სამშობლოსგან, ხშირად ჩნდება განცდა, რომ დრო და მანძილი ადამიანები ერთმანეთს აშორებს. ემიგრაციაში კი განსაკუთრებით ფასობს ის სივრცე, სადაც თავს მარტო არ გრძნობ — სადაც იგებ, რომ სხვაც შენსავით ფიქრობს, განიცდის, იბრძვის და წარმატებას აღწევს. „ქართული ფესვები“ სწორედ ასეთი სივრცეა — საერთო ფესვების შემკრები, ემიგრანტთა მოზაიკის გამჭვირვალე სარკე, სადაც თითოეული ისტორია ქმნის და ერთად კი , ერთ დიდ საერთო სინათლეს. „ქართული ფესვები“ არ არის უბრალოდ გამოცემა . ეს არის ჩვენი თანამგზავრი. ის გვახსენებს, რომ მარტო არ ვართ. რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ვინ ვართ და დავინახოთ, როგორ ვიბრძვით საერთო მიზნისთვის — ადამიანობის, ღირსების და ფესვების დაცვით.
– რომ დაგებრუნებინათ დრო, რას ეტყოდით ახალგაზრდა ნინოს, რომელიც ემიგრაციაში წასვლას აპირებდა?
– პირველ რიგში გადავეხვეოდი და გულში ჩავიკრავდი. მერე კი გავამხნევებდი და ვეტყოდი: – არ შეგეშინდეს, რაც არ უნდა შეგემთხვეს, შენ უძლიერესი, მიზანდასახული და უსაზღვროდ მომთმენი ხარ. შენ ახალ ძალებს აღმოაჩენ შენში, ახალ ცხოვრებას ისწავლი და ბოლოს დაწერ ისეთ წიგნს, რომ იტყვი “ ნამდვილად ღირდა ამად…”
– როგორ ინარჩუნებთ ქართულ იდენტობას უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას?
– ქართული იდენტობის შენარჩუნებაზე არც ვზრუნავ- ის ჩემში თავად ცოცხლობს. მე არ ვცდილობ ქართველი ვიყო – მე უბრალოდ ვარ. ამ იდენტობას ჩემი ყოველდღიური არჩევანით, ურთიერთობითა და საქმიანობით ვაცოცხლებ. „ქართული ფესვები“ თავად არის ჩემი იდენტობის დამცველი და გამავრცელებელი. ეს გაზეთი არ მაძლევს უფლებას დავივიწყო ვინ ვარ.
– რა რჩევას მისცემდით იმ ქართველ ემიგრანტებს, ვინც ახლა დგას რთული არჩევანის წინაშე — დარჩეს თუ ახალი ემიგრაცია დაიწყოს?
ზოგჯერ ყველაზე დიდი სიძლიერეა დარჩე, მაშინ როცა გაქცევა ყველაზე მარტივია… თუ რჩები — დარჩი მყარად, მაგრამ არაფერს არ მისცე უფლება გაგტეხოს. არ იფიქრო, რომ ადგილზე დგომა სირცხვილია. ემიგრაცია ყოველთვის არ არის გზის დასაწყისი — ზოგჯერ ის გადარჩენის გზაა, ზოგჯერ კი დროებითი თავშესაფარი. მთავარია, არ დაკარგო თავი, სადაც არ უნდა იყო. მთავარია, დარჩე შენ ქართველი, ღირსეული და საკუთარი ცხოვრების შემოქმედი.
– რას გეგმავთ მომავალში — როგორც ხელოვანი, როგორც ემიგრანტი და როგორც მედიაგამოცემის დამფუძნებელი?
– როგორც ხელოვანი, ვგეგმავ გავაგრძელო შინაგანი სამყაროს გამოხატვა ფერებისა და ფორმის ენით. როგორც ემიგრანტი, ადამიანებთან სულ ვცდილობ ვიყო ხიდი ღირებულებების. ჩემი გამოცდილება მინდა გავუზიარო ახალ თაობას, და მათ, ვინც ჯერ კიდევ შიშით იწყებს უცხო მიწაზე ცხოვრებას. გულით მინდა შევქმნა სივრცეები, სადაც ემიგრანტი თავს მარტო აღარ იგრძნობს – სიტყვით, ხელოვნებითა და მზრუნველობით.
– როგორც მედიაგამოცემის დამფუძნებელი: “ქართული ფესვები” მალე დაბრუნდება ახალ ფორმატში. ნახევარწლიური ჟურნალის სახით. ეს იქნება არამხოლოდ კულტურულ-საინფორმაციო, არამედ სულიერი და მოტივაციური პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ემიგრანტების რეალურ ისტორიებს, სპეციალისტების რჩევებს და ქართულ ფესვებზე დაფუძნებულ ღირებულებებს.
– და როგორც ავტორი- ვმუშაობ ფსიქოლოგიურ წიგნზე, რომელიც დაიწერება ჩემი რეალური გამოცდილებების, დაკვირვებებისა და შინაგანი გარდაქმნის საფუძველზე. ეს არ იქნება მხოლოდ თეორია , ეს იქნება გზამკვლევი ადამიანისთვის, რომელსაც სჭირდება ძალის მოპოვება, საკუთარი თავის გაცნობა, ტკივილის გადალახვა და მადლიერებით აღსავსე ცხოვრება. წიგნი იქნება მრავალფენოვანი , მოტივაციური, სულიერი და პრაქტიკული. ჩავრთავ სპეციალისტების რჩევებს, რეალურ მაგალითებს და ფსიქოლოგიურ ანალიზებს , რათა მკითხველმა არა უბრალოდ წაიკითხოს, არამედ საკუთარ თავში იპოვოს პასუხები.
…საბოლოოდ, ჩემი ყველა გზა ერთ მიზანს ემსახურება – ვიყო სხვისთვის სინათლის წერტილი. იქ, სადაც სიჩუმეა – ვთქვა ჩემი სიტყვა. იქ, სადაც სიცარიელეა დავხატო. და იქ, სადაც ადამიანი საკუთარ თავს ეძებს – მივაწოდო სარკე, სადაც საკუთარ ღირებულებას დაინახავს.
ინტევიუ მოამზადა ხათუნა შარაძემ