ავტორი — ხათუნა შარაძე | AprioriTV
კვირა საღამოს რესტორანში დაახლოებით სამასი სტუმარი იყო. ზოგ მაგიდასთან ოცდაათი თუ ორმოცი ადამიანი იჯდა. შეკვეთები თითქმის ერთდროულად შემოვიდა და სამზარეულოში ყველაზე მეტად მათ გაუჭირდათ, ვინც აპეტაიზერებსა და პირველ კერძებს ამზადებდა. ერთ მომენტში ამირან მაისურაძეც დაიბნა. მიხვდა, რომ დახმარება სჭირდებოდა და შეფს სთხოვა, შეკვეთების მართვა თავად გაეგრძელებინა. შეფმა მთელი ბრიგადა გააჩერა, თანამშრომლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და უთხრა, თავი ხელში აეყვანათ და მუშაობა მშვიდად გაეგრძელებინათ.
დღეს იტალიური რესტორნის სამზარეულოს ამირანი ხელმძღვანელობს. იმ კვირა საღამოს კი ჯერ კიდევ სხვისგან სწავლობდა, როგორ უნდა მოიქცეს შეფი, როცა დიდი დატვირთვის დროს გუნდი იბნევა. მაშინ დახმარება ითხოვა. ახლა თავად არის ადამიანი, ვისგანაც ბრიგადა ასეთ წუთებში გადაწყვეტილებას ელის.
რესტორანი, სადაც პირველად უარი უთხრეს
ამირან მაისურაძე გურიაში, ჩოხატაურში დაიბადა და ბავშვობა სოფელში გაატარა. საბაზო განათლება საქართველოში მიიღო, 2009 წელს კი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. ერთი წლის შემდეგ კასტელანა გროტეში, „ანჯელო კონსოლის“ სასწავლებელში ჩაირიცხა, სადაც ბარ-რესტორნის მართვის მიმართულებით სწავლობდა. მაშინ, როგორც თავად ამბობს, ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, რამდენს მისცემდა ეს სასწავლებელი და რა ადგილს დაიკავებდა მის პროფესიულ ცხოვრებაში.
იტალიაში მუშაობის პირველ წლებში ერთ-ერთი პირველი დაბრკოლება ენა იყო. ყოველდღიური საუბრისთვის საჭირო იტალიურს სამუშაოზე გამოყენებული ტერმინებიც ემატებოდა, რომელთა ათვისებას დრო სჭირდებოდა. ერთ-ერთ რესტორანში სამუშაოდ რომ მივიდა, გამოცდილების არქონის გამო უარი უთხრეს. რამდენიმე თვის შემდეგ კოლეგამ სწორედ იმავე რესტორანში შესთავაზა მუშაობა. ამირანი დათანხმდა.
ერთ დღეს, მომსახურების დასრულების შემდეგ, რესტორნის მეპატრონესთან მივიდა და ჰკითხა, ახსოვდა თუ არა ის ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ სამუშაოზე უარი უთხრა. ამ ამბავს დღემდე განსაკუთრებულად იხსენებს. უნდოდა, მეპატრონეს მისი შრომით დაენახა, რამდენის სწავლა და გაკეთება შეძლო იმ რამდენიმე თვეში.

„დღეს რომ იმ ადამიანს შევხვდე, ალბათ მადლობასაც გადავუხდიდი, რადგან მაშინდელმა უარმა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა“, — ამბობს ამირანი.
ბარიდან სამზარეულოში
პროფესიული გზა ოფიციანტად დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ ბარში გადავიდა და 2018 წლამდე ბარმენად მუშაობდა. სტუმართან ურთიერთობა და მომსახურების წესები უკვე კარგად იცოდა, როცა კულინარიისადმი ინტერესმა სამზარეულოში მიიყვანა.
იქ ყველაზე რთული ტემპთან შეგუება აღმოჩნდა. უნდა ესწავლა პროდუქტების პროფესიულად დამუშავება, მომზადების ტექნიკა და რამდენიმე კერძზე ერთდროულად მუშაობა ისე, რომ დატვირთვის მიუხედავად ხარისხი შეენარჩუნებინა. არაერთხელ გაიფიქრა, რომ ბარიდან სამზარეულოში გადასვლა და იქ საკუთარი ადგილის დამკვიდრება იმაზე რთული იყო, ვიდრე წარმოედგინა. გუნდის მართვა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. საკუთარ კერძთან ერთად მთელი სამზარეულოს მუშაობაზე, გუნდის შეთანხმებულ მოქმედებასა და თითოეული კერძის ხარისხზეც უნდა ეზრუნა.
უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის პროფესიულად დამკვიდრება მარტივი არ ყოფილა. ამირანს მკაფიო მიზანი ჰქონდა — მიეღწია იმ ეტაპისთვის, როცა სამზარეულოში გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებდა და მათ შედეგზეც თავად აგებდა პასუხს. სხვადასხვა ხელმძღვანელისგან ისწავლა, როგორ შეენარჩუნებინა დისციპლინა და როგორი სიმკაცრე სჭირდებოდა გუნდთან მუშაობისას. სამასი სტუმრის საღამომ კი დაანახა, რა მნიშვნელობა აქვს გამოცდილი შეფის გვერდით ყოფნას, როცა მთელი ბრიგადა დატვირთულია და ვინმემ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააგრძელონ მუშაობა.
შეკვეთა, რომელიც შეფის წასვლის შემდეგ გამოჩნდა
შეფის დამხმარედ მუშაობისას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა იშვიათად ჰქონდა. რამდენჯერმე საკუთარი იდეით მოამზადა კერძი და სტუმრებისგან კომპლიმენტებიც მიიღო. თუმცა ერთი შემთხვევა განსაკუთრებით ახსოვს.
შეფს სხვა რესტორანში უხმეს, სადაც მისი დახმარება სჭირდებოდათ. წასვლის წინ ამირანს უთხრა, რომ მომსახურება დასრულებული იყო და მხოლოდ დესერტების გატანა რჩებოდა. ცოტა ხანში სამზარეულოში ოფიციანტი შემოვიდა. ერთ-ერთ მაგიდასთან სტუმრები შეკვეთილ კერძს ჯერ კიდევ ელოდნენ. ოფიციანტმა ამირანს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა მის მომზადებას.
ამირანი მაშინვე დათანხმდა. კერძი მოამზადა, ოფიციანტს გაატანა და ცოტა ხანში იმავე მაგიდიდან კომპლიმენტი მიიღო. მისთვის იმ კომპლიმენტს განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. იმ საღამოს იგრძნო, რომ საჭიროებისას შეეძლო გადაწყვეტილება თავად მიეღო და პასუხისმგებლობაც აეღო. ამგვარმა შემთხვევებმა გაუმყარა სურვილი, ერთ დღეს თავად გამხდარიყო მთავარი მზარეული.
რა იცის შეფმა, რომელსაც დარბაზშიც უმუშავია
ერთხელ ოფიციანტი სამზარეულოში შემოვიდა და ამირანს უთხრა, რომ სტუმარს პასტა არ მოეწონა. ამირანმა მაშინვე შესთავაზა, კერძი თავიდან მოემზადებინა, ამჯერად სტუმრის სურვილის მიხედვით. სხვა დროს, როცა დატვირთვის გამო ერთ-ერთ მაგიდას შეკვეთის მოლოდინი გაუგრძელდა, გუნდმა სტუმრებს ბოდიშის ნიშნად აპეტაიზერი გაუგზავნა.
სტუმრის სურვილების გათვალისწინება ხშირად კერძის შეცვლასაც მოითხოვს. ამირანს უწევს გაითვალისწინოს როგორც სტუმრის გემოვნება, ისე კონკრეტულ ინგრედიენტზე ალერგიის შესახებ ინფორმაცია. ასეთ დროს სამზარეულომ ზუსტად უნდა იცოდეს, რა უთხრა სტუმარმა ოფიციანტს.
დარბაზსა და სამზარეულოს შორის აზრთა სხვადასხვაობა ზოგჯერ ბუნებრივია, ამბობს ამირანი. თავად ორივე მხარეს უმუშავია და იცის, რა სირთულეს შეიძლება წააწყდეს ოფიციანტი დარბაზში. როცა კოლეგა პრობლემით შედის სამზარეულოში, სთხოვს, დამშვიდდეს და ზუსტად აუხსნას, რა მოხდა. შემდეგ გამოსავალს ერთად ეძებენ. მისთვის შეფის პასუხისმგებლობაში სტუმრის საჭიროებების გაგებაც შედის და დარბაზის თანამშრომლების შრომის დაფასებაც.
„იმ წამს არც კი ვიცოდი, რა უნდა მეთქვა მათთვის“
ერთ საღამოს ოფიციანტი სამზარეულოში შევიდა და ამირანს უთხრა, რომ ერთ-ერთ მაგიდასთან ქართველები ისხდნენ. ამბავმა ააღელვა. სტუმრებს რესტორნის მენიუდან იტალიური კერძები მოუმზადა. როდესაც მათ გაიგეს, რომ შეფიც ქართველი იყო, ოფიციანტს სთხოვეს, თუ შეძლებდა, მათ მაგიდასთან მისულიყო.
სწორედ ამ თხოვნამ ააღელვა ყველაზე მეტად. „სიმართლე გითხრათ, იმ წამს არც კი ვიცოდი, რა უნდა მეთქვა მათთვის“, — იხსენებს ამირანი.
მაინც გავიდა დარბაზში, მაგიდასთან მივიდა და სტუმრებს გაესაუბრა. კერძებითაც კმაყოფილები დარჩნენ და შეხვედრითაც. იმ დღეს თანამემამულეებმა მას წარმატება უსურვეს. ამირანს ამ შეხვედრის გახსენებისას დღემდე ახსოვს, რა იგრძნო, როდესაც უცხო ქვეყანაში, საკუთარ სამუშაო ადგილზე, თანამემამულეებს უმასპინძლა. იმ საღამოს, როგორც თავად ამბობს, კიდევ ერთხელ იგრძნო, რამდენად ძვირფასია მისთვის ქართული წარმომავლობა, სადაც უნდა იყოს.
ბებიის ქოთნის ლობიო და კეცზე გამომცხვარი მჭადი
ჩოხატაურში, ბავშვობის სუფრასთან რომ დავბრუნდეთ, ამირანი ამბობს, რომ მაგიდაზე აუცილებლად ბებიის ქოთნის ლობიო და კეცზე გამომცხვარი მჭადი დაგვხვდებოდა.
ოჯახში კერძებს უმეტესად ბებია ამზადებდა. როგორც ამირანი იხსენებს, ბებია იმით აკეთებდა სადილს, რაც შინ ჰქონდა, და ისეთი კერძები გამოსდიოდა, რომელთა გემოც შვილიშვილს დღემდე ახსოვს. თავად მომზადებაში იშვიათად კი არ ერთვებოდა, უბრალოდ გვერდიდან უყურებდა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მისი პროფესია სწორედ სამზარეულოს დაუკავშირდებოდა.
ბებიის ლობიოს გემოს გახსენებისას ამირანი ბავშვობაზე, ოჯახსა და ბებიის სითბოზე საუბრობს. დღეს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძებს ამზადებს, მაგრამ იმ ქოთნის ლობიოს გემო მისთვის დღემდე განსაკუთრებულია.
თხუთმეტი წუთი შინ
რესტორანი გვიანობამდე მუშაობს. ამირანი ხშირად შინ ძალიან გვიან, დაღლილი და ენერგიის გარეშე ბრუნდება. მისი მეუღლე ასეთ საღამოებში ხშირად საათს უყურებს და არ იძინებს. ელოდება, რომ სახლში დაბრუნებულს გვერდით მიუჯდეს, თუნდაც სულ თხუთმეტი ან ოცი წუთით, სანამ ორივე დასაძინებლად წავა.
„შეიძლება ეს ვიღაცისთვის პატარა დეტალი იყოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, — ამბობს ამირანი. ყოფილა საღამოები, როცა მეუღლის სიტყვებს მისთვის ძალა დაუბრუნებია და მეორე დღეს თავისი საქმის გაგრძელების სურვილი გაუძლიერებია.
პატარა გოგონას ჯერ ბოლომდე არ ესმის, რა პროფესიისაა მამა. სამაგიეროდ, როცა ამირანი სახლში საჭმელს ამზადებს, გოგონას ყოველთვის მის გვერდით უნდა ყოფნა და ცდილობს, კერძის მომზადებაში დაეხმაროს. ამირანისთვის ეს განსაკუთრებული ბედნიერებაა. სწორედ ოჯახის შესახებ საუბრისას იხსენებს იმ დღეებსაც, როცა სამუშაოს გამო მათთვის მნიშვნელოვან მომენტებს, მათ შორის დაბადების დღეებს, ვერ ესწრება. ოჯახის გვერდით ყოფნისთვის დარჩენილი ცოტა დრო მისთვის პროფესიის ყველაზე მტკივნეული მხარეა. მეუღლესა და შვილს კი იმ ადამიანებად ასახელებს, ვინც ყოველდღე აძლევს ძალას, თავისი საქმე გააგრძელოს.
რას ეტყოდა შეფი ამირან მაისურაძე საკუთარ თავს 2010 წელში რომ დაბრუნდეს?
2010 წელში დაბრუნება, რომ შეიძლებოდეს, ამირანი დღეს თავისი სამზარეულოს კარს შემოაღებეს, როგორც თავად წარმოუდგენია და პირველ რიგში გაწონასწორებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს დაინახავს. ყველაზე მეტად კი ის გააკვირვებდა, რომ გადაწყვეტილებებს თავად იღებს, ბრიგადას ხელმძღვანელობს და პასუხს მთელი სამზარეულოს მუშაობაზე აგებს.
ამირანს დღესაც აქვს პროფესიული და ცხოვრებისეული მიზნები. იცის, რომ მათ მისაღწევად კიდევ ბევრი შრომა, მოთმინება და სიმტკიცე დასჭირდება. საკუთარ თავს დასრულებულ პროფესიონალად არ მიიჩნევს. ამბობს, რომ სამზარეულოში ყველაზე მნიშვნელოვანია, სწავლა არასოდეს შეწყვიტო.
იმ ახალგაზრდა ამირანს კი, რომელიც „ანჯელო კონსოლიში“ სწავლას იწყებდა და ჯერ არ იცოდა, სად მიიყვანდა ეს არჩევანი, დღეს ასე მიმართავდა:
„ხედავ, შენ ეს შეძელი! მაგრამ არ გაჩერდე, რადგან წინ კიდევ უფრო მეტი გაქვს გასაკეთებელი.“