BREAKING

გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი

წარმატებული საქმიანობა საქართველოში და ახალი ცხოვრება იტალიაში – ნადია ქარდავა ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტის” რუბრიკაში

31 წლის ნადია ქარდავა 2023 წლიდან ემიგრანტია. მას საქართველოში საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, თუმცა ოჯახთან ერთად ემიგაციაში წასვლა არჩია. ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, იტალიელები და ქართველები ტემპერამენტით, ხასიათით და სხვა თვისებებით ერთმანეთს ჰგვანან, ამიტომ ეს ქვეყანა მარტივად აირჩია. ,,ემიგრაციაში წასვლაზე გადაწყვეტილება 2023 წელს მივიღე, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ-სოციალური სიტუაცია მეტად დამძიმდა. Covid-პანდემიის შემდეგ ჩემი მეუღლე უმუშევარი დარჩა და გაგვიჩნდა არასტაბილურობის განცდა. ამასთან ერთად, ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს და მათთვის უკეთესი მომავალი ევროპაში გვესახებოდა. ბევრი არ გვიფიქრია თუ სად წავიდოდით, ორი არჩევანი გვქონდა – ესპანეთი ან იატალია.”

ნადიასთვის დაბრკოლება გარშემომყოფების პესიმიზმი აღმოჩნდა, რადგან არავინ სჯეროდა რომ უცხო ქვეყანაში იგი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად თავს დაიმკვიდრებდა, თუმცა მან ეს შეძლო. ,, პირველი ბარიერი იყო ქართველების პესიმისტური დამოკიდებულება, რომ ორი მცირეწლოვანი შვილით (იმ დროს უფროსი შვილი 3 წლის, ხოლო, უმცროსი შვილი 4 თვის იყო) ემიგრაციაში წასვლა არ იქნებოდა მარტივი. ზოგიერთს დღემდე უკვირს – აწყობილი კარიერა როგორ მივატოვე?! ხალხის ასეთმა შეძახილმა შესაძლოა ვინმეზე მართლაც იქონიოს ნეგატიური გავლენა და მოტივაცია დააკარგინოს, თუმცა, მეც და ჩემს მეუღლესაც საკუთარი თავის რწმენა და ერთმანეთის გვერდში დგომის იმედი გვქონდა. ვიცოდით, რომ ამას შევძლებდით. თუ ცხოვრებაში არ გარისკე, ვერასოდეს გაიგებ რა გამოვა და რა – არა. ჩვენ გვქონდა ოჯახის სხვა წევრების მხარდაჭერაც, ამიტომ, ვფირქობ, ჩვენ ეს შევძელით.”

ნადია ქარდავა ოჯახთან ერთად

ახალგაზრდა ემიგრანტისთვის იტალია უცხო არ იყო, რადგან იგი რამდენიმე წლის წინ, გაცვლითი პროგრამით, ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა კუნძულ სიცილიის ქალაქ კატანიაში. ,,პროგრამის დასრულების შემდეგ კი ტურისტული მიზნით ვეწვიე იტალიის სხვა რამდენიმე ქალაქსაც. ეს პერიოდი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შემყვარებოდა თავისი სტუმართმოყვარე ხალხით, ულამაზესი ენით, გასაოცარი ადგილებითა და უგემრიელესი სამზარეულოთი.”

ნადია ინგლისური ენის პედაგოგია და იგი ემიგრაციაში წასვლამდე სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, 2016 წლიდან 2023 წლამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა, პარალელურად, დასაქმებული იყო ამირიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელსაც დღემდე ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International (იგივე პროექტი ჰარმონიას თბილისის ოფისი).2015-2017 წლებში ოზურგეთში იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტში” (ყოფილი “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი”), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების აღმასრულებელ ადმინისტრაციულ ასისტენტად. ასევე, ამავე ორგანიზაციის ბაზაზე არსებულ “ინგლისურ აკადემიაში” 2015-2023 წლებში იყო ინგლისური ენის მასწავლებელიც.

2017 წელს, ახალგაზრდა ამიგრანტმა გაიარა ამერიკული ორგანიზაცია “მშვიდობის კორპუსის” მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა გადამზადების კურსი და ოფიციალურად გახდა ქართული ენის მასწავლებელი, რის შემდეგაც გურიის რეგიონში, მშვიდობის კორპუსის ინგლისური ენის ამერიკელ მოხალისე მასწავლებლებს ასწავლიდა ქართულ ენას.

2018-2019 წლებში ნადია იყო მიწვეული ტრენერი და ინგლისური ენის მასწავლებელი სასტუმრო “პარაგრაფი შეკვეთილში.

ახალგაზრდა ემიგრანტისთვის მისივე მიღწეულ წარმატებებში ამერიკაში გაცვლითი პროგრამით ვიზიტს პირველი ადგილი უჭირავს.,,მიუხედავად სხვა ბევრი საერთაშორისო დონის პროფესიული გამოცდილებისა, ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა 2022 წლის CTEL-ITT გაცვლითი პროგრამის ფინალისტობა იყო, რომლის ფარგლებშიც ვეწვიე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ავიხდინე ბავშვობის ნატვრა. გაცვლითი პროგრამის მთავარი მიზანი იყო ინტეგრირებული და გუნდური სწავლების მოდელების ამერიკული გამოცდილების შესწავლა და მისი დანერგვის ხელშეწყობა ქართულ სკოლებში.ამერიკაში ვიზიტის დროს ვეწვიე ჰარვარდის უნივერსიტეტსა და ვერმონტის შტატის საჯარო სკოლებს. სადაც საშუალება მომეცა დავსწრებოდი და დავკვირვებოდი ამერიკული საჯარო სკოლების გაკვეთილებსა და სწავლების მეთოდებს. დაკვირვებას მოჰყვა პროფესიული დისკუსია და ბრიფინგები ამერიკელ კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად.,ეს იყო, მართლაც, დაუვიწყარი პროფესიული გამოცდილება.”

ნადია იტალიაში საკუთარი პროფესიით მუშაობს. მან რამოდენიმე თვეში შეძლო და მოსწავლეების ჯგუფები დააკომპლექტა.,,ქალაქი ბარი სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ, რადგან ამ პატარა ქალაქში უამარავი ქართველია და სოციუმთან ადაპტაციაც ბევრად ადვილია. ჩემმა მეუღლემ კი საღამოს რესტორანში დაიწყო მუშაობა. !ჩამოსვლამდე, მეც და ჩემს მეუღლესაც კარგად გვქონდა გააზრებული და მზად ვიყავით პატიოსანი შრომით ნებისმიერი საქმიანობა შეგვეთავსებინა. ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი, “

ახალგაზრდა ემიგრანტს უკვე 12 წელია საკუთარი ოჯახი აქვს. იგი ამბობს რომ ბავშვების აღზრდას და კაერიერას ერთმანეთს მარტივად უთავსებს და ამაში მისი მეუღლე ძალიან ეხმარება.,, მთელი დღის მანძილზე ერთმანეთს ისე ვენაცვლებით, რომ თანაბარწილად ვართ ამ საქმეში ჩართული. შვილები ჩვენთვის პრიორიტეტია!.ჩვენი 12 წლიანი ოჯახის ფუნდამენტური პრინციპებია: გუნდური მუშაობა, ერთმანეთის პატივისცემა და მხარდაჭერა. ამის გარეშე ოჯახი მხოლოდ სიტყვებია. ოჯახი ხომ გუნდია, რომლის წევრები ერთმანეთს მხარში უდგანან და პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებენ?!

ნადია გვიყვება რომ იტალიაში ჩამოსვლამდე მან და მისმა მეუღლემ პირობა დადეს, რომ ისინი საქართველოში საცხოვრებლად აუცილებლად დაბრუნდებიან. ,,საქართველოში დაბრუნებას ვაპირებთ მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. მანამდე კი მაქსიმალურად ვეცდებით შვილებს შემოვუნახოთ ყველაზე ძვირფასი – ქართული ენა და ტრადიციები.”

ახალგაზრდა ემიგრანტი სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ იგი სწავლის და საკუთარ თავზე მუშაობის შეწყვეტას არ აპირებს. ,,მაქსიმალურად ვეცდები, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა ქართველმა ემიგრანტმა, იტალიაში თავი დავიმკვიდრო და ჩემი ადამიანური რესურსები მოვახმარო, როგორც ქართველებს, ისე იტალიელებს. იქამდე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა და ბარიერი მაქვს გადასალახი, თუმცა, ყველაფრისთვის მზად ვარ.”

რას ურჩევდა ახალგაზრდა ემიგრანტებს, ? ნადიას თქმით, მათ არ უნდა შეწყვიტონ სვლა და განვითარება.,, ნუ შეგაშინებთ სირთულეები. ადვილი არაფერია. გაბედეთ, რადგან წარმატება ისე არ მოდის. მიზნისკენ შეუპოვრად სვლა აუცილებლად მოგიტანთ გამარჯვებას, უბრალოდ, ამ ყველაფრისთვის სჭიროა უდიდესი ნებისყოფა.”

,,აპრიორი ტივი” ახალგარზდა ემიგრანტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.

სტატიის და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts