,,როცა შორს ხარ სამშობლოსგან, თითოეული იმედიანი სიტყვა მეტად ძვირფასი ხდება” – ,,ახალგაზრდა ელჩი” ნინო ჩაჩუა ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი”-ს რუბრიკაში

საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში

25 წლის ნინო ჩაჩუა იტალიაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით 2023 წელს ჩამოვიდა. მან 2021 საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი წარჩინებით დაასრულა. ტუშას უნივერსიტეტში, ცირკულარული/წრიული ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის დაწყების პერიოდში იგი ,,ახალგაზრდა ელჩის” კონკურსით დაინტერესდა და მასში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, ასევე ინფორმაცია მოიძია მოქმედ ახალგაზრდა ელჩთან და მის ღონისძიებასაც დაესწრო. ნინომ საკონკურსო ეტაპები წარმატებით გადალახა და იგი იტალიაში ,,ახალგაზრდა ელჩად” შეარჩიეს. ,,ეს ფაქტი ჩემი რამდენიმე წლის წინანდელი წარმოსახვის კიდევ ერთი ხორცშესხმა იყო. ბევრჯერ მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება წლების შემდეგ და ადრე თუ გვიან, როგორღაც ყოველთვის იქ ვხვდები და იმას ვაღწევ, რაც წლების წინ ჩავიფიქრე. თუმცა, ეს ასე მარტივად არ ხდება, ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება მარტივად, ყველა ნაბიჯი დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგია. ამ პროცესში ვიზრდები და ვვითარდები. ერთ ადგილას ყოფნა დისკომფორტს მიქმნის”

ნინო გვიყვება რომ თავდაპირველად, მას ძალიან გაუჭირდა სამშობლოსგან შორს ყოფნა და მონატრების გრძნობის ფონზე, ყველგან საქართველოს შესახებ საუბრობდა, მისი სურვილი იყო რომ ყველას სცოდნოდა საკუთარი ქვეყნის შესახებ. ,,,,ახალგაზრდა ელჩის“ მანდატმა თითქოს უფრო სერიოზული სახე მისცა ჩემს ამ ჩვევას და საშუალება მომცა არა მხოლოდ სიტყვებით შემოვფარგლულიყავი, არამედ, სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება განმეხორციელებინა ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით.”

ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, მის მიერ, მანდატის ფარგლებში, განხორციელებული ღონისძიებები ძალიან ძვირფასი და საპასუხისმგებლოა, თუმცა ნინო ერთ აქტივობას განსაკუთრებით გამოარჩევს. ,,თითოეული მათგანი სხვადასხვა დატვირთვის მატარებელია, სხვადასხვა მიზანი აქვს და განსხვავებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ მქონია როგორც მეტად მასშტაბური, ასევე, სრულად იტალიურ აუდიტორიაზე მორგებული ღონისძიებები, ჩემთვის ერთ-ერთ გამორჩეულ აქტივობად რჩება რომის სამრევლოს საკვირაო სკოლასთან ,,ფესვები“ ერთად განხორციელებული ღონისძიება. ამ პატარა ადამიანებთან გატარებული დრო შეუფასებელი და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. საშვილიშვილო საქმედ ვთვლი მომავალ თაობაზე ზრუნვას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ეს პატარები სამშობლოსგან შორს იზრდებიან. ამ არაჩვეულებრივ საქმეს რომში სამრევლოს საკვირაო სკოლა და სკოლის პედაგოგები სრულიად უსასყიდლოდ აკეთებენ, სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანეს (ხელაია) კურთხევით და ნენო გაბელიას ხელმძღვანელობით.’

,,ახალგაზრდა ელჩის” სტატუსით, ნინოს რამდენიმე გამოწვევა შეხვდა, როგორიცაა ბიუროკრატიული საკითხები, გაუთვალისწინებელი მოვლენები, წვრილმანი, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების არათავსებადობა და სხვა, თუმცა იგი აღნიშნავს, რომ ახლობლების მხარდაჭერით მან ამ სირთულეების დაძლევა მოახერხა. ,,ყველაზე მნიშვნელოვან სირთულედ დავასახელებდი დროის საკითხს. დოჩანაშვილს უთქვამს, “ადამიანი ადამიანისთვის მზეა, ხელს მოგკიდებს და უცებ სიბნელე მზედ გადაიქცევა…”-ო, ამ სიტყვების მნიშვნელობა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ამ სტატუსის ტარებისას, მეტად გავიაზრე. რომ არა ჩემი ძვირფასი მეგობრები, მათი მხარდაჭერა და თანადგომა, ალბათ, ყველაფერი გაცილებით რთულად დასაძლევი აღმოჩნდებოდა ჩემთვის. როცა შორს ხარ სამშობლოსგან, თითოეული იმედიანი სიტყვა მეტად ძვირფასი ხდება, ადამიანური ურთიერთობები ფასს იძენს და „მზეც“ უფრო მკაფიოდ ანათებს.

ახალგაზრდა ემიგრანტი იტალიას როგორც მასპინძელი ქვეყანას დადებითაც აფასებს, თუმცა არის საკითხები, რაც არცთუ ისე მარტივად არ გვარდება, სწორედ ამას ასახელებს ის ყველაზე დიდ ბარიერად. ,,იტალია შესანიშნავი ქვეყანაა თავისი მდიდარი ისტორიით, ხელოვნებით, პატარა და თვალწარმტაცი ქალაქებით, სოფლებითა და სანაპირო ზოლებით, რომ არაფერი ვთქვათ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომლებიც ყოველთვის გიღიმინ და მზად არიან დაგეხმარონ. თუმცა, ეს შეფასება უფრო მართებული იქნებოდა, როცა ამ ქვეყანას დამთვალიერებლის/ტურისტის გადმოსახედიდან უყურებ. ხოლო როცა იტალიაში ცხოვრება გიწევს, გარდა ბევრი დადებითისა, აუცილებლად ხედავ ნაკლოვან მხარესაც, რომელიც ჩემთვის, პირველ რიგში, ბიუროკრატიული პროცესების „მრავალსაფეხურობრივობას“ უკავშირდება, და ფაქტს, რომ იტალიელები ვერ მეგობრობენ დროსთან.”

ნინო ჩაჩუა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში

ნინო ამბობს, რომ საქართველოში სტუდენტებს უფრო მეტი შრომა უწევთ, ვიდრე ეს იტალიაშია და განსხვავებაც სწორედ ამაშია. ,,ძალიან ვაფასებ განათლების სისტემის წყობას და სტუდენტების მხარდამჭერ პროგრამებს, რაც პირადად ჩემთვის, როგორც საერთაშორისო სტუდენტისთვის ბევრს ნიშნავს, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში სტუდენტებს მეტი შრომა გვიწევს კარგი აკადემიური შედეგების მისაღებად, თუნდაც სტიპენდიის ან სხვა დაფინანსების მოსაპოვებლად, ვიდრე ადგილობრივ (თუ საერთაშორისო) სტუდენტებს იტალიაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახის დაბრკოლებები არ გვხვდება, რაც პირადად ჩემთვის, სწავლების განსხვავებულ მიდგომებში და უპირატესობების სხვადასხვაგვარად გადანაწილებაში გამოიხატება

ახალგაზრდა ემიგრანტი ამჟამად ჩეხეთში, ტომას ბატას სახელობის უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამით სწავლობს და იქ ერთ სემესტრს გაატარებს. აღნიშნული სასწავლებელი ქართულ უნივერსიტეტებთანაც თანამშრომლობს. ,,ამ ქვეყანაში და ასევე, უნივერსიტეტში, გარდა სწავლების მეთოდისა, რაც ყველაზე ძალიან მომწონს არის ის, რომ აფასებენ დროს, უპირატესობას ანიჭებენ ხარისხს, გამოირჩევიან წესრიგით და არიან დეტალებზე ორიენტირებულნი.”

ნინოს თქმით, ამ ბოლო დროს უცხო ენების მიმართ დაინტერესება გაუღრმავდა და აპირებს ახალი ენებიც შეისწავლოს.

რას ეტყოდა ემიგრანტებს? ახალგაზრდა ამ კითხვაზე გვპასუხობს, რომ ემიგრანტებზე ფიქრისას მას დანაშაულის და მადლიერების გრძნობა ერთდროულად უჩნდება. ,,თავს დამნაშავედ იმიტომ ვგრძნობ, რომ ალბათ, მეც, როგორც მოქალაქეს, მცირედი წვლილი მიმიძღვის, რომ მათ საქართველოსგან შორს ცხოვრება უწევთ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. მადლიერებას ვგრძნობ მათ მიმართ, რადგან თავიანთ წლებს სწირავენ ოჯახის კეთილდღეობას და გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ მათ მიერ განხორციელებულ გზავნილებზეა დამოკიდებული. მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ თითოეულ ემიგრანტს, მალე მიეღწიოთ სასურველი მიზნისთვის, რის გამოც ათასობით კილომეტრით შორს ცხოვრება უწევთ და მალე, სამშობლოში შეძლებოდეთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.”

ნინო თანატოლებს ურჩევს, რომ საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა არასოდეს შეწყვიტონ და ამაში მათ სამი რამ დაეხმარება: ,,მთავარია დისციპლინა, საკუთარი თავის რწმენა და ბეჯითად სვლა მიზნისკენ. ეს ყველაფერი ერთიორად რთულდება, როცა ემიგრაციაში ხარ, სამშობლოსგან, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისგან შორს. თუმცა, ამან არ უნდა დაგთრგუნოთ და პირიქით, ორმაგი სვლით დაიწყოთ ბრძოლა უკეთესი მომავლისკენ. იღბალს და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ახალგაზრდას, პირნათლად შეგვესრულებინოს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ღირსეულად წარმოგვეჩინოს სამშობლო უცხო მიწაზე”

,,აპრიორი ტივი” ახალგაზრდა ემიგრანტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.

სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი

Exit mobile version