24 წლის თორნიკე ტუღუში ქალაქ ბარიში ცხოვრობს. იგი იტალიაში 2019 წელს ჩამოვიდა, მიზანი კი დედასთან სიახლოვე და ფინანურ პრობლემებთან გასამკლავებლად, საკუთარი ოჯახის დახმარება იყო.
ახალგაზრდა ემიგრანტმა ჩამოსვლისთანავე არც ისე მარტივი გზა გაიარა, რადგან დედა რთულად მოსავლელ მოხუცთან მუშაობდა და თორნიკეც იქ ცხოვრობდა. ,,მძიმე იყო იმის ყურება , რასაც დედაჩემი აკეთებდა, მეც იქ ვრჩებოდი და ვხედავდი რამხელა სირთულის გავლა უწევდა მას. ჩამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, მოხუცი გარდაიცვალა და დავრჩით საცხოვებლის გარეშე, საქართველოში დაბრუნებაზეც ვფიქრობდი,მაგრამ გავრისკეთ და სირთულეებიც გადაილახა” – გვიყვება თორნიკე
ახალგაზრდა 18 წლის იყო, როცა საქართველო დატოვა. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დამშვიდობება კი დღემდე ახსოვს, რადგან ძალიან ემოციური იყო. ,,მახსოვს მამაჩემის თბილი ჩახუტება და მეგობრების სიტყვები: ,,მალე ჩამოდი გთხოვ”, მე ვუპასუხე რომ 1 წელში ჩამოვიდოდი, მაგრამ 5 წელი ისე გავიდა რომ საქართველოში არ ჩავსულვარ”
თორნიკეს თქმით, საქართველო ძალიან ენატრება და ხშირად მის მიწა-წყალს სიზმარში ხედავს. მისი დიდი სურვილია მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდეს და იქ გააგრძელოს ცხოვრება.
ახალგაზრდა ემიგრანტის პირველი სამსახური სოფლის სახლის ეზოს დალაგება იყო. ,,მახსოვს ძალიან ცხელოდა, მე კი შუაგულ მზეზე ბალახისგან ვასუფთავებდი ხეებს” .
თორნიკე ახლა იტალიურ რესტორანში მიმტანად მუშაობს და თანაც ის რესტორნის მენეჯერიცაა. ახალი სამსახური ენის სწავლაში ძალიან დაეხმარა, რაც თავიდან ძალიან რთულად ეჩვენებოდა.
თავისუფალი დრო თორნიკეს ცოტა აქვს, თუმცა როდესაც გამოუჩნდება, იგი ვარჯიშით არის დაკავებული.
ახალგაზრდა ემიგრანტის სამომავლო გეგმები მცირე ბიზნესის წამოწყებას უკავშირდება, როგორც იტალიაში, ისე საქართველოში.
რა განასხვავებს იტალიის და საქართველოს ახალგაზრდობას? თორნიკეს აზრით ქართველები უფრო წინსვლაზე ფიქრობენ, ხოლო იტალიელები – გართობაზე. ,,იტალიელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველი რიგში, ქართველ ახალგაზრდებს უფრო მეტი მიზნები და წინსვლის სურვილი გაგვაჩნია. შეიძლება დღეს რთულ და მძიმე ლოდს ვატარებდეთ ზურგითმ მაგრამ ამ სირთულებით, ჩვენ ცხოვრების გზას ვწერთ მტკიცე და მყარ მომავალს, იტალიელი ახალგაზრდები კი სულ სხვა აზროვნებით უყურებენ ცხოვრებას. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ თუ როგორ გაერთნონ და შეირგონ ახალგაზრდობა .”
ახალგაზრდა ემიგრანტი თანატოლებს ურჩევს, რომ არც ერთი დღე ფუჭად არ გაატარონ. იგი მათ სამ მნიშვნელოვან რჩევას აძლევს. ,, სამი რამ რითაც შეგვიძლია მუდმივ განვითარებაში ვიყოთ :ივარჯიშეთ ,ისწავლეთ და იშრომეთ. თუ ამ სამივეს შეძლებთ, თქვენი შრომა აუცილებლად წინსვლის მწვერვალებს დაიპყრობს.”
,,აპრიორი ტივი” ახალგაზრდა ემიგრანტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.
სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი
აგრეთვე დაგაინტერესებთ: