ნატო კიკნაძე და სტეფანე თამაზაშვილის ოჯახი 2018 წლიდან ცხოვრობს ემიგრაციაში. ისინი იტალიაში ჩამოვიდნენ პატარა, ოთხი წლის ნინასთან ერთად და დასახლდნენ პატარა პროვინციაში – სპინაძოლაში, რომელიც ბარლეტას ეკუთვნის.
ნინას საბავშვო ბაღში სიარული ორი წლის განმავლობაში მოუწია, შემდეგ კი უკვე სკოლაში შევიდა. ახლა ის უკვე 11 წლისაა და მეხუთე კლასის მოსწავლეა. ნატოს და სტეფანეს კიდევ ერთი შვილი ჰყავთ – დანტე თამაზაშვილი, რომელიც უკვე 3 წლისაა და იტალიაში დაიბადა.
ნატო იხსენებს:
„საქართველოში ჩასვლა ჯერ ვერ მოვახერხეთ… სულ რაღაც გვაფერხებდა – საბუთების მოგვარება, პროცედურები… მაგრამ აუცილებლად წავალთ ახლო მომავალში. ნინა სულ გვეკითხება – როდის ჩავალთ საქართველოში? პატარა იყო ძალიან რომ წამოვიყვანეთ და არაფერი ახსოვს, მაგრამ ჩვენ სულ ვუყვებით საქართველოზე.“
ნინა გამართულად საუბრობს იტალიურად და ქართულად. სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობს – განსაკუთრებით უყვარს ინგლისური, გეომეტრია და გრამატიკა. თითქმის ყველა საგანში მაღალი ნიშნები აქვს. სპინაძოლაში ქართველები არ ცხოვრობენ, ამიტომ ნინას ძირითადად იტალიელი მეგობრები ჰყავს. თუმცა ნატოს თქმით, როცა იშვიათად ნახავენ იმ ერთ ქართულ ოჯახს, რომელსაც იცნობენ, ნინას სახე თითქოს განათდება – სულ სხვა ნათება აქვს თვალებში, ბედნიერება იკითხება მის ყველა მოძრაობაში.
ნინას აქტიური ცხოვრება სოციალური ქსელშიც გადმოაქვს – აქვს საკუთარი ინსტაგრამ-პროფილი: Nin.studies_vlog, სადაც თავის იტალიელ მეგობრებს ქართულ ანბანს ასწავლის.
„ძალიან ბევრს აინტერესებს და მინდა ქართულად წერაც ვასწავლო. ძალიან მსიამოვნებს ეს საქმე,“ – ამბობს ნინა.

მუსიკალური, მხიარული, ცოცხალი ბავშვია. სახლში ყოველთვის მუსიკა ჟღერს. ერთხანს ვიოლინოზე დადიოდა, მაგრამ შემდეგ ცეკვა აირჩია და უკვე მესამე წელია ლათინურ ცეკვებზე დადის.
„ვიოლინოც მომწონდა, მაგრამ დრო არ მრჩებოდა. ცეკვა ავირჩიე. თავიდან წყვილში ვცეკვავდი, ახლა სოლო ნომრები მაქვს. ცეკვა რომ დავიწყე, მხოლოდ ორი თვე ვიყავი ჩართული, როცა პირველ შეჯიბრზე გავედი და ფინალში მოვხვდი. ხუთ თვეში ისევ მონაწილეობა მივიღე და უკვე პირველი ადგილი ავიღე. ამჟამად 12 მედალი მაქვს, მათ შორის 5 – პირველის,“ – გვიყვება ნინა.
ნატო ემოციურად იხსენებს ცეკვის კონკურსებზე მოზაურობას:
„ძალიან ხშირად გვიწევს ქალაქიდან ქალაქში სიარული – ნაპოლი, ტარანტო… დეკემბრიდან თითქმის ყოველ თვეა შეჯიბრი. ძალიან ბევრი მონაწილეა ხოლმე – ზოგჯერ 600-მდე. ნინას გამოსვლას ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ. როცა პირველ ნომრად ასახელებენ, ვკანკალებ… მამა ძირითადად დანტესთან რჩება სახლში. ნინა რომ გამარჯვებული ბრუნდება, მამა კარებში ხვდება და ეუბნება: „მოვიდა ჩემი ჩემპიონი.“
სულ მინდა ქართველებს შევხვდე კონკურსებზე. ერთი მოსაცმელი მაქვს, რომელზეც ქართული ასოები მაქვს მოქარგული – იმიტომ ვიცმევ, იქნებ ვინმემ შემამჩნიოს და მიხვდეს, რომ ქართველი ვარ.“
გარდა ცეკვისა, ნინას ხატვაც უყვარს – მომავალში დიზაინერობა უნდა და ოცნებობს, რომ დუბაიში იცხოვროს.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს – ჯუზეპეს და ფაუსტას. მათი დამსახურებაა, რომ მე ცეკვაზე დავიწყე სიარული და წარმატებას მივაღწიე. მამა მუშაობდა ჯუზეპესთან ხორცის მაღაზიაში და მან ურჩია, რომ ცეკვაზე მივეყვანე.“
ვუსურვოთ ნინას კიდევ ბევრი წარმატება, პირველი ადგილები და ახდენილი ოცნებები!
ინტერვიუ მოამზადა ემიგრანტმა ქეთი ტუშურმა
იტალია/ბარი